ახალი ამბები

აბაშიშვილი: ლოგიკური ხომ არ იქნებოდა პრეზიდენტისთვის კონსტიტუციით ხასიათის გამოვლენის აკრძალვაც

4 მარტი, 2017 • 2834
აბაშიშვილი: ლოგიკური ხომ არ იქნებოდა პრეზიდენტისთვის კონსტიტუციით ხასიათის გამოვლენის აკრძალვაც

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას პასუხობს:

“დღეს საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ გაგვაცნო მისეული ხედვა ქვეყანაში მიმდინარე კონსტიტუციურ პროცესებთან დაკავშირებით. მისი თქმით, ქვეყანაში კონსტიტუცია უნდა იცვლებოდეს არა ფუნდამენტურ ანალიზზე დაყრდნობით, არამედ პრეზიდენტის კომენტარების ხასიათიდან გამომდინარე. თუ კომენტარის ხასიათიდან გამომდინარე უნდა იცვლებოდეს საკონსტიტუციო მოდელები ქვეყანაში, მაშინ უფრო ლოგიკური ხომ არ იქნებოდა, საქართველოს კონსტიტუციაში პირდაპირ ჩაგვეწერა ხასიათის გამოვლენის აკრძალვის ვალდებულება საქართველოს პრეზიდენტის, მედიისა და საზოგადოებისთვის,” – განაცხადა აბაშიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.

ირაკლი კობახიძემ დღეს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სხდომის დაწყებამდე პრეზიდენტის 3 მარტს გაკეთებულ განცხადებაზე შეფასებები გააკეთა და პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით თქვა, რომ თუ საქართველოს პრეზიდენტი “გააგრძელებს არაკორექტული განცხადებების კეთებას, ამ შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ ჩვენი პოზიციის გადახედვაზე და ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ იმაზე, რომ პირდაპირი არჩევნები არ ჩავატაროთ მომავალ წელს და პირდაპირ გადავიდეთ არაპირდაპირ არჩევნებზე.”

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო კომისია პრეზიდენტის არჩევითობის წესის ცვლილებას ერთი პოლიტიკოსის გამო აპირებს და მოქმედი პრეზიდენტის მიმართ მათი შეხედულებების მიხედვით ხელმძღვანელობს. განცხადება მარგველაშვილმა 3 მარტს რუსთავი 2-თან დაკავშირებით საგანგები ბრიფინგზე გააკეთა.

მასალების გადაბეჭდვის წესი