ახალი ამბები

კობახიძე: თუ პრეზიდენტი გააკეთებს არაკორექტულ განცხადებებს, ვიფიქრებთ არჩევის წესზე

4 მარტი, 2017 • 14937
კობახიძე: თუ პრეზიდენტი გააკეთებს არაკორექტულ განცხადებებს, ვიფიქრებთ არჩევის წესზე

“ეს არის სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დისკრედიტაციის შეგნებული მცდელობა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის სრულიად შეგნებული მცდელობა. სხვა შეფასება – და ეს არის მძიმე შეფასება, მე არ შემიძლია მივცე პრეზიდენტის ამ განცხადებას,” – ასე გამოეხმაურა პარლამენტისა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას, რომელიც ეხებოდა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობას.

“ჩვენ ყველამ ვიცით რა ტიპის განხილვა გვაქვს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში და ერთ-ერთი მთავარი საფუძველი იმისა, რომ ჩვენი მხრიდან გაჟღერდა პოზიცია პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით, სწორედ ეფუძნებოდა იმას, რომ სუბიექტურ მოსაზრებებზე არ ყოფილიყო არც ერთი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში,” – ამბობს კობახიძე.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის უფლება-მოსილებები იმდენად არის შეკვეცილი, რომ მასში არსებითი ცვლილებების შეტანა შეუძლებელია და აქედან გამომდინარე განცხადებები, იმასთან დაკავშირებით, რომ კომისიის მთავარი მოტივაცია ერთი პოლიტიკოსის უფლებების შეზღუდვაა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.

„რაც შეეხება იმას, რომ თითქოს პრეზიდენტის დახმარებით ჩვენ იძულებულები გავხდით, საზოგადოებამ გვაიძულა, რომ გადავსულიყავით არაპირდაპირი არჩევნების წესზე მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩატარდებოდა მომავალ წელს პირდაპირი არჩევნები, აქ ჩვენ სრულიად სხვა მოვლენებთან გვაქვს საქმე. კიდევ ერთხელ, ჩვენ კიდევ ერთხელ ანგარიში გავუწიეთ ძალიან ბევრ რამეს. სისტემური მიდგომიდან გამომდინარე ჩვენ მიგვაჩნია, რომ უმჯობესია, საქართველოს პრეზიდენტის არაპირდაპირ არჩევნებზე გადავიდეთ და ეს ეფუძნება იმ სისტემის საერთო ხედვას, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ ჩვენი პოზიციიდან. და ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენ ეს პოზიცია წარმოვადგინეთ, ჯერ პირდაპირი და შემდეგ არაპირდაპირი არჩევნები, მათ შორის იყო ის, რომ ჩვენ პრეზიდენტის პოზიციასაც გავუწიეთ ანგარიში. პრეზიდენტის პოზიცია იყო ის, რომ მისი შეხედულებით, ჯობდა ჩვენ მომავალ წელს არ გაგვეუქმებინა პირდაპირი არჩევნები. ჩვენ ანგარიში გავუწიეთ პრეზიდენტის ამ პოზიციასაც და ესეციყო საფუძველი იმისა, რომ არჩევანი შევაჩერეთ ორსაფეხურიან რეფორმაზე.

თუ საქართველოს პრეზიდენტი გააგრძელებს არაკორექტული განცხადებების კეთებას, ამ შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ ჩვენი პოზიციის გადახედვაზე და ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ იმაზე, რომ პირდაპირი არჩევნები არ ჩავატაროთ მომავალ წელს და პირდაპირ გადავიდეთ არაპირდაპირ არჩევნებზე. კიდევ ერთხელ – თუ პრეზიდენტი გააგრძელებს არაკორექტული განცხადებების გაკეთებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

სხვა განცხადების გაკეთება მე პრეზიდენტის ამ არაკორექტულ განცხადებასთან დაკავშირებით უბრალოდ არ შემეძლო,” – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო კომისია პრეზიდენტის არჩევითობის წესის ცვლილებას ერთი პოლიტიკოსის გამო აპირებს და მოქმედი პრეზიდენტის მიმართ მათი შეხედულებების მიხედვით ხელმძღვანელობს. განცხადება მარგველაშვილმა 3 მარტს რუსთავი 2-თან დაკავშირებით საგანგები ბრიფინგზე გააკეთა.

მასალების გადაბეჭდვის წესი