ახალი ამბები

დვალი: რ2-ზე ცენზორად არ დავბრუნდები

3 მარტი, 2017 • 8434
დვალი: რ2-ზე ცენზორად არ დავბრუნდები

“მე რ2-ზე ცენზორად არ დავბრუნდები. მე არ დავუშვებ, რომ რ2-ზე იყოს ცენზურა. თუ თეორიული შანსი მაინც იქნება ისეთი კონფიგურაციის, რომლის მიხედვითაც მე ამის კონტროლისა და დაცვის მექანიზმი არ მექნება, ვაცხადებ, ასეთ რ2-ში წილის დაბრუნება არ მაინტერესებს. მე ჩავთვლი, რომ რ2 ისევ მითვისებულია და გავაგრძელებ ბრძოლას ბოლომდე. აქ ჩემთვის კომპრომისი არ არსებობს”, – ეს განცხადება ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დამფუძნებელმა, წილის 30%-ის ყოფილმა მფლობელმა დავით დვალმა გააკეთა პირველი არხის გადაცემა “რეალურ სივრცეში”.

დვალმა მოყვა იმ შეთანხმების შესახებ, რომელიც მას აქიმიძესთან ერთად ქიბარ ხალვაშთან აკავშირებს. დვალი ამბობს, რომ იზიარებს შეშფოთებას ტელესივრცეში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

“მე კონსულტაცია ბევრ იურისტთან გავიარე. ის პირობები, რაზეც ჩვენ მაშინ შევთანხმდით და გამოვაცხადეთ, პრინციპში გარანტია იყო. პარიტეტი იყო, რომელშიც ჩადებულია, რომ მენეჯმენტი ჩვენია, პლუს იქ იყო ლაპარაკი ინვესტიციაზე, რომელიც წინასწარ ჩაიდება და არ იქნება წილობრივი შენატანი. ეს იყო ის საფუძველები, რაზეც ჩვენ ვთქვით, რომ მისაღებია. ბევრ იურისტს ვაჩვენეთ და გვითხრეს, რომ ეს არის იგივე საკონტროლო პაკეტი იმიტომ, რომ თქვენი ნებართვის გარეშე სხვა პარტნიორი ვერ მიიღებს გადაწყვეტილებასო. ეს იყო ამოსავალი წერტილი”, – ამბობს დვალი და დასძენს, რომ მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა.

“დღეს მე ვიზიარებ იმ შეშფოთებას, რომ რაღაც ტელესივრცეში ისე არ ხდება. [განგაშის] ბოლო ზარი ჩემთვის იყო საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე პროცესები. მე ძალიან შეშფოთებული ვარ იმით რაც აქ ხდება. ახალი მენეჯმენტიდან ვისაც ვიცნობ, ძალიან დიდ პატივს ვცემ და მითუმეტეს გაკვირვებას იწვევს ეს ყველაფერი. [გეგმის] რამდენიმე ვერსია, კომპრომისული ვარიანტები დადეს და ყველგან მაინც თეთრი ძაფით ნაკერივით ჩანს, რომ იმ გადაცემებს ემტერებიან, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანი და აქტუალურია, რომ ეთერში იყოს. ეს შემაშფოთებელია. ამ ფონზე ძალიან სერიოზული არგუმენტები მისცეს ოპონენტებს იმის სალაპარკაოდ, რომ ამ ყველაფერს კამპანიური ხასიათი აქვს და რ2 ერთ-ერთი… საზმაუს პროცესებმა ძალიან ნეგატიური ფონი შეუქმნა ამ ყველაფერს”, – თქვა დვალმა.

რ2-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს მიაკუთნა, მას ბიზნესმენთან კომუნიკაცია ჰქონდა, თუმცა ჯერ არ შეხვედრია და არ ულაპარაკიათ.

“მოვისმენ რას ფიქრობს ქიბარი, მაგრამ მინდა ერთი რაღაც იცოდეს საზოგადოებამ, რომ მე რ2-ზე ცენზორად არ დავბრუნდები. მე არ დავუშვებ, რომ რ2-ზე იყოს ცენზურა. თუ თეორიული შანსი მაინც იქნება ისეთი კონფიგურაციის, რომლის მიხედვითაც მე ამის კონტროლისა და დაცვის მექანიზმი არ მექნება, ვაცხადებ, ასეთ რ2-ში წილის დაბრუნება არ მაინტერესებს. მე ჩავთვლი, რომ რ2 ისევ მითვისებულია და გავაგრძელებ ბრძოლას ბოლომდე. აქ ჩემთვის კომპრომისი არ არსებობს.

პირველ ინსტანციაში გამარჯვების შემდეგ ჩვენ [ხალვაშთან] გვქონდა მსჯელობა თემაზე, რომელიც ეხებოდა იმას თუ ვინ უნდა დაგვენიშნა რ2-ში ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე. ჩვენ შევხვდით ძალიან პრინციპულ, კარგ პროფესიონალს და სამივე ვუმტკიცებდით რომ ჩვენ გვაქვს შანსი რ2 დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, თავისუფალი გავხადოთო. რატომ ვყვები ამას? ბოლო დღეები ჭორების სახით მუსირებს ინფორმაცია, რომ იმ კონკრეტულ თანამდებობაზე, რომელზეც ვლაპარაკობდი, სხვა გვარს ასახელებენ. ეს ინფორმაცია ჯერ დაზუსტებული არ მაქვს. იმის თქმა მინდა, რომ ასე არ არის. ჩვენ თუ შევთანხმდით, ჩემთვის ეს ყველაზე ფასეულია. ეს ჩემი გაკეთებული ტელევიზიაა, მე არ მინდა რ2-ში ვიღაცას ვემორჩილებოდე, ვიღაცის ზარს ველოდებოდე: რაღაც [ნიუსი/სიუჟეტი] გავუშვა თუ არა ეთერში. ეს სრულიად მიუღებელია ჩემთვის. ამ ტელევიზიას იმიტომ გადავყევით, რომ გვიყვარდა ამ საქმის კეთება. მე არ მინდა ტელევიზიაში ვიღაცის მსახურად ვიყო და არც არასდროს ვიქნები. თუ ამის საფრთხე იქნება იმ ტელევიზიაში არ მივალ. ჩავთვლი, რომ ტელევიზია ისევ მომპარეს და მოიტაცეს”, – განაცხადა დავით დვალმა.


ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში დღეს დაზუსტებით არ ამბობს, “რუსთავი 2”-ის რამდენპროცენტიანი წილის გადაცემას აპირებს დამფუძნებლებისთვის, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძისათვის, თუმცა იგი უფრო კონკრეტული იყო 2015 წლის 6 ნოემბერს, როდესაც სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში გამართა პრესკონფერენცია.

ზემოხსენებულ პრესკონფერენციაზე, რომელიც ხალვაშმა დვალთან, აქიმიძესა და მის ადვოკატ პაატა სალიასთან ერთად ჩაატარა, ბიზნესმენმა თქვა:

“დღეს ჩემთან ერთად არიან აქიმიძე და დვალი, მე მინდა, რომ ამ ბრძოლაში სამართლიანობა აღდგეს ყველა პირისთვის, რომელიც დაზარლდა სააკაშვილის რეჟიმის დროს. მე დათოსთან ერთად ვილაპარაკე და შევთანხმდით იმაზე, რომ ჩვენი კომპანია პარიტეტულ საწყისებზე იქნება, ეს ჩემი კეთილი ნებაა. ხალხს უნდოდა, სამართლიანი იყოს ყველაფერი… ამდენად, თუ მე მეკუთვნის ტელეკომპანია რუსთავი 2, მაშინ დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს ვუთმობ ჩემი წილის ნახევარს. თვითონ დათო და ჯარჯი ამ კომპანიის საწყისში არიან. მე ამ კომპანიის მმართველობაში მონაწილეობას არ მივიღებ და ამ საქმინობას წარმართავენ დვალი, აქიმიძე და საყევარიშვილი”, – განაცხადა ქიბარ ხალვაშმა 2015 წლის ნოემბერში.

მასალების გადაბეჭდვის წესი