ახალი ამბები

პრეზიდენტი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება

3 მარტი, 2017 • 5758
პრეზიდენტი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამ წუთებში [20:22] პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება.

როგორც “საერთაშორისო გამჭვირვალეობა – საქართველოს” დირექტრომა ეკა გიგაურმა განაცხადა, პრეზიდენტთან შეხვედრის მთავრი თემა ტელეკომპანია “რუსთავი 2” -თან დაკავშირებული გადაწყვეტილება იქნება, რომლის თანახმადაც ტელეკომპანიის 100% ქიბარ ხალვაშს უზენაესმა სასამართლომ საკუთრებაში გადასცა.

“იქ მყოფები, ძალიან ბევრი და მათ შორის მეც, დავაყენებთ “რუსთავი2″-ის საკითხს, რადგან, ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ისეთი რამ არ ხდებოდეს, რაც შეზღუდავს მედია გარემოს, მედიის თავისუფლებას. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველამ დავიცვათ მედიის უფლებები. მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა მისი სარედაქციო პოლიტიკა”,- განაცხადა ეკა გიგაურმა შეხვედრის დაწყებისას.

ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ხუციშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტთან შეხვედრისას, არამხოლოდ “რუსთავი 2”-ის ასევე ზოგადად მედისივრცეში ბოლო დროს განვითარებული მოვენების შესახებ ისაუბრებენ.

“მე დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტთან მაინც მოგვეცემა შესაძლებლობა არამარტო “რუსთავი 2”-ის, ასევე “საზოგადოებრივი მაუწყებლის” და სხვა თემებზე საუბრის და შესაძლოა შევთანხმდეთ დამატებით შეხვედრაზე, სადაც ამ თემების უფრო სიღრმისეული განხილვა მოხდება. ის რაც ამ დღეებში ხდება მედიასივრცეში, სამოქალაქო საზოგადოებისთვის მიუღებელია”,- განაცხადა მან.

“თემის პოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე მინდა ყველა მხარეს მოვუწოდო: საკონსტიტუციო სასამართლოსა და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს გადაწყვეტილებებს მოვუსმინოთ, დაველოდოთ და არ გადავდგათ მყისიერი ნაბიჯები”, – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს, 3 მარტს გააკეთა რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2 მარტს “რუსთავი 2″-ის 100% ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი