ახალი ამბები

ჯარჯი აქიმიძე: დამფუძნებლებსა და ხალვაშს შორის სასამართლოს შემდეგ კომუნიკაცია შედგა

3 მარტი, 2017 • 1987
ჯარჯი აქიმიძე: დამფუძნებლებსა და ხალვაშს შორის სასამართლოს შემდეგ კომუნიკაცია შედგა

ტელეკომპანია “რუსთავი 2”- ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ჯარჯი აქიმიძე ამბობს, რომ ქიბარ ხალვაშთან პირველი კომუნიკაცია სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ უკვე შედგა.

“პირველი კომუნიკაცია ჩვენსა და ქიბარს შორის სასამართლოს შემდეგ უკვე შედგა და ახლა დაიწყება უბრალოდ მოლაპარაკება ჩვენს შორის და იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი მალე დასრულდება. 9 ადამიანმა ერთხმად მოაწერა ხელი ამ გადაწყვეტილებას, მათ ეს პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღეს, რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენას, რა თქმა უნდა, ის არ დასრულებულა და ეს არის, ალბათ, პირველი ეტაპი და ვთვლით, რომ სამართლიანობა აღდგება მხოლოდ მას შემდეგ, რაც “რუსთავი 2″ დაუბრუნდება მის დამფუძნებლებს”,- განაცხადა ჯარჯი აქიმიძემ “იმედთან” საუბრისას.

ჯარჯი აქიმიძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას დააკონკრეტა, რომ კომუნიკაცია ხალვაშთან სოციალური ქსელების მეშვეობით შედგა და ის ხალვაშისა და დამფუძნებლებს შორის შეხვედრას შეეხებოდა. აქიმიძე აცხადებს, რომ შესაძლოა ის და დავით დვალი ქიბარ ხალვაშს დღეს, 3 მარტსაც შეხვდნენ.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2 მარტს “რუსთავი 2″-ის 100% ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში დღეს არ ამბობს, “რუსთავი 2”-ის რამდენპროცენტიანი წილის გადაცემას აპირებს დამფუძნებლებისთვის, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძისათვის, თუმცა იგი უფრო კონკრეტული იყო 2015 წლის 6 ნოემბერს, როდესაც სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში გამართა პრესკონფერენცია.

“დღეს ჩემთან ერთად არიან აქიმიძე და დვალი, მე მინდა, რომ ამ ბრძოლაში სამართლიანობა აღდგეს ყველა პირისთვის, რომელიც დაზარლდა სააკაშვილის რეჟიმის დროს. მე დათოსთან ერთად ვილაპარაკე და შევთანხმდით იმაზე, რომ ჩვენი კომპანია პარიტეტულ საწყისებზე იქნება, ეს ჩემი კეთილი ნებაა. ხალხს უნდოდა, სამართლიანი იყოს ყველაფერი… ამდენად, თუ მე მეკუთვნის ტელეკომპანია რუსთავი 2, მაშინ დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს ვუთმობ ჩემი წილის ნახევარს. თვითონ დათო და ჯარჯი ამ კომპანიის საწყისში არიან. მე ამ კომპანიის მმართველობაში მონაწილეობას არ მივიღებ და ამ საქმინობას წარმართავენ დვალი, აქიმიძე და საყევარიშვილი”, – განაცხადა ქიბარ ხალვაშმა 2015 წლის ნოემბერში.

მასალების გადაბეჭდვის წესი