ახალი ამბები

რესპუბლიკელები: ქვეყანაში მიმდინარეობს ავტორიტარული რეჟიმის ფორმირების პროცესი

3 მარტი, 2017 • 2459
რესპუბლიკელები: ქვეყანაში მიმდინარეობს ავტორიტარული რეჟიმის ფორმირების პროცესი

“რესპუბლიკური პარტიის” განცხადებით,  საქართველოში მიზანდასახული შეტევა ხოორციელდება მრავალპარტიულ პოლიტიკურ სისტემასა და ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ მედიაზე, ზუსტად ისე, როგორც ეს ხდებოდა წინა ხელისუფლებების დროს.

პარტიის განცხადების თანახმად, ქვეყანაში მიმდინარეობს ავტორიტარული რეჟიმის ფორმირების პროცესი.

“2012 წლის მრავალპარტიული ნიშნების მატარებელი ხელისუფლებიდან ჩვენ მოვედით 2016 წლის ერთპარტიული , არსებითად კი უპარტიო ხელისუფლებამდე,  საპარლამენტო მანდატების სამი მეოთხედით და საკონსტიტუციო უმრავლესობით, პოლიტიზირებული პოლიციით და უშიშროებით,  კონტროლირებადი სასამართლო სისტემით.  საბოლოო ჯამში კი მივიღეთ ერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის ხელში არსებული საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო  ხელისუფლება. ამდენად, ქვეყნაში ჩამოყალიბდა ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური, უპასუხისმგებლო მმართველობა.”

განცხადების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა მიზნად დაისახა პრეზიდენტის ინსტიტუტის პრაქტიკული ანულირება და ხელისუფლებისგან არაკონტროლირებადი ან/და ნაწილობრივ კონტროლირებადი (რუსთავი 2, საზოგადოებრივი მაუწყებელი, იმედი, მაესტრო) მედიის მოსპობა ქვეყანაში.

“ერთმანეთის მიყოლებით ხელში ჩაიგდო იმედი, მაესტრო, საზოგადოებრივი მაუწყებელი და 2 მარტს, მისი „ცხოვრების მიზნად“ ქცეული რუსთავი 2 დაიქვემდებარა. პარალელურად, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მან შექმნა საკონსტიტუციო კომისია, რომელმაც 3 თვის ვადაში ივალდებულა მასშტაბური საკონსტიტუციო ცვლილებების გატარება. თუმცა, თუ ხელისუფლებისგან წამოსული ინიციატივებით ვიმსჯელებთ, რეალურად საქმე გვაქვს კონსტიტუციის გაუარესებასა და საკუთარ ინტერესებზე მორგებასთან.  თუ ეს ხელისუფლებას გაუვიდა, კონსტიტუციის გაუარესების მასშტაბები იქნება ისეთივე ანტიდემოკრატიული და ისეთივე  სავალალო შედეგის, როგორიც იყო 2004 წლის თებერვლის საკონსტიტუციო ცვლილებები.  შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ ივანიშვილმა დაადასტურა  სააკაშვილის იდეური ეპიგონობა.”

პარტიაში მიიჩნევენ, რომ რომ ასეთ ავტორიტარული ცვლილებებს ძლიერი პოლიციური ხელი ჭირდება და მოსმენების შესახებ კანონიც ბევრად უარესია, ვიდრე საკონსტიტუციოს მიერ გაუქმებული ისედაც უვარგისი კანონი.

მიუხედავად ამისა, საქართველოს რესპუბლიკური პარტია მიიჩნევს, რომ ავტორიტარიზმის დამკვიდრების მცდელობა საქართველოში განწირულია მარცხისთვის.

“პოსტაბჭოთა საქართველოს ისტორია გამონაკლისის გარეშე ადასტურებს, რომ რეპრესიული და პროპაგანდისტული კონტროლი ქვეყანაში არ გადის და ივანიშვილის ხელისუფლებაც აუცილებლად  გაიზიარებს მისი მშობელი წინამორბედების ხვედრს. ჩვენ ასევე დარწმუნებული ვართ, რომ ხელისუფლება ვერ შეძლებს მედიაპლურალიზმის მოსპობას საქართველოში. პირიქით, ამ პირობებში ნდობა ხელისუფლების მიმართ კატასტროფული სისწრაფით დაეცემა, თავისუფალი სიტყვის ფასი კი გაიზრდება.”

2017 წლის  ოქტომბერში საქართველოში პირდაპირი გზით ირჩევა მერები და გამგებლები და საკრებულოები. პარტიაში მიიჩნევენ, რომ  დედაქალაქსა და საქართველოს ბევრ ქალაქსა და რაიონში შესაძლებელია და უფრო მეტიც, მოსალოდნელია ხელისუფლების დამარცხება სხვადასხვა მიმართულების ოპოზიციური პოლიტიკური ძალების მიერ.

“ამ ვითარებაში მთავარი ამოცანა არის საზოგადოების, ხელისუფლებისაგან არაკონტროლირებადი მედიის, პოლიტიკური ძალების კონსოლიდაცია.  პოლიტიკურმა სუბიექტებმა უნდა შევძლოთ ისეთი პოლიტიკური ფორმატების, ბლოკების შექმნა, რომ არ დაიკარგოს არც ერთი ოპოზიციური ხმა.”

უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ საქმის განხილვა 2 მარტს დაიწყო და იმ  დღესვე გამოაქვეყნა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი.

გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში წერია:

“გაუქმდეს შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის პარტნიორების: ლევან ყარამანიშვილის 22%-ის, გიორგი ყარამანიშვილის 28%-ის, შპს “ტელეკომპანია საქართველოს” 51%-ის და ნინო ნიჟარაძის 9%-ის წილების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში და შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის 60% წილის მესაკურედ ცნობილი იქნეს ქიბარ ხალვაში და 40%-ის წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნეს შპს “პანორამა””.

შპს “პანორამას” ქიბარ ხალვაში ფლობს, შესაბამისად, ტელეკომპანიის 100% უზენაესმა სასამართლომ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი