ახალი ამბები

ომბუდსმენი: საქართველოში მარტოხელა დედები უთანასწორობით გამოწვეული პრობლემების წინაშე დგანან

3 მარტი, 2017 • 1780
ომბუდსმენი: საქართველოში მარტოხელა დედები უთანასწორობით გამოწვეული პრობლემების წინაშე დგანან

ომბუდსმენი დედის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ევრცელებს და აცხადებს, რომ საქართელოში მარტოხელა დედები სოციალური და კულტურული რეალობიდან გამომდინარე, ხშირად დგანან გენდერული უთანასწორობით გამოწვეული პრობლემების წინაშე.

სახელხო დამცველის განცხადებითვე,  სახელმწიფოსა და საზოგადოების მხრიდან მეტი ყურადღება არის საჭირო, რათა სრულყოფილად იყოს დაცული მარტოხელა მშობლებისა და მრავალშვილიან ოჯახებში მცხოვრებ ბავშვთა უფლებები.

“როგორც არაერთი კვლევით არის დადგენილი, მარტოხელა დედის სტატუსის მქონე ადამიანები და მათი ოჯახები სიღარიბის მაღალ რისკ–ჯგუფებს მიეკუთვნებიან. 2016 წელს სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას დაფიქსირდა 4 379 მარტოხელა დედა. ქვეყანაში არ არსებობს სპეციფიური სოციალური პროგრამები. სოციალური დახმარება გენდერულად მგრძნობიარე არ არის და არ ითვალისწინებს მარტოხელა დედათა საჭიროებებს. ამასთან, კანონმდებლობით საერთოდ არ არის განსაზღვრული თუ ვინ ითვლება მრავალშვილიან დედად, რის შედეგადაც, მრავალშვილიანი დედები მთლიანად სახელმწიფოს ყურადღების მიღმა რჩებიან.

მიუხედავად იმისა, რომ 2015 წლიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შევიდა ცვლილებები და განისაზღვრა მარტოხელა მშობლის სტატუსი, აუცილებელია სტატუსთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციების სრულყოფა. ამასთან, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებისათვის, როგორც ცალკე აღებულ ჯგუფზე სოციალური დახმარება ან რაიმე სოციალური შეღავათი გათვალისწინებული არ არის.

სახალხო დამცველის აპარატი აქტიურად მუშაობს საქართველოს პარლამენტთან და სხვა შესაბამის უწყებებთან, რათა დაიხვეწოს და დარეგულირდეს სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესი. ვფიქრობ, რომ მარტოხელა მშობლის სტატუსის მინიჭება მხოლოდ მაშინ, თუ ბავშვის დაბადების მოწმობაში დედის/მამის შესახებ არ არის ჩანაწერი, არ ასახავს ამ საკითხის ირგვლივ არსებულ რეალობას. ასევე, მნიშვნელოვანია გადაიხედოს მარტოხელა მშობლის სტატუსის გაუქმების საფუძვლები და დაიხვეწოს ისე, რომ მარტოხელა მშობლებს გავუადვილოთ სამართლებრივ და სოციალურ ურთიერთობებში შესვლა ბავშვების საუკეთესო ინტერესების დასაცავად.

კვლავ მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას გადადგას ქმედითი ნაბიჯები შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 183–ე დედობის დაცვის კონვენციის რატიფიცირებისათვის და კიდევ ერთხელ, ვულოცავ დედებს 3 მარტის დღესასწაულს,”- აცხადებს სახალხო დამცველი.

მასალების გადაბეჭდვის წესი