ახალი ამბები

მიატოვიჩი: სასამართლოს გადაწყვეტილება მედიაპლურალიზმზე დიდი დარტყმაა

3 მარტი, 2017 • 2568
მიატოვიჩი: სასამართლოს გადაწყვეტილება მედიაპლურალიზმზე დიდი დარტყმაა

ეუთოს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხებში დუნია მიატოვიჩი უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც ტელეკომპანიის 100% წილის მფლობელი ქიბარ ხალვაშია, იმედისგამაცრუებელ ნაბიჯად აფასებს. მიატოვიჩის განცხადებით, ეს არის საქართველოში მედიაპლურალიზმზე დიდი დარტყმა.

მოვლენებს ეუთოს წარმომადგენელი ტვიტერში გამოეხმაურა.

2 მარტს უზენაესმა სასამართლომ ტელევიზია ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. გადაწყვეტილებას ხელს სასამართლოს ცხრავე მოსამართლე აწერს.

მოგვიანებით, “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ქიბარ ხალვაშს შესთავაზა, რომ არხის კოლექტივს გადასცეს ტელეკომპანია. გვარამიას თქმითვე, კოლექტივი ქიბარ ხალვაშისთვის დარჩენილი თანხის გადახდას უზურუნველყოფს.

გვარამიამ განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნით მიმართავენ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.

ქიბარ ხალვაშის განცხადებით კი, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის წილის გარკვეულ ნაწილს ის არხის დამფუძნებლებს, დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს გადასცემს.

ტელევიზიის მხარდამჭერები მთელი დღის განმავლობაში აქციას მართავდნენ სასამართლო შენობის წინ. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მათ შეკრება ტელევიზიის ეზოში დაიწყეს, სადაც მათმა ნაწილმა კარვებში ღამე გაათენა. ისინი ამ დრომდე ადგილზე რჩებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი