ახალი ამბები

გვარამიას შეთავაზება ქიბარ ხალვაშს: გადაეცით “რუსთავი 2” მის კოლექტივს

3 მარტი, 2017 • 1930
გვარამიას შეთავაზება ქიბარ ხალვაშს: გადაეცით “რუსთავი 2” მის კოლექტივს

ნიკა გვარამიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ არ აღიარებენ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, გადაწყვეტილება მაინც ძალაშია, ამიტომ ქიბარ ხალვაშს მოუწოდებენ, გადასცეს რუსთავი 2 ამავე ტელეკომპანიის მმართველ კოლექტივს.

გვარამიას განცხადებით, მმართველი გუნდი უზრუნველყოფს ტელეკომპანიის სარედაქციო დამოუკიდებლობას.

ეს განცხადება ნიკა გვარამიამ რუსთავი 2-ში 3 მარტს, 00:00 საათზე გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

“რაკიღა ოფიციალურად დეკლარირებულია, რომ რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნება არის მნიშვნელოვანი, რაკიღა TV პირველის ეთერში ქიბარ ხალვაშმა გააკეთა განცხადება, რომ მისთვის ეს არის ბიზნესის საკითხი და იგი აპირებს რუსთავი 2-ის გაყიდვას, ვაკეთებთ შემდეგ შეთავაზებას: ჩემ უკან დგანან ადამიანები, ვის მხრებზეც დგას რუსთავი 2. ესენი არიან ის ადამიანები, ვის გამოც დღეს რუსთავი 2 არის ისეთი, როგორიც არის. მე არა, რა თქმა უნდა, მე ნუ მიგულისხმებთ. მე ვარ დაქირავებული მენეჯერი. გადაეცით “რუსთავი 2″ მის კოლექტივს. თუ გნებავთ ნამდვილად და არ იტყუებით, ეს არის სიმართლის და ჭეშმარიტების მომენტი.

რაც შეეხება ქიბარ ხალვაშის კომერციულ ინტერესებს, იგი სასამართლოში დავობდა 7 მილიონზე ოდნავ მეტ ლარზე. ჩვენ დავთვალეთ: ეს არის 4 209 397 დოლარი იმ დღეის მდგომარეობით, იმ კურსით, რომელიც მაშინ იყო. მას მიღებული აქვს გარკვეული რაოდენობა. დარჩენილ 3 944 397 დოლარს გადავიხდით ჩვენ. ხომ უნდა მას ტელეკომპანიის გაყიდვა? ხომ უნდა ტელეკომპანიის სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნება და იმ კურსის, რომელიც არის? ჩვენ მივმართავთ ქიბარ ხალვაშს და მის პატრონს, საქართველოს ხელისუფლებას. ამ ადამიანებს გადაეცით რუსთავი 2-ის ასივე პროცენტი და თქვენს კომერციულ ინტერესს დავაკმაყოფილებთ ჩვენ, პატივცემულო ქიბარ, ბრჭყალებში. ეს არის რუსთავი 2-ის ბოლო სიტყვა,”- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ რუსთავი 2-ის 100% ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი