ახალი ამბები

რას ამბობდა ხალვაში რ2-ის წილის დვალი/აქიმიძისათვის გაყოფაზე 2015-ში და დღეს

2 მარტი, 2017 • 2493
რას ამბობდა ხალვაში რ2-ის წილის დვალი/აქიმიძისათვის გაყოფაზე 2015-ში და დღეს

ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში დღეს არ ამბობს, “რუსთავი 2”-ის რამდენპროცენტიანი წილის გადაცემას აპირებს დამფუძნებლებისთვის, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძისათვის, თუმცა იგი უფრო კონკრეტული იყო 2015 წლის 6 ნოემბერს, როდესაც სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში გამართა პრესკონფერენცია.

ზემოხსენებულ პრესკონფერენციაზე, რომელიც ხალვაშმა დვალთან, აქიმიძესა და მის ადვოკატ პაატა სალიასთან ერთად ჩაატარა, ბიზნესმენმა თქვა:

“დღეს ჩემთან ერთად არიან აქიმიძე და დვალი, მე მინდა, რომ ამ ბრძოლაში სამართლიანობა აღდგეს ყველა პირისთვის, რომელიც დაზარლდა სააკაშვილის რეჟიმის დროს. მე დათოსთან ერთად ვილაპარაკე და შევთანხმდით იმაზე, რომ ჩვენი კომპანია პარიტეტულ საწყისებზე იქნება, ეს ჩემი კეთილი ნებაა. ხალხს უნდოდა, სამართლიანი იყოს ყველაფერი… ამდენად, თუ მე მეკუთვნის ტელეკომპანია რუსთავი 2, მაშინ დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს ვუთმობ ჩემი წილის ნახევარს. თვითონ დათო და ჯარჯი ამ კომპანიის საწყისში არიან. მე ამ კომპანიის მმართველობაში მონაწილეობას არ მივიღებ და ამ საქმინობას წარმართავენ დვალი, აქიმიძე და საყევარიშვილი”, – განაცხადა ქიბარ ხალვაშმა 2015 წლის ნოემბერში.

ზემოხსენებული პრესკონფერენციის აუდიოჩანაწერი სრულად:

დღეს კი, როდესაც უზენაესმა სასამართლომ საბოლოოდ მიაკუთვნა მას რ2-ის წილის 100%, ხალვაშმა თქვა:

“ზუსტად იმდენს გავუყოფთ, რამდენსაც დაიმსახურებენ და მოვილაპარაკებთ. შეიძლება სულ დავუთმო”.

გუშინ, 1 მარტს დვალმა და აქიმიძემ გამართეს პრესკონფერენცია და საზოგადოებას შეახსენეს ის პირობები, რის შესახებაც, როგორც თვითონ ამბობენ, 2015 წელს ხალვაშთან შეთანხმდნენ. მათი თქმით, ამ შეთანხმების მიხედვით, მათ უნდა მიეღოთ წილის 50%, პლუს მენეჯმენტი, ასევე არხის ტექნიკურ გადაიარაღებაზე ფინანსური რესურსი ხალვაშს უნდა დაეხარჯა. დვალმა ნეტგაზეთთან ასევე გაიხსენა ტელევიზიის სამომავლო საქმიანობის 3-პუნქტიანი შეთანხმება, რომლის ირგვლივაც მხარეები გარიგდნენ.

ხალვაში კი დღეს ამბობს, რომ მისთვის სიურპრიზია დვალის განცხადება, თითქოს მხარეები ისევ იმ პირობებზე არიან შეთანხმებული:

ქიბარ ხალვაშის განცხადებით, “რუსთავი 2”-ის ერთ-ერთ დამფუძნებელთან, დავით დვალთან ბოლო შეხვედრისას,  არხის მენეჯმენტში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ხალვაში ამბობს, რომ სწორედ დვალს მოიაზრებს არხის დირექტორად.

“სულ ბოლო დროს ბატონმა დვალმა უარიც განაცხადა მენეჯმენტში მონაწილეობაზე, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ გადაიფიქრა და სასარგებლო იქნება კოლექტივისთვის, რომ მენეჯმენტში მონაწილეობა მიიღოს. ჩემთვის სიურპრიზი იყო გუშინწინდელი განცხადება, თითქოს ისევ იმ პირობაზე ვიყავით. ბოლოს ისე დავშორდით, ვთხოვდი, რომ თუ დავიბრუნებდი, თვითონ მონაწილეობა მიეღო [მენეჯმენტში], მაგრამ თვითონ უარი განაცხადა”,- განაცხადა ხალვაშმა ტელეკომპანია “პირველთან” საუბრისას დღეს.

მისივე თქმით, დავით დვალი არხის დირექტორობის ერთ-ერთი პირველი კანდიდატია. რაც შეეხება შეკითხვას, თუ არხის რა წილის გადაცემას აპირებს დამფუძნებლებისთვის, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძისათვის, ხალვაშმა ასე უპასუხა:

“ზუსტად იმდენს გავუყოფთ, რამდენსაც დაიმსახურებენ და მოვილაპარაკებთ. შეიძლება სულ დავუთმო”, – აცხადებს ხალვაში.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა დავით დვალს და ხალვაში განცხადებების კომენტირება სთხოვა, თუმცა მან თავი შეიკავა შეფასებისგან.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დღეს, 2 მარტს “რუსთავი 2″-ის 100% ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

გადაწყვეტილებაში, რომელიც უზენაესის სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, წერია:

1. ლევან ყარამანიშვილის, გიორგი ყარამანიშვილის, შპს “ტელეკომპანია საქართველოს”, ნინო ნიჟარაძის, შპს “ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას” საკასაციო საჩივრები საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ივნისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ქიბარ  ხალვაშისა და შპს “პანორამის” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. გაუქმდეს შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის პარტნიორების: ლევან ყარამანიშვილის 22%-ის, გიორგი ყარამანიშვილის 28%-ის, შპს “ტელეკომპანია საქართველოს” 51%-ის და ნინო ნიჟარაძის 9%-ის წილების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში და შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის 60% წილის მესაკურედ ცნობილი იქნეს შპს “პანორამა”;

5. უცვლელად დარჩეს წინამდებარე გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში მთითებული სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინების წინმსწრები განჩინენები;

6. მოპასუხეებს შპს “ტელეკომპანია საქართველოს”, გიორგი ყარამანიშვილს, ლევან ყარამანიშვილს და ნინო ნიჟარაძეს, ქიბარ ხალვაშისა და შპს “პანორამას” სასარგებლოდ, სოლიდარულად, დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით 5000 ლარის ანაზღაურება;

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

ამ გადაწყვეტილებას ხელს უზენაესი სასამართლოს ცხრავე მოსამართლე აწერს.

რ2-ის შენობასთან საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი