ახალი ამბები

იძულებით განსახლება პოლიტიკის გარეშე

26 ნოემბერი, 2012 • 1560
იძულებით განსახლება პოლიტიკის გარეშე

ადამიანების იძულებით განსახლებას კონფლიქტები, ბუნებრივი კატასტროფები და განვითარების პროექტების განხორციელება იწვევს, რომლის დროსაც მოსახლეობა ზარალდება. 

როგორც “მწვანე ალტერნატივას” ხელმძღვანელი მანანა ქოჩლაძე აცხადებს, მთავარი პასუხისმგებლობა ამ მხრივ იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ეკისრება. მისი თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციით ქვეყანაში უნდა იყოს სტრუქტურა, რომელიც კოორდინირებას გაუწევს იძულებით განსახლებას, მის პროცედურებს და იმას, რომ განსახლება მოხდეს შეზღუდულად და დასაბუთებულად. როგორც მანანა ქოჩლაძე აღნიშნავს, ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბება საქართველოს შემთხვევაში აუცილებელი არ იქნება:

მანანა ქოჩლაძე
მანანა ქოჩლაძე

“ჩვენი მთავარი რეკომენდაცია ის არის, რომ მოხდეს იძულებით განსახლების პოლიტიკის შემუშავება, განსაკუთრებით განვითარების პროექტებთან მიმართებაში. ამის მთავარ კოორდინატორ სამინისტროდ ჩვენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო მიგვაჩნია. მათ სახელწოდებაშიც უდევთ განსახლება. უბრალოდ აუცილებელია, პოლიტიკის და კანონმდებლობის შემუშავება და დევნილთა სამინისტროს შესაბამისი ტექნიკური აღჭურვა მოხდეს, რის შემდეგაც სამინისტრო კოორდინირებას გაუწევს როგორც ეკომიგრანტების, ასევე განვითარების პროექტების დროს დაზარალებული მოსახლეობის იძულებით განსახლებას”, – აცხადებს მანანა ქოჩლაძე.

როგორც “მწვანე ალტერნატივას” ანალიტიკოსი ქეთი გუჯარაიძე აღნიშნავს, დევნილთა სამინისტროს ამ კუთხით აქამდე არანაირი ქმედება არ განუხორციელებია:

“იძულებით განსახლებაზე, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევაზე, არ რეაგირებს საზოგადოება და არ რეაგირებს სამინისტრო. სახელმწიფოს მხრიდან შეინიშნებიოდა თემატური სტრატეგიები, თუმცა ეს არ ყოფილა ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა, მაშინ, როდესაც იძულებითი განსახლების პროცესში თითქმის ყველა სამინისტრო მონაწილეობს”, – აცხადებს ქეთი გუჯარაიძე.

მანანა ქოჩლაძის განცხადებით, საქართველოში არ არსებობს იძულებით განსახლებულთა ზუსტი სტატისტიკა, თუმცა სხვადასხვა კვლევებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ასეთი ადამიანების რიცხვი დიდია:

“ჩვენ გვაქვს რამდენიმე კვლევა ჩატარებული, ეს არის ყბადაღებული გონიო, სადაც 300–მდე ადამიანის უფლებების შელახვაზეა საუბარი, ანაკლია – დაახლოებით 100 ადამიანი, მესტიაში კიდევ უფრო მეტია, გარდა ამისა, რუსთავის გზის მშენებლობისას დაახლოებით 60 ადამიანი იყო, ადამიანების რაოდენობა იზრდება, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დაგეგმილია კიდევ უფრო მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი, იგივე დიდი ჰესების მშენებლობა, ხუდონჰესის შემთხვევაში ეს იქნება დაახლოებით  300 000 ადამიანი. თუ ვლაპარაკობთ ნამახვანჰესებზე, ეს იქნება 800 ადამიანი. საქართველოსთვის ეს რიცხვები პრინციპში ძალიან დიდია და აუცილებელია, რომ რაღაცნაირად მოხდეს ამ საკითხის დარეგულირება”, – აცხადებს მანანა ქოჩლაძე.

კვლევის შედეგებს, რომლის დროსაც “მწვანე ალტერნატივამ” იძულებითი განსახლების კუთხით სხვადასხვა დოკუმენტები და სამართლებრივი აქტები, ასევე უკვე არსებული პროექტები შეისწავლა, ორგანიზაცია სამინისტროებს სახელმწიფო უწყებებს გადაუგზავნის.

მასალების გადაბეჭდვის წესი