ახალი ამბები

მე გამოვრიცხავ ყველანარი ხისტ მოქმედებებს – ხალვაში ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე

2 მარტი, 2017 • 2016
მე გამოვრიცხავ ყველანარი ხისტ მოქმედებებს – ხალვაში ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე

“ვხვდებით, რომ შეიძლება შეიქმნას კრიზისკული სიტუაცია, თუმცა ყველანაირი კრიზისული სიტუაციიდან არსებობს გამოსავალი”, – ეს განცხადება ნეტგაზეთთან საუბარში ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ გააკეთა. დღეს უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2-ის 100% ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

“როცა ჩაგვბარდება გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ორშაბათს, წარვადგენთ საჯარო რეესტრში, რომელმაც ერთ სამუშაო დღეში უნდა ასახოს. შემდგომ ხალვაში მიიღებს გადაწყვეტილებას და ვფიქრობ, რომ განცხადებასაც გააკეთებს სამომავლო გეგმაზე”, – ამბობს სალია ნეტგაზეთთან.

მას ვკითხეთ, როგორ წარმოუდგენიათ გადაწყვეტილების აღსრულება რ2-ის შენობასთან საპროტესტო აქციების ფონზე:

ვნახავთ, როგორ წარიმართება მოვლენები, მე გამოვრიცხავ ყველანაირ ხისტ მოქმედებებს და ალბათ ქიბარი [ხალვაში] მიიღებს გადაწყვეტილებებს, მაგრამ მე გამოვრიცხავ, რომ რაიმე სახის ხისტი მოქმედებები იქნას განხორციელებული. ჩვენ არ გვინდა, რომ კომპანია დაზარალდეს. პირველ როგში, მოქმედებები იქით იქნება მიმართული, რომ კომპანია არ დაზარალდეს და მუშაობა გაგრძელდეს ჩვეულ რეჟიმში. ეს ჩემი მოსაზრებაა და ხალვაში თვითონ დააფიქსირებს თავის პოზიციას. ხალვაში იპოვის გამსოავალს, რომ კრიზისულ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს”, – ამბობს ადვოკატი.

მას ვკითხეთ, აპირებენ თუ არა კომუნიკაციას არხის მოქმედ მენეჯმენტთან:

“ყველა ვარიანტში მოგვიწევს კომუნიკაცია, მე ვფიქრობ. ნუ განვიხილავთ ამ სიტუაციას, რომ რაღაც ქუჩაში წყდება… ამ კომპანიას შეეცვალა მფლობელი, აღუდგა უფლებები ძველ მფლობელს. რა თქმა უნდა, მას უნდა ჰქონდეს კომუნიკაცია მენეჯმენტთან, თანაშრომლებთან და ყველასთან. ვხვდებით, რომ შეიძლება შეიქმნას კრიზისკული სიტუაცია, თუმცა ყველანაირი კრიზისული სიტუაციიდან შეიძლება გამოსავალი. დარწმუნებული ვართ და იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი ცივილიზებული მეთოდით მოგვარდება”, – ამბობს სალია.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დღეს, 2 მარტს “რუსთავი 2″-ის 100% ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

გადაწყვეტილებაში, რომელიც უზენაესის სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, წერია:

1. ლევან ყარამანიშვილის, გიორგი ყარამანიშვილის, შპს “ტელეკომპანია საქართველოს”, ნინო ნიჯარაძის, შპს “ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას” საკასაციო საჩივრები საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ივნისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ქიბარ  ხალვაშისა და შპს “პანორამის” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. გაუქმდეს შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის პარტნიორების: ლევან ყარამანიშვილის 22%-ის, გიორგი ყარამანიშვილის 28%-ის, შპს “ტელეკომპანია საქართველოს” 51%-ის და ნინო ნიჟარაძის 9%-ის წილების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში და შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის 60% წილის მესაკურედ ცნობილი იქნეს შპს “პანორამა”;

5. უცვლელად დარჩეს წინამდებარე გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში მთითებული სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინების წინმსწრები განჩინენები;

6. მოპასუხეებს შპს “ტელეკომპანია საქართველოს”, გიორგი ყარამანიშვილს, ლევან ყარამანიშვილს და ნინო ნიჟარაძეს, ქიბარ ხალვაშისა და შპს “პანორამას” სასარგებლოდ, სოლიდარულად, დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით 5000 ლარის ანაზღაურება;

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

ამ გადაწყვეტილებას ხელს უზენაესი სასამართლოს ცხრავე მოსამართლე აწერს.

რ2-ის შენობასთან საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი