ახალი ამბები

გვარამია: ხვალვე მივმართავთ სტრასბურგის სასამართლოს

2 მარტი, 2017 • 1851
გვარამია: ხვალვე მივმართავთ სტრასბურგის სასამართლოს

რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნით მიმართავენ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.

დღეს, 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ რუსთავი 2-ის 100% ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

გვარამიას განცხადებით, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო არაკონსტიტუციურად ცნობს სამოქალაქო კოდექსის იმ ნორმებს, რომლებითაც ქიბარ ხალვაში დავობდა ყარამანიშვილების წინააღმდეგ, მაშინ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდება:

“ჩვენ ხვალვე ვაპირებთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან რთული მექანიზმია, სერიოზული და შრომატევადი საქმეა და დროს მოითხოვს, ხვალ შეგვაქვს ამ გადაწყვეტილების შეჩერებაზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განაცხადი. ვნახოთ, როგორ წარიმართება ეს ყველაფერი. მოვუწოდებ საკონსიტიტუციო სასამართლოს, რომ მათ  ხელთ არის, განიხილონ ჩვენი სარჩელები და ბოლოს და ბოლოს მიიღონ გადაწყვეტილება, მათ შორის, ანტიკონსტიტუციურობაზე. ეს ორი სარჩელი თუ დაკმაყოფილდა, ცხადია, ავტომატურად გაუქმდება. ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო ამ გადაწყვეტილებებს გამოიტანს, ჩვენ ასევე ვითხოვთ გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებას,”- განაცხადა ნიკა გვარამიამ რუსთავი 2-ის ეთერში.

მანვე აღნიშნა, რომ გააგრძელებენ მაუწყებლობას, ვიდრე ეს ფიზიკურად იქნება შესაძლებელი:

“ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას. ჩვენ ვაგრძელებთ მოვლენების გაშუქებას, ვიდრე ამის შესაძლებლობა ელემენტარულად ფიზიკურად გვაქვს. როდესაც ეს შეუძლებელი გახდება, უკვე ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, მას ურჩევნია სიტყვის თავისუფლება და მართლმსაჯულება, თუ ბიძინა ივანიშვილი თავისი ამოთხრილი ხეებით,”- აცხადებს გვარამია.

უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ საქმის განხილვა დღეს, 2 მარტს დაიწყო და დღესვე გამოქვეყნდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი.

გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში წერია:

“გაუქმდეს შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის პარტნიორების: ლევან ყარამანიშვილის 22%-ის, გიორგი ყარამანიშვილის 28%-ის, შპს “ტელეკომპანია საქართველოს” 51%-ის და ნინო ნიჟარაძის 9%-ის წილების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში და შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის 60% წილის მესაკურედ ცნობილი იქნეს ქიბარ ხალვაში და 40%-ის წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნეს შპს “პანორამა””.

შპს “პანორამას” ქიბარ ხალვაში ფლობს, შესაბამისად, ტელეკომპანიის 100% უზენაესმა სასამართლომ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი