ახალი ამბები

მმართველმა გუნდმა შესაძლოა კონსტიტუციიდან პარლამენტის ადგილსამყოფელზე ჩანაწერი ამოიღოს

2 მარტი, 2017 • 2896
მმართველმა გუნდმა შესაძლოა კონსტიტუციიდან პარლამენტის ადგილსამყოფელზე ჩანაწერი ამოიღოს

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ “ქართული ოცნება” ქუთაისის მოსახლეობას დაჰპირდა, რომ პარლამენტს რამდენიმე წლის განმავლობაში თბილისში არ გადაიტანდა და ახლა ამ დაპირების გამო მოქმედების თავისუფლების მიმართულებით შეზღუდული არიან.

ეს განცხადება ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიიის სხდომაზე გააკეთა. კობახიძის აზრით, პარლამენტის გადმოტანის საკითხი ტენიკურია, მაგრამ პრინციპული მნიშნელობა აქვს:

“არჩევნების წინ მმართველი გუნდმა ქუთაისის მოსახლეობასთან გარკვეული დაპირებები  გააჟღერა და  ეს დაპირებები რაღაცნაირად უნდა გავითვალისწინოთ. აქ ორი ვარიანტია: ერთი, რომ დარჩეს ის ჩანაწერი, რაც დღეს გვაქვს კონსტიტუციაში,  ან ამოვიღოთ ჩანაწერი და პარლამენტის ადგილმდებარეობაზე ჩანაწერი  ამ ეტაპზე რეგლამენტში დარჩეს.”

კობახიძის თქმით,  საუბარი იყო იმის შესახებ, რომ მას შემდეგ, რაც ქუთაისი შეიძენს სხვა ფუნქციურ დატვირთვას,  პარლამენტს ქუთაისიდან თბილისში გადმოიტანენ:

“მინიშნება ძირითადად კეთდებოდა ტექნოლოგიურ უნივერსიტეტზე და მასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურულ თუ სხვა ტიპის ცვლილებებზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ დაპირებით ვართ გარკვეული ფორმით შეზღუდული და ეს დაპირება, როგოც გითხარით, შეიძლება ორი სხვადასხვა სახით აისახოს კონსტიტუციაში.”

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედდა კონსტიტუციის ის ჩანაწერი, რომლის მიხედვით,  პარლამენტის ადგილსამყოფელია ქალაქი ქუთაისი. მერვე მოწვევის პარლამენტის დროს “ქართული ოცნებამ” პარლამენტის თბილისში გადმოტანას ცდილობდა, თუმცა ინიციატივამ მაშინ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო 113 დეპუტატის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი