აფხაზური მხარე მიიჩნევს, რომ ეს მიდგომა ორმაგ სტანდარტებზე მიანიშნებს.
“გაეროს წარმომადგენლები საქართველოში შეშფოთებას გამოთქვამენ გალის მოსახლეობის გადაადგილების უფლებაზე. ამასთან, ყურადღებას არ ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ ქართული პოლიტიკის გამო მთელი აფხაზეთი საერთაშორისო იზოლაციაში იმყოფება. თავისი არსით აფხაზეთის რესპუბლიკის მიმართ გამოუცხადებელი ჰუმანიტარული ბლოკადა ხორციელდება. აფხაზეთის რესპუბლიკის მხრიდან ნებისმიერი ჰუმანიტარული ან კულტურული ხასიათის საერთაშორისო ღონისძიება, დაუყოვნებლივ, ქართველი ოფიციალურ პირებში ისტერიკულ რეაქციას იწვევს და მათი მოთხოვნით ისინი ფაქტიურად უქმდება. მსგავსი ფაქტები საკმარისზე მეტია და მათ შესახებ კარგად იციან გაეროს წარმომადგენლებმა საქართველოში”.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყება აცხადებს, რომ “ნაბაკიას” გამშვები პუნქტის დახურვამდე გზის რეკონსტურცია განხორციელდა და ენგურის გამშვები პუქნტზე მოსახვედრად ოტობაიასა და ნაბკაიას მოსახლეობისთვის კომფორტული ავტობუსი დაინიშნა. ასევე გაზრდილია ამ პუნქტის გამტარუნარიანობა.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, პირველ ეტაპზე, ქართულ მხარეზე მოსახვედრად დარჩენილი ოთხი გამშვები პუნქტიდან მხოლოდ ორი დარჩება. მომავალში კი, მხოლოდ ერთი – “ენგური”. აქ მოსახვედრად გალის რაიონის გარკვეული სოფლების მცხოვრებლებს 15-30 კილომეტრის მანძილის გავლა დასჭირდებათ, მაშინ, როდესაც, მაგალითად, სოფელ ბატიგუარადან ქართულ მხარემდე მოსახვედრად ადამიანებს 70 მეტრის გავლა უწევთ.
25 იანვარს გალის რაიონის დაახლოებით 200 -მდე მხცოვრებმა ქართულ-აფხაზური საკონტროლო-გამშვები პუნქტების დახურვის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია გამართა.
ქართულ მხარესთან გამშვები პუნქტების შემცირების შესახებ აფხაზეთში დადგენილება 2016 წლის 17 მარტს მიიღეს. მაშინ დე ფაქტო რესპუბლიკის ვიცეპრემიერი შამილ აძინბა ამბობდა, რომ აფხაზურ-ქართული საზღვრის დახურვის საკითხი ყოველთვის იყო აქტუალური და ახალი ხელისუფლების ერთ-ერთი დაპირება:
“მაგრამ როდესაც ჩვენ სიტუაცია შიგნიდან ვნახეთ, გასაგები გახდა, რომ ასე, ერთი ხელის მოქნევით, საზღვრის დახურვა არ შეიძლება. მიღებულია კანონი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ და იქ არის დოკუმენტების ჩამონათვალი, რომელიც საზღვრის გადაკვეთისთვის არის საჭირო. თანდათანობით ამ ყველაფერს სამართლებრივ ჩარჩოში მოვაქცევთ. არ შეიძლება, არ იყოს გათვალისწინებული იმ დიდი რაოდენობის ხალხის მუდმივი არსებობა [თუნდაც ჩვენ მიმართ მტრულად განწყობილი სახელმწიფოს პასპორტების მქონე], რომლებიც ჩვენთან დაიბადნენ. ჩვენ ცივილური სახელმწიფო ვართ და ცივილური გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ”.
17 მარტს მიღებული დადგენილება ძალაში 30 დღის შემდეგ უნდა შესულიყო.
ენგურზე გამშვები პუნქტების შემცირების შესახებ 2014 წელს აფხაზეთის ახლად არჩეული პრეზიდენტი ხაჯიმბაც საუბრობდა. მაშინ ხაჯიმბამ სახალხო ერთობის პოლიტსაბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ “საქართველოსთან დე ფაქტო საზღვრის გამაგრება მნიშვნელოვანია.”
2013 წელს ენგურზე, მთავარი გამშვები პუნქტის პარალელურად, დამატებითი ხუთი პუნქტი გაიხსნა, მათ შორის ერთი- საავტომობილო.