ახალი ამბები

ჟურნალისტები 4 საათის განმავლობაში უშედეგოდ ელოდნენ მთავრობის წევრებს

2 მარტი, 2017 • 3001
ჟურნალისტები 4 საათის განმავლობაში უშედეგოდ ელოდნენ მთავრობის წევრებს

დღეს, 2 მარტს,  მთავრობის ადმინისტრაციაში სხდომა 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა ისე დასრულდა, რომ ჟურნალისტებისთვის უცნობი დარჩა, რა გადაწყვეტილებები მიიღეს მთავრობის სხდომაზე. ჟურნალისტებს ასევე არ მიეცათ მთავრობის წევრებისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა.

მთავრობის სხდომები, დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად,  ჟურნალისტებისთვის დახურულია. მას ჟურნალისტები ვერასოდეს ესწრებიან, ამიტომაც  მედიაცენტრში ამა თუ იმ მინისტრს ელოდებიან ხოლმე, რათა კითხვები დაუსვან.

მთავრობის სხდომა კანცელარიის მეთორმეტე სართულზე ტარდება, ჟურნალისტები კი მათთვის გამოყოფილ სპეციალურ სივრცეში, მესამე სართულზე იმყოფებიან. მთავრობის სხდომის დასრულებამდე ჟურნალისტები პრესსამსახურის წარმომადგენელს აცნობენ იმ მინისტრების ჩამონათვალს, რომლებთანაც შეკითხვები აქვთ.

დღეს ჟურნალისტებს კითხვები ჰქომდათ საქართველოს ფინანსთა მინისტრთან, დიმიტრი ქუმსიშვილთან, რომელმაც მთავრობის კანცელარია ჯერ კიდევ სხდომის დასრულებამდე დატოვა. კითხვები ჰქონდათ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთანაც. მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებთან შესახვედრად არც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გამოჩენილა.

სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ მინისტრთა კაბინეტის წევრებმა შენობა დატოვეს და მედიასთან კომენტარს არ გააკეთებენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი