ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“კონფლიქტის ესკალაციის განახლებული საფრთხე” – სამხრეთ კავკასია საერთაშორისო მედიაში

2 მარტი, 2017 • 3642
“კონფლიქტის ესკალაციის განახლებული საფრთხე” – სამხრეთ კავკასია საერთაშორისო მედიაში

2017 წლის თებერვალში სამხრეთ კავკასიის ქვეყნები, არაღიარებულ რესპუბლიკებთან და მოუგვარებელ კონფლიქტებთან ერთად, კვლავ მოექცა საერთაშორისო მედიის, უფლებადამცველი ორგანიზაციებისა და ანალიტიკური გამოცემების ყურადღების ეპიცენტრში. “ნეტგაზეთი” რეგიონში თვის უმნიშვნელოვანესი მოვლენების შესახებ ყველაზე საინტერესო მოსაზრებებს გაგაცნობთ.

რეფერენდუმი მთიან ყარაბაღში და კონფლიქტის ესკალაციის განახლებული საფრთხე

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც საერთაშორისო მედიისა და ანალიტიკური გამოცემების ყურადღების ცენტრში მოექცა 2017 წლის თებერვალში, მთიანი ყარაბაღის არაღიარებულ რესპუბლიკაში საკონსტიტუციო ცვლილებებისათვის გამართული რეფერენდუმი იყო. 20 თებერვალს რეფერენდუმში მონაწილეობა 80 000-მდე ადამიანმა მიიღო და ხმა მისცა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის თანახმადაც, უახლოეს მომავალში მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო რესპუბლიკა ნახევრად საპარლამენტო სისტემიდან საპრეზიდენტო სისტემაზე გადადის.

რეფერენდუმი EU Observer-ის ყურადღების ცენტრშიც მოექცა, თუმცა, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების გამწვავების კონტექსტში. როგორც გამოცემა წერს, ორივე სახელმწიფო ევროკავშირთან აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ახალ შეთანხმებებზე ფიქრობს, რათა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს დაუახლოვდეს. თუმცა, თუკი კონფლიქტი გამწვავდება, ბაქოდან და ერევნიდან წამოსული რაკეტები ამ დაახლოების მცდელობას ჩანასახშივე მოსპობს, ათასობით ლტოლვილი კი ევროპის ქვეყნებს მიადგება.

გამოცემის ვარაუდით, კონფლიქტის ესკალაცია აზერბაიჯანის ნავთობის ექსპორტსაც შეუშლის ხელს და ახალი გაზსადენის მშენებლობასაც, რასაც რუსეთზე დამოკიდებულების შემცირება მოჰყვება. ამასთან, კონფლიქტი ჩაითრევს რუსეთს, რომელსაც სომხეთის დაცვის ვალდებულება აქვს, თურქეთს, რომელიც აზერბაიჯანის აქტიური მხარდამჭერია, და ირანს, რომელსაც არ სურს აზერბაიჯანის კონტროლის სფეროს გაფართოება

Location_Nagorno-Karabakh2

ალბათობა იმისა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი ყარაბაღის გამო შეიარაღებულ დაპირისპირებას გააგრძელებენ მომავალი თორმეტი თვის განმავლობაში, მაღალია, – წერს კიდევ ერთი გამოცემა “საგარეო ურთიერთობების საბჭო” (Council on Foreign Relations – CFR). 2016 წლის აპრილის ოთხდღიანი ომის შემდეგ რეგიონში სიტუაცია კვლავ დაძაბულია. 2017 წლის თებერვალში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სიტუაცია გამწვავდა – ეუთოს (OSCE) მინსკის ჯგუფის ინფორმაციით, რომელიც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაზე 1992 წლიდან მუშაობს, ნეიტრალურ ტერიტორიაზე აღმოაჩინეს დაღუპული სამხედროების ცხედრები. მოგვიანებით ცხედრები საერთაშორისო შუამავლების მონაწილეობით აზერბაიჯანში გადაასვენეს.

ფართომასშტაბიანი კონფლიქტის სავარაუდო განახლებამ, შესაძლოა, სამოქალაქო მღელვარება ან ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვიოს სომხეთში, აზერბაიჯანსა და მეზობელ ქვეყნებში. CFR-იც მიიჩნევს, რომ ამან შეიძლება რეგიონში რუსეთის სამხედრო ჩარევაც გამოიწვიოს. ყურადღების ის მასშტაბი, რასაც ვაშინგტონი უთმობდა მთიან ყარაბაღს (რაც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობასაც გულისხმობს რუსეთთან და საფრანგეთთან ერთად), ხაზს უსვამს აშშ-ის ძლიერ მხარდაჭერას მშვიდობის შესანარჩუნებლად.

გარდა ყარაბაღში გამართული რეფერენდუმისა, ტერიტორიის გამო დაპირისპირებული მხარეები – აზერბაიჯანი და სომხეთი – სხვა მოვლენების გამოც მოხვდნენ საერთაშორისო მედიის ჰედლაინებსა და ორგანიზაციების ყურადღების ცენტრში. მაგალითად, თებერვალში კავკასიაში განვითარებული მოვლენებიდან ყურადღება მიიქცია აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მიერ საკუთარი მეუღლის, მეჰრიბან ალიევას დანიშვნამ ვიცეპრეზიდენტის პოსტზე. როგორც “ევრაზიანეტი” წერს, ეს ნაბიჯი მმართველი რეჟიმის ფარგლებში “ძალაუფლებისა და გავლენის მოსაპოვებლად სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის” შედეგია.

მას შემდეგ, რაც ილჰამ ალიევმა 2003 წელს მამამისი ჩაანაცვლა პრეზიდენტის პოსტზე, ეკონომიკური კრიზისისა და აზერბაიჯანის ენერგეტიკის სფეროში შემოსავლების მნიშვნელოვანი კლების პარალელურად შიდასამთავრობო განხეთქილებები გააქტიურდა, ამტკიცებს გამოცემა.

როგორც “რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება” წერს, თუკი აზერბაიჯანის რეფერენდუმამდე პრეზიდენტი ვეღარ შეძლებდა დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, ეს როლი პრემიერს ენიჭებოდა, ახლა კი – ვიცეპრეზიდენტს.

36238

თებერვალში გამოქვეყნდა საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია “ჰიუმენ რაიტს უოტჩის” (Human Rights Watch) წლიური ანგარიში სომხეთში მზუნველობამოკლებული ბავშვების მდგომარეობის შესახებ, სადაც საუბარია, რომ მცირეწლოვანი ბავშვები აუცილებლობის გარეშე არიან დაცილებულები ოჯახს. ორგანიზაცია მიმოხილავს საერთო საცხოვრებლებში არსებულ პრობლემებს და აკრიტიკებს სახელმწიფოს მიდგომებს ამ პრობლემებთან დაპირისპირებაში.

სომხეთში, ბავშვთა სახლებსა და სხვა სააღმზრდელო დაწესებულებებში ბავშვების როდენობა სიღარიბის გამო იზრდება. ამასთან, კვლევის თანახმად, სომხეთის სააღმზრდელო დაწესებულებებში ბავშვების 90 პროცენტს ერთი მშობელი მაინც ჰყავს ცოცხალი.

იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფო ვალდებულია, ოჯახურ გარემოს მოკლებული ბავშვებისთვის ალტერნატიული ზრუნვის შესაძლებლობები გამონახოს, მის მიერ შემუშავებული გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც ინსტიტუციურ მზრუნველობას ითვალისწინებს, არ არის შესაფერისი ალტერნატივა ოჯახის ან საოჯახო ტიპის ზრუნვისა, წერს ორგანიზაცია. მისი მტკიცებით, რესურსებით ყველაზე კარგად აღჭურვილი დაწესებულებებიც კი ვერ ჩაანაცვლებენ ოჯახს. HRT-ს არგუმენტად მოჰყავს გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) კვლევა და წერს, რომ ასეთ დაწესებულებებში ცხოვრებამ შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული შედეგები ბავშვების ფიზიკურ, შემეცნებით და ემოციურ განვითარებაში.

Screen Shot 2017-03-02 at 1.20.01 PMკვლევაში ისიცაა აღნიშნული, რომ მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული და დაგეგმილი ნაბიჯებისა (რაც აღნიშნულ დაწესებულებებში ბავშვების რაოდენობის შემცირებასა და საოჯახო გარემოში დაბრუნებას – დეინსტიტუციონალიზაციას – გულისხმობს), HRW შიშობს, რომ რეფორმები ვერ უზრუნველყოფს ყველა ბავშვის ძირითადი უფლებების დაცვას. ორგანიზაცია განსაკუთრებით შეშფოთებულია ასეთ დაწესებულებებში მყოფი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მდგომარეობაზე და შიშობს, რომ ისინი კიდევ უფრო ძლიერი დისკრიმინაციის მსხვერპლნი გახდებიან.

ორგანიზაციის რეკომენდაციით, სომხეთის ხელისუფლებამ უნდა შეიმუშაოს ისეთი ეროვნული სტრატეგია და სამუშაო გეგმა, რომელიც თავიდან აიცილებს ბავშვების რეზიდენტულ დაწესებულებებში მოხვედრას და ბიოლოგიურ ოჯახებს გააძლიერებს. ხოლო ინსტიტუციონალიზებული ბავშვების სრული დეინსტიტუციონალიზაცია, ბავშვების ტრავმირების გარეშე, ბიოლოგიურ ოჯახებში ან ალტერნატიული ზრუნვის სხვა ოჯახურ სერვისებში მოხდება.

ადამიანის უფლებათა მდგომარეობა სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში

სამხრეთ კავკასიის ქვეყნები მოხვდნენ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია “ამნესტი ინთერნეიშენალის” კვლევაშიც. ყოველწლიურ ანგარიშში – “მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა” – ყველა სხვა ქვეყანასთან ერთად, მიმოხილულია საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის გამოწვევები ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით.

Screen Shot 2017-03-02 at 1.23.26 PMანგარიშში წერია, რომ 2016 წელი სომხეთისათვის ეკონომიკური და პოლიტიკური არასტაბილურობის წელი იყო, ამასთან, გაიზარდა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები ყარაბაღის 4-დღიანი კონფლიქტის შემდეგ. ყარაბაღის გარდა, ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ივლისში განვითარებულ მოვლენებზე, როდესაც შეიარაღებულმა მოძრაობა “სასნა ცრერმა” ერევნის პოლიციის ერთ-ერთი განყოფილება დაიკავა. როგორც ანგარიშში წერია, თუკი პოლიციამ, უმეტეს შემთხვევაში, ხელი არ შეუშალა მშვიდობიან შეკრებებს, ისინი მაინც რეგულარულად აკავებდნენ პროტესტის მონაწილეებს, ხშირად – ძალის გადამეტებითაც. “ამნესტი” წერს თვითნებურ დაკავებებსა და წამებასა და სხვა არაადამიანური მოპყრობის ფაქტების შესახებაც.

ანგარიშში აღნიშნულია ისიც, რომ სომხეთის ხელისუფლებამ შეცვალა კანონი აბორტის შესახებ, რითაც აკრძალა მეთორმეტე-ოცდამეორე კვირაში სელექციური აბორტების გაკეთება. ქალთა უფლებათა ჯგუფების ნაწილის შეფასებით, ცვლილებებმა, შესაძლოა, ქალებს აბორტის უსაფრთხოდ გაკეთების სურვილი დაუკარგოს, რაც კორუფციის, საფრთხის შემცველი აბორტების რიცხვისა და დედათა სიკვდილიანობის გაზრდას გამოიწვევს.

ამავე კვლევაში აზერბაიჯანის 2016 წლის სექტემბრის რეფერენდუმია ნახსენები, რომლის შედეგადაც პრეზიდენტის ინსტიტუტი გაძლიერდება – ცვლილებების შედეგად მოქმედ ლიდერს შეეძლება ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა ან პარლამენტის დაშლა. კონსტიტუციურმა ცვლილებებმა ხელისუფლებას კიდევ უფრო მეტი ძალაუფლება მიანიჭა თავისუფლად შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების შეზღუდვისათვის. გაგრძელდა ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ადამიანების დაპატიმრება – წლის ბოლოსათვის, ყველაზე ცოტა, 14 “სინდისის პატიმარი” [“ამნესტი ინთერნეიშენალის” მიერ დამკვიდრებული ცნებაა და გულისხმობს იმ პირებს, რომლებიც დაკავებული არიან საკუთარი რწმენის გამოხატვისათვის, რასობრივი, რელიგიური, პარტიული, ენობრივი, ეთნიკური, სქესობრივი ან სექსუალური ორიენტაციის, ან კუთვნილებისათვის] ზის ციხეში. ადგილობრივი უფლებადამცველების თანახმად კი, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით 100-ზე მეტი ადამიანია დაპატიმრებული. ყველა მეინსტრიმული მედიასაშუალება მთავრობის კონტროლს ექვემდებარება, წნეხის ქვეშ არის დამოუკიდებელი მედია და ა.შ.

“ამნესტის” ანგარიშის იმ ნაწილში, რომელიც საქართველოს ეხება, ყურადღება გამახვილებულია მოსამართლეებზე ზეწოლასა და მთავრობისთვის ხელსაყრელი სასამართლო გადაწყვეტილების მიღების ფაქტებზე. დოკუმენტის თანახმად, ორმაგი მიდგომა იკვეთება ოპოზიციურად განწყობილ და სამთავრობო ძალების მიმართ გამოტანილ განაჩენებში.  ანგარიშში შეკრებისა და თავისუფლების უხეშ დარღვევად დასახელდა კორცხელის ინციდენტი, როდესაც პოლიციამ არ მიიღო სათანადო ზომები. დამატებით, ანგარიშში აღნიშნულია დემურ სტურუას თვითმკვლელობის საქმე, კონსტიტუციაში ქორწინების ქალისა და კაცის ერთობად განმარტების მცდელობა, ლგბტიქ თემის მიმართ ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკა და არაეფექტური გამოძიება და ა.შ;

ასევე „ამნესტი ინტერნეიშენალი“ შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილ ვითარებას. ანგარიშში წერია, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციები, რუსული სამხედრო ძალის დახმარებით, ადამიანებს ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილებას უზუდავენ.

აფხაზური და ქართული მხარეების ურთიერთობის პერსპექტივებზე

21 თებერვალს ანალიტიკურ პლატფორმა ‘ნიუ ისტერნ იუროპზე’ (New Eastern Europe) გამოქვეყნდა სტატია, “საქართველოს ვარიანტები/არჩევანი აფხაზეთის საზღვართან”, სადაც ავტორები მიმოიხილავენ იმ საფრთხეს, რის წინაშეც საქართველო შეიძლება აღმოჩნდეს აშშ-ის ახალ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის ურთიერთობის სავარაუდო დათბობის შედეგად. ავტორები ფიქრობენ, რომ ეს შეიძლება ნიშნავდეს საქართველოს თანამდებობის პირების ნაკლებ ხელმისაწვდომობას ვაშინგტონთან.

ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

სტატიაში კრიტიკულადაა შეფასებული აფხაზებისთვის საქართველოს მიერ ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის პრივილეგიის შეთავაზება. ავტორები ფიქრობენ, რომ ამ ნაბიჯმა და რუსეთის პასუხმა შეიძლება კიდევ უფრო გაამყაროს არაღიარებულ რესპუბლიკასა და რუსეთს შორის კავშირი.

“ამ ახალი ცივი ომის ეპოქაში ქართველებმა უნდა გადახედონ თავიანთ სტრატეგიას დაკარგული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით, სანამ ეს ფესვგადგმული, ერთი შეხედვით, შეუმჩნეველი პრობლემები  სრულ ქაოსში  გადაიზრდება, ან უფრო უარესიც – ომში”, – წერენ ავტორები. მათი აზრით, ახლა საქართველოს ინტერესებს ყველაზე მეტად წაადგებოდა, დაენებებინა თავი “აფხაზეთში დომინაციის აღდგენის აუხდენელი ოცნებებისათვის და მას უფრო მეტი სუვერენიტეტის მოპოვებაში დახმარებოდა. ეს გადაარჩენდა აფხაზეთს რუსეთის მიერ სრულად შთანთქმისგან და უბიძგებდა საქართველოსთან გაფართოებული თანამშრომლობისკენ.

ნიუ ისტერნ იუროპის” აღნიშნული სტატიის ქართულენოვანი თარგმანის ნახვა შეგიძლიათ ნეტგაზეთის ვებგვერდზე

 


         

24105პროექტი დაფინანსებულია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს მიერ. მასალაში გამოყენებული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ან ნეტგაზეთის პოზიციებს. პროექტი ითვალისწინებს ყოველთვიური დაიჯესტის გამოცემას, რომელიც თვის განმავლობაში საერთაშორისო მედიასა და ანალიტიკური გამოცემებში კავკასიის რეგიონზე კონცენტრირებულ საკითხებს მიმოიხილავს. ამასთან, პროექტი ითვალისწინებს ყოველთვიურად ერთი სტატიის თარგმანს.

თვალი ადევნეთ ნეტგაზეთს:

მასალების გადაბეჭდვის წესი