ახალი ამბებიკომენტარი

გოგორიშვილი: “ქართული ოცნება” საარჩევნო სისტემის რეფორმაზე ჩამოყალიბებული არ არის

2 მარტი, 2017 • 2998
გოგორიშვილი: “ქართული ოცნება” საარჩევნო სისტემის რეფორმაზე ჩამოყალიბებული არ არის

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე ირაკლი კობახიძემ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ისეთი წესი წარმოადგინა, რაც არსებითად მდგომარეობას არ ცვლის.

ხათუნა გოგორიშვილის ინფორმაციით, ხელისუფლებას სურს, გადაუნაწილებელი მანდატები  არჩევნებში პირველ ადგილზე გასულ პარტიას მიეკუთვნოს. დღეს მოქმედი წესით კი, ასეთი მანდატები იმ სუბიექტებზე ნაწილდება, რომლებმაც 6მ ან მეტი მანდატი მიიღეს:

“საპარლამენტო უმრავლესობა ჩამოყალიბებული არ არის საარჩევნო სისტემის რეფორმაზე. საპარლამენტო უმრავლესობაში არის 72 მაჟორიტარი, რომლებიც კბილებით იცავენ მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას. დღეს უცნაური ფაქტის მომსწრე გავხდით. ეს არის ულტიმატუმი. პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ თუ პროპორციულ სააარჩევნო სისტემაზე გადავალთ, მაშინ გადაუნაწილებელი მანდატები პირველ ადგილზე გასულ პარტიას მიეკუთვნოსო.  ეს ინიციატივა დღეს პირველად გაჟღერდა. იმედია, რომ ამ ინიციატივას აქტიური პროტესტი მოჰყვება საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან,” – აღნიშნავს გოგორიშვილი.

ხათუნა გოგორიშვილის დაანგარიშებით, თუ 2016 წელს “ქართულმა ოცნებამ” არჩევნებში 48 პროცენტი მიიღო და საპარლამენტო მანდატების 78 პროცენტი მოიპოვა, ამ ინიციატივით მიხედვით, 48-პროცენტიანი მხარდაჭერის პირობებში, პარტია მანდატების 73 პროცენტს მიიღებს.

“განსხვავება არის, მაგრამ არც ისეთი, რომ ინიციატივა განვიხილოთ. ეს ისევ ხელისუფლებაზეა მორგებული. ხელისუფლება პირდაპირ ამბობს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, მას უნდა ჰქონდეს მთავრობის დაკომპლექტების საშუალება”, – აცხადებს გოგორიშვილი.

მოქმედი საარჩევნო კოდექსით, საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები მიეკუთვნება მხოლოდ იმ პარტიულ სიას, რომელმაც მიიღო არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 5 პროცენტი.

თუ პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 77-ზე ნაკლები აღმოჩნდა, გაუნაწილებელი მანდატები, პირველ რიგში, მანდატების რაოდენობ0ს 6-მდე შესავსებად დაემატება რიგრიგობით იმ საარჩევნო სუბიექტებს, რომლებმაც გადალახეს საარჩევნო ბარიერი და მიღებული მანდატების რაოდენობა 6-ზე ნაკლები აქვთ.

ამის შემდეგ, კიდევ თუ დარჩა გადაუნაწილებელი მანდატები, ისინი გადასანაწილებელი მანდატების ამოწურვამდე რიგრიგობით გადანაწილდება იმ სუბიექტებზე, რომლებმაც შევსების გარეშე მიიღეს არანაკლებ 6 მანდატისა.

მასალების გადაბეჭდვის წესი