ახალი ამბები

რუსთავი 2-ის საპროტესტო აქციაში რამდენიმე პოლიტიკური პარტია მონაწილეობს [ვიდეო]

2 მარტი, 2017 • 1900
რუსთავი 2-ის საპროტესტო აქციაში რამდენიმე პოლიტიკური პარტია მონაწილეობს [ვიდეო]

რუსთავი 2-ის საპროტესტი აქციას, რომელიც უზენაეს სასამართლოსთან დღეს, 2 მარტს მიმდინარეობს, მხარს რამდენიმე პოლიტიკური პარტია უჭერს.

საპროტესტო აქციაზე, სადაც “თავისუფალი მიკროფონი” მოქმედებს, რომელიც რუსთავი 2-ის პირდაპირი ეთერით გადაიცემა, სიტყვით გამოსვლები ნაციონალური მოძრაობის წევრის, გიორგი ბარამიძის მიმართვით გაიხსნა. გიორგი ბარამიძის სიტყვთ გამოსვლას ამავე პარტიის ლიდერის, ხატია დეკანოიძის სიტყვა მოჰყვა. აქციაზე სიტყვით ერთ-ერთი პირველი გამომსვლელი იყო “ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის” თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა.

“სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები, იქნება ნაციონალური მოძრაობა თუ საკოორდინაციო საბჭოში შემავალი პარტიების წარმომადგენლები, თუ სხვა პარტიების წარმომადგენლები, საერთოდ უპარტიო მოქალაქეები, ადამიანები, ვისთვისაც თავისუფლება არის ყველაზე ფასეულობა, მოგესალმებით საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლებს,”- გიორგი ბარამიძის ამ სიტყვებით გაიხსნა რუსთავი 2-ის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია უზენაეს სასამართლოსთან.

გიორგი ბარამიძე სიტყვით გამოდის რუსთავი 2-ის საპროტესტო აქციაზე უზენაეს სასამართლოსთან. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

გიორგი ბარამიძე სიტყვით გამოდის რუსთავი 2-ის საპროტესტო აქციაზე უზენაეს სასამართლოსთან. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

აქციას მხარდაჭერას უცხადებენ “მოძრაობა ევროპული საქართველო”, “ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი”, “თავისუფალი დემოკრატები”, “რესპუბლიკელები”, “ლეიბორისტები”, “სამოქალქო ალიანსი თავისუფლებისთვის”.

“რუსთავი 2-ის ისეთი სახით შენარჩუნებას, რომელი სახითაც დღეს არსებობს, ჩვენ პრინციპულ მნიშვნელობას ვანიჭებთ და განვიხილავთ, როგორც საკვანძო მომენტს თავისუფალი საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ქვეყნის ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისათვის ბრძოლის საქმეში,”- აცხადებენ თავსუფალი დემოკრატები.

ასევე, ტელეკომპანიის მხარდასაჭერი განცხადება გაავრცელა “გირჩმა”, სადაც ნათქვამია, რომ აქციას უერთდებიან.

ძმები ზუბალაშვილების ქუჩა, სადაც უზენაესი სასამართლო მდებარეობს, აქციის გამო გადაკეტილია. ადგილზე მობილიზებული არიან პოლიციელები. ისინი უზენაესი სასამართლოს შენობის გასწვრივ დგანან.

დღეს, 2 მარტს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა რუსთავი 2-ის საკასაციო საჩივარს განიხილავს. აქცია სწორედ განხილვის დაწყებას უკავშირდება. ნიკა გვარამიას განცხადებით, აქციების სერია უზენაეს სასამართლოსთან გაგრძელდება, ვიდრე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას არ გამოიტანს.

უცნობია, დღესვე დაასრულებს თუ არა უზენაესი სასამართლო საქმის განხილვას.

რუსთავი 2 უზენაესი დიდი პალატის ორი მოსამართლის აცილებას ითხოვს. ესენი არიან: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე და  მზია თოდუა. რუსთავი 2 ასევე აპროტესტებს იმ ფაქტს, რომ უზენაესი სასამართლოს საქმეს მხარეების დაუსწრებლად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებად 2016 წლის 9 სექტემბერს ცნო.

მასალების გადაბეჭდვის წესი