ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესი მოგვიანებით უნდა ამოქმედდეს

2 მარტი, 2017 • 2011
ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესი მოგვიანებით უნდა ამოქმედდეს

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა ამოქმედდეს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

“პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესი მოგვიანებით უნდა ამოქმედდეს. ეს საბოლოო წერტილია, სადაც მისვლა გვინდა. არასწორი ინტერპრეტაციის საგანი ხდება ხოლმე არაპირდაპირი არჩევის წესი. რეალურად, არაპირდაპირი და პირდაპირი არჩევნები პრეზიდენტის კომპეტენციებს არ ცვლის, კომპეტენციები მოქმედი კონსტიტუციითაა განსაზღვრული,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომპეტენციებზე საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ გამოთქვა აზრი, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილებების  კიდევ უფრო შეზღუდვა პრაქტიკულად შეუძლებელია.

“მინიმალურ კორექტივებს თუ შევიტანთ სტატუსში და კომპეტენციებში, თორემ ამაზე მეტად პრეზიდენტის უფლებამოსილებების შეზღუდვა პრაქტიკულად შეუძლებელია. თითქმის არ ვეხებით სტატუსს და უფლებამოსილებებს. საუბარი იყო იმაზე, რომ უშიშროების საბჭო ეროვნული თავდაცვის საბჭოდ გარდაიქმნას.”

მისივე განმარტებით, ასეთ შემთხვევაში, დღევანდელი მოდელისგან განსხვავებით,  ეროვნული თავდაცვის საბჭო საომარი მდგომარეობის დროს იმოქმედებს, ხოლო მისი თავმჯდომარე პრეზიდენტი იქნება. კობახიძის თქმით, საბჭოს ეყოლება მუდმივი წევრები და მის საქმიანობას პრეზიდენტის ადმინსიტრაცია უზრუნველყოფს.

საკონსტიტუციო კომისიის პირველი სხდომა 21 იანვარს გაიმართა. კომისიის შემადგენლობაში საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენლები, ასევე ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები შედიან.  საკონსიტუციო კომისიამ უნდა მოამზადოს საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებსაც განხილვების შემდეგ, საბოლოოდ, პარლამენტი საკონსტიტუციო უმრავლესობით დაამტკიცებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი