ახალი ამბები

სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა მერაბიშვილის საქმეს 8 მარტს განიხილავს

2 მარტი, 2017 • 1616
სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა მერაბიშვილის საქმეს 8 მარტს განიხილავს

სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა 8 მარტს ზეპირი მოსმენით განიხილავს ვანო მერაბიშვილის საქმეს საქართველოს წინააღმდეგ. საქმე მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობას ეხება.

სტრასბურგის სასამართლომ 2016 წლის ივნისში გამოქევეყნა გადაწყვეტილება, სადაც ნაწილობრივ დააკმაყოფილა მერაბიშვილის სარჩელი და ორი მუხლის დარღვევა დაადგინა. იუსტიციის სამინისტროს მიმართვის შემდეგ საქმე დიდ პალატას გადაეცა.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ემზადებიან პროცესისთვის. მისივე განცხადებით, ვანო მერაბიშვილის მოწმე ომბუდსმენი უჩა ნანუაშვილი იქნება.

“მივდივართ სამართლებრვი არგუმენტებით, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს სპეკულაციებთან და პოლიტიკასთან. რა თქმა უნდა, მეორე მხარეც, ვანო მერაბიშვილის მხარეც ემზადება ამ პროცესისთვის. მათ თავიანთი არგუმენტები აქვთ და ჰყავთ თავიანთი მოწმეც, რომლის შესახებაც გვაცნობა სტრასბურგის სასამარლომ ორი დღის წინ, და ასე შევიტყვეთ, რომ საქართველოს სახალხო დამცველი ბატონ ვანო მერაბიშვილს სტრასბურგში დაუდგა მოწმედ რამდენიმე მიმართულებით, ეს არის პატიმრობის პირობები, ეს არის საკნიდან გაყვანის თეორია, მე ასე ვიტყოდი, სადაც ის ამბობს, რომ გამოძიება მაინცდამაინც სანდოდ შეიძლება ვერ ჩაითვალოს. ეს ჩვენთვის, რა თქმა უნდა, დამაზიანებელი არ არის.  ჩვენ ვართ მხარე, რომელიც არის განწყობილი სამართლებრივი დებატისა და ბრძოლისთვის,”- განაცხადა მან.

ომბუდსმენის აპარატში უარყვეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უჩა ნანაუაშვილი “მოწმედ დაუდგა” მერაბიშვილს. პრესსამსახურში აცხადებენ, რომ სტრასბურგის სასამართლოს წინაშე ნანუაშვილი არ გამოიკითხება.

“სახალხო დამცველმა მერაბიშვილის უცხოელ ადვოკატებს მოაწოდა ინფორმაცია ვანო მერაბიშვილის ციხეში მონახულების თაობაზე. ამ ინფორმაციაში არაფერი წერია იმისგან განსხვავებული, რაც არ ყოფილა მედიაში გავრცელებული და არ წერია სახალხო დამცველის საპარლამენტო თუ სპეციალურ ანგარიშში,”- აცხადებენ ომბუდსმენის აპარატში.

ვანო მერაბიშვილი, რომელსაც 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლამდე, პრემიერ-მინისტრის  თანამდებობა ეკავა, მანამდე კი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, 2013 წლის 21 მაისს დააკავეს. მას ბრალი  სამი მუხლით წაუყენეს – ამომრჩევლების მოსყიდვა, სხვისი ქონების მითვისება და თანამდებობრივი უფლებამოსილების ბროროტად გამოყენება. მერაბიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2013 წლის 22 მაისს შეუფარდა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ. 25 მაისს კი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მერაბიშვილის საჩივარი აღკვეთის ღონისძიების ფორმის შეცვლაზე და ძალაში დატოვა.

ვანო მერაბიშვილს მოგვიანებით კიდევ რამდენიმე  მუხლით წარუდგინეს ბრალი.

2014 წლის თებერვალში  ქუთაისის სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო სხვისი ქონების უკანონოდ მითვისებასა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეში და 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

გარდა ამისა, 2014 წლის თებერვალში თბილისის სასამართლომ 2011 წლის 26 მაისს საქმეზე მას პატიმრობა მიუსაჯა  4 წლით და 6 თვის ვადით.

ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, რომლებზეც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები ჯერ არ მიუღია.

მასალების გადაბეჭდვის წესი