ახალი ამბებისაზოგადოება

განათლების სამინისტრო: მოხეში მუსლიმი მოსწავლის დისკრიმინაციის ფაქტი არ დადგინდა

1 მარტი, 2017 • 2564
განათლების სამინისტრო: მოხეში მუსლიმი მოსწავლის დისკრიმინაციის ფაქტი არ დადგინდა

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტისთვის (TDI) 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მოკვლევის საფუძველზე, მოხეს საჯარო სკოლაში თეონა ბერიძის მიმართ დისკრიმინაციისა და მისი უფლებების დარღვევის სავარაუდო ფაქტი არ დადგინდა. ინფორმაცია განათლების სამინისტროში ნეტგაზეთსაც დაუდასტურეს.

TDI–ის განცხადებით, განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მათ განუცხადა, რომ 17-19 იანვარს უწყების წარმომადგენლებმა გამოკითხეს სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები, ხოლო მოსმენილი განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე დაასკვნეს, რომ მე-12 კლასელი თეონა ბერიძისთვის თავსაფრის მოხსნა არავის მოუთხოვია.

“ამის საპირისპიროდ, ჩვენთან ინტერვიუში მასწავლებელმა ნათელა ნარიმანიშვილმა აღნიშნა, რომ დირექტორმა, ნათია რეხვიაშვილმა მას დაავალა ბერიძისთვის ეთქვა, აღარ ეტარებინა თავსაფარი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი გოგონა წინააღმდეგი იქნებოდა, მასთან მიეყვანა. 2016 წლის 22 დეკემბერს ნარიმანიშვილი ესწრებოდა საუბარს, როცა დირექტორმა თეონა ბერიძეს თავსაფრის ტარებაზე უარის თქმა მოსთხოვა. ნარიმანიშვილმა ასევე დაადასტურა დირექტორის მითითება, თითქოს თავსაფრის ტარება აკრძალულია სკოლის შინაგანაწესით,” – აცხადებს ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი.

როგორც TDI-ში აცხადებენ, ნათელია, რომ სამინისტროს კომენტარი წინააღმდეგობაში მოდის მთელ რიგ განცხადებებსა და განმარტებებთან, რომლებიც მათ მოიპოვეს, მათ შორის, დირექტორსა და ბერიძეს შორის საუბრის ერთადერთი მოწმის ნათქვამთან. არასამთავრობო ორგანიზაციამ წინა კვირას სამინისტროსგან ოფიციალურად გამოითხოვა დასკვნა: “როგორც კი წერილობით დოკუმენტს მივიღებთ, გვექნება ამ ფაქტზე შესაბამისი რეაგირება.”

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის განცხადებით, ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ სამინისტრო ისევ არ რეაგირებს ადეკვატურად საჯარო სკოლებში დისკრიმინაციის კუთხით არსებულ სისტემურ პრობლემებსა და მოსწავლეების უფლებების დარღვევის სავარაუდო ფაქტებზე.

 


 

ადიგენის სოფელ მოხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 26 დეკემბერს აქცია გამართეს – ისინი აპროტესტებენ სკოლის დირექტორის მინიშნებას, მუსლიმ მოსწავლეს თავსაბურავი მოეხადა და განათლების სამინისტროსგან საკითხის შესწავლას მოითხოვდნენ.

“სამხრეთის კარიბჭის” ინფორმაციით, პროტესტის ნიშნად იმ დღეს 70-მდე მუსლიმი მოსწავლე არ დაესწრო გაკვეთილებს. მოსწავლეები აცხადებდნენ, რომ დირექტორის, ნათია რეხვიაშვილის მხრიდან რელიგიურ დისკრიმინაციას ჰქონდა ადგილი. მათი თქმით, დირექტორმა ერთ-ერთი მოსწავლეს, თეონა ბერიძეს თავსაფრის ტარება დაუშალა.

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის ინფორმაციით, მოხის საჯარო სკოლაში 180-მდე მოსწავლე სწავლობს, რომელთა დაახლოებით 90%, მათ შორის თეონა ბერიძეც, მუსლიმია. სკოლაში სწავლობენ როგორც სოფელ მოხის, ასევე მიმდებარე სოფლების მოსწავლეებიც. დირექტორის მოვალეობას კი ნათია რეხვიაშვილი მიმდინარე წლის სექტემბრიდან ასრულებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი