ახალი ამბები

ოჯახის გარშემო ატეხილი სკანდალის მიუხედავად, ფიიონი არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

1 მარტი, 2017 • 2248
ოჯახის გარშემო ატეხილი სკანდალის მიუხედავად, ფიიონი არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ფრანსუა ფიიონი ამბობს, რომ ბრალდებების მიუხედავად, პრეზიდენტობისთვის ბრძოლას გააგრძელებს. რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი სკანდალში მას შემდეგ გაეხვა, რაც ფრანგულ მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ ფიიონის ცოლი წლების განმავლობაში იღებდა საპარლამენტო ასისტენტის ხელფასს 831 400 ევროს ოდენობით მაშინ, როდესაც საპარლამენტო საშვიც კი არ ჰქონდა.

გავრცელებული ცნობები ოჯახმა მაშინვე უარყო. თავად ფიიონი კი აცხადებდა, რომ თუ საქმეზე ოფიციალური გამოძიება დაიწყებოდა – ის საკუთარ კანდიდატურას მოხსნიდა. თუმცა მას შემდეგ, რაც გამოძიება დაიწყო, კანდიდატმა განაცხადა, რომ ბრძოლას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებამდე გააგრძელებს.

ფიიონმა მედიასთან განაცხადა, რომ ეს პოლიტიკური თავდასხმაა. 15 მარტს ფიიონი სასამართლოშია გამოძახებული. თარიღი მხოლოდ ორი დღით უსწრებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატების აპლიკაციის წარდგენის ბოლო ვადას.

ფრანსუა ფიიონი პრემიერ-მინისტრის პოსტს ნიკოლა სარკოზის პრეზიდენტობის დროს, 2007-2012 წლებში იკავებდა. მან გასულ წელს რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზში გაიმარჯვა და საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გეგმავს მონაწილეობას.

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ვრცლად წაიკითხეთ აქ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი