ქუმსიშვილი: ლარის კურსის პროგნოზირება არის უმადური საქმე

საქართველოს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აცხადებენ, რომ ისინი ეროვნული ვალუტის მოსალოდნელი გამყარების ან გაუფასურების შესახებ პროგნოზებს ვერ გააკეთებენ.

გვენეტაძის თქმით, ეროვნული ბანკი არ პროგნოზირებს კურსს და, ზოგადად, საქართველოში მოქმედი მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში შეუძლებელია მისი წინასწარ განსაზღვრა.

ქუმსიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ვალუტის გაცვლით კურსზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს და მნნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორი ეკონომიკური მდგომაროება იქნება საქართველოს სავაჭრო პატრნიორ ქვეყნებში:

“პროგნოზირება არის უმადური საქმე. ჩვენ გვაქვს მცურავი გაცვლითი კურსი. მცურავ გაცვლით კურსზე მოქმედებს ბევრი რამე, ბევრი ფაქტორი. მათ შორის დადებითად მოქმედებს ექსპორტის ზრდა, ტურიზმის ზრდა, ფულადი გადმორიცხების ზრდა და, რა თქმა უნდა, ჩვენს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში არსებული მდგომარეობა,” – ამბობს მინისტრი.

ჟურნალისტების შეკითხვას ლარის კურსთან დაკავშირებით დღეს მინსიტრმა და სები-ის პრეზიდენტმა IMF-თან ერთად გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთეს, სადაც მომავალი 3-წლიანი პროგრამის შესახებ ისაუბრეს.

დღევანდელი, პირველი მარტის ოფიციალური გაცვლითი კურსით 1 აშშ დოლარი 2.5494 ლარი ღირს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი