ახალი ამბები

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა ონლაინ-სესხის გამცემი კომპანია დააჯარიმა

1 მარტი, 2017 • 3441
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა ონლაინ-სესხის გამცემი კომპანია დააჯარიმა

2016 წელს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა დააჯარიმა ერთ-ერთი ონლაინ-სესხების გამცემი კომპანია, რომელმაც მოქალაქის ფინანსური დავალიანების შესახებ ინფორმაცია მის თანამშრომლებს გაუმჟღავნა. ეს საქმე მოცემულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2016 წლის ანგარიშში:

[red_box]დაჯარიმების საქმე[/red_box]

2016 წელს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს მიმართა მოქალაქემ, რომელიც მიუთითებდა, რომ ერთ-ერთმა ონლაინსესხის გამცემმა კომპანიამ მისი ფინანსური დავალიანების შესახებ ინფორმაცია გაუმჟღავნა მის თანამშრომლებს. ინსპექტორის აპარატის ინფორმაციით, აღნიშნული პირები განმცხადებელს სესხის ხელშეკრულებაში არ ჰყავდა მითითებული, როგორც საკონტაქტო პირები. ამასთან, ანგარიშის თანახმად, სესხის ხელშეკრულება ითვალისწინებდა მხარეებს შორის კომუნიკაციის მხოლოდ რამდენიმე კონკრეტულ ფორმას (სატელეფონო ნომრით, ელექტრონული ფოსტითა და მისამართზე დაკავშირებით) და არ მოიცავდა მესამე პირებისათვის ფინანსური დავალიანების შესახებ ინფორმაციის გადაცემის შესაძლებლობას.

“მიუხედავად ამისა, კომპანიამ განმცხადებელთან კომუნიკაციის გზად აირჩია სწორედ მესამე პირების მეშვეობით მასთან დაკავშირება და მათ გაუმჟღავნა განმცხადებლის ფინანსური დავალიანების შესახებ ინფორმაცია”, – ვკითხულობთ ინსპექტორის ანგარიშში, რომლის მიხედვითაც, კომპანიას არ გამოუყენებია განმცხადებელთან პირდაპირი კომუნიკაციის სხვა საშუალებები.

ინსპექტორის შეფასებით, მესამე პირებისათვის განმცხადებლის ფინანსური დავალიანების არსებობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება არ წარმოადგენდა აუცილებლობას და კომპანიას განმცხადებლის ინფორმირება შეეძლო იმგვარად, რომ მესამე პირებისათვის ხელმისაწვდომი არ გამხდარიყო მისი ფინანსური მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია.

“ამდენად, კომპანიას არ გააჩნდა განმცხადებლის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნების სამართლებრივი საფუძველი. კომპანიის მიერ მონაცემთა მესამე პირისათვის გამჟღავნებით დადგინდა “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის დარღვევა და კომპანიას დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ჯარიმის სახით”, – აცხადებს ინსპექტორის აპარატი.

ონლაინსესხების გამცემი და პრობლემური სესხების ამომღები კომპანიების მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საკითხს ინსპექტორის ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 2016 წლის განმავლობაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ განხილული განცხადებების საკმაოდ დიდი ნაწილი სწორედ ონლაინსესხების გამცემი და პრობლემური სესხების ამომღები კომპანიების მიერ მონაცემების დამუშავების კანონიერებას შეეხებოდა.

ანგარიშის ამ ნაწილს უცვლელად გთავაზობთ:

ელექტრონული ფორმით სესხის გაცემის პროცესის სიმარტივე, ხელმისაწვდომობა, სისწრაფე _ ამ და სხვა ფაქტორების გამო, ონლაინსესხის სერვისით სულ უფრო მეტი მოქალაქე სარგებლობს, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ზრდის ონლაინსესხების გამცემი კომპანიების მხრიდან პერსონალური მონაცემების დამუშავების მოცულობას. კომპანიები მსესხებლის შესახებ ინფორმაციას ძირითადად მოიპოვებენ ონლაინრეჟიმში, თავად მონაცემთა სუბიექტისგან.

როგორც წესი, სესხის მსურველი პირი რეგისტრირდება კომპანიის ვებგვერდზე, ელექტრონული განაცხადის ფორმაში მიუთითებს თავის მონაცემებს (მაგ. სახელს, გვარს, პირად ნომერს, მისამართს, საკონტაქტო ინფორმაციას და სხვა) და ეთანხმება (ღილაკის _ “ვეთანხმები” მონიშვნით) კომპანიის მიერ განსაზღვრული ხელშეკრულების პირობებს. უმეტეს შემთხვევაში, ელექტრონულ განაცხადში გამიჯნული არ არის სავალდებულოდ და არასავალდებულოდ შესავსები გრაფები; ამასთანავე, მსესხებელი, როგორც წესი, ნაკლებად ეცნობა ხელშეკრულების პირობებს დეტალურად. შედეგად, მას არ აქვს საკმარისი ინფორმაცია, თუ რა მიზნით და მოცულობით გამოიყენებს კომპანია მის პერსონალურ მონაცემებს და რა პრობლემები შეიძლება მოჰყვეს მონაცემთა დაცვის თვალსაზრისით მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობას (მსესხებლის სამსახურთან ან ოჯახთან კრედიტორის სახელით დაკავშირება, დავალიანების შესახებ ინფორმაციის ყოველგვარი საჭიროების გარეშე გამჟღავნება და ა.შ. )

განმცხადებლები ძირითადად მიუთითებდნენ მათი ფინანსური დავალიანების შესახებ ინფორმაციის მესამე პირებისათვის (ოჯახის წევრების, მეზობლების, მეგობრების ან/და თანამშრომლებისთვის) უკანონოდ გამჟღავნების ფაქტებზე, ასევე, სესხის ხელშეკრულებებში პერსონალური მონაცემების დამუშავების მარეგულირებელი პუნქტების კანონშეუსაბამო შინაარსზე.

ფიზიკური პირის ფინანსური დავალიანების შესახებ ინფორმაცია (დავალიანების არსებობა, მისი ოდენობა, გადახდის ვადა და სხვა) წარმოადგენს პერსონალურ მონაცემს და მისი გამჟღავნება მესამე პირ(ებ)ისთვის დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მონაცემთა გამჟღავნების სამართლებრივი საფუძველი (მაგ. მონაცემთა სუბიექტის თანხმობა; მონაცემთა დამმუშავებლის ან მესამე პირის აღმატებული კანონიერი ინტერესი და სხვა), მონაცემთა გამჟღავნება აუცილებელია კონკრეტული კანონიერი მიზნის მისაღწევად და გამჟღავნებული  მონაცემების მოცულობა შეესაბამება ლეგიტიმურ მიზანს.

მონაცემთა დამმუშავებლები, მით უფრო ფინანსურ სექტორში მომუშავე ორგანიზაციები, რომლებიც ფლობენ პირის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას, ვალდებულნი არიან, დაიცვან სამართლიანი ბალანსი თავიანთ კანონიერ ინტერესებსა და მსესხებლის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას შორის. მონაცემთა სუბიექტის პერსონალური მონაცემების (მათ შორის, ფინანსური დავალიანების შესახებ ინფორმაციის) მესამე პირებისთვის გამჟღავნება პირდაპირ კავშირში უნდა იყოს მონაცემთა დამმუშავებელი ორგანიზაციის ლეგიტიმური ინტერესის დაცვასთან და წარმოადგენდეს მიზნის მიღწევისთვის აუცილებელ ზომას.

 

ხშირია შემთხვევები, როდესაც ონლაინსესხის გამცემი კომპანიები პრობლემურ სესხს გადასცემენ სესხების გადახდის უზრუნველყოფაზე მომუშავე სხვა კომპანიებს. ასეთ შემთხვევებში, ხშირად სესხის ამომღებ კომპანიას გადაეცემა მსესხებლის პერსონალური მონაცემები და ენიჭება უფლებამოსილება, იმოქმედოს სესხის გამცემი კომპანიის სახელით/მისი მიზნებისათვის. ამ შემთხვევაში “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ~ საქართველოს კანონის” მიზნებისათვის ის წარმოადგენს სესხის გამცემი კომპანიის _ მონაცემთა დამმუშავებლის უფლებამოსილ პირს.

2016 წელს გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც უფლებამოსილმა პირებმა სესხის გადახდის უზრუნველსაყოფად მიმართეს მონაცემთა დამუშავების ისეთ მეთოდებს, რომელთა სამართლებრივი საფუძველი, კანონიერი მიზანი და აუცილებლობა არ არსებობდა. მათ შორის იყო: მსესხებლის სამუშაო ადგილზე, საცხოვრებელ მისამართზე ვიზიტი და ფინანსური დავალიანების შესახებ საკითხის სხვა პირების თანდასწრებით განხილვა; მსესხებლის მოძიება მის ყველა შესაძლო ნაცნობთან დაკავშირების გზით; ნაცნობებისთვის მსესხებლის ფინანსური დავალიანების შესახებ ინფორმაციის პირდაპირ თუ ირიბად მიწოდება და სხვა.

როგორც სესხის გამცემი, ასევე პრობლემური სესხის გადახდის უზრუნველყოფაზე მომუშავე კომპანიები ვალდებულნი არიან, მონაცემთა გამჟღავნებისას გაითვალისწინონ მონაცემთა დამუშავების კანონით დადგენილი წესები და აკრძალვები. წინააღმდეგ შემთხვევაში, დგება მათთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი. მონაცემთა კანონდარღვევით დამუშავების ფაქტები, გარდა იმისა, რომ ლახავს მონაცემთა სუბიექტის უფლებებს, ზიანს აყენებს კომპანიის სახელსა და საქმიან რეპუტაციასაც.

როგორც წესი, სესხის ხელშეკრულებები ითვალისწინებს მსესხებლის პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ სტანდარტულ პირობებს, რომლითაც მსესხებელი თანხმდება თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, ასეთი პირობების შინაარსი მოქალაქეთათვის ბუნდოვანია, კონკრეტული ხელშეკრულების მუხლების ზოგადი ფორმულირებების გამო. კანონის მიხედვით, თანხმობა მონაცემთა სუბიექტის მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ მის შესახებ მონაცემთა განსაზღვრული მიზნით დამუშავებაზე ზეპირად, სატელეკომუნიკაციო ან სხვა შესაბამისი საშუალებით გამოხატული ნებაა.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მარეგულირებელი სახელშეკრულებო პირობების შედგენისას გასათვალისწინებელია “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნები არა ფორმალურ, არამედ შინაარსობრივ ჭრილში. ხელშეკრულებაში ცხადად და ნათლად უნდა აისახოს მონაცემთა დამუშავების სავარაუდო მოცულობა და ფარგლები, მათ შორის _ ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მესამე პირებისთვის გადაცემის შემთხვევები და ფორმები.

2016 წელს ინსპექტორის მიერ შესწავლილ რამდენიმე შემთხვევაში სესხის ხელშეკრულების პირობები არ ჩაითვალა მონაცემთა კონკრეტული მიზნითა და ფორმით დამუშავებაზე მსესხებლის მიერ გაცხადებულ თანხმობად, მათი არასრული, ზოგადი ან/და ფართო ფორმულირების გამო. ყველა მსგავს ვითარებაში, კომპანიებს მიეცათ რეკომენდაცია, პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებულ სახელშეკრულებო პირობებში ნათლად მიეთითებინათ კონკრეტული მიზანი და დამუშავების ფორმები.

2016 წელს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს განცხადებით მომართა მოქალაქემ, რომელიც მიუთითებდა, რომ ერთ-ერთ ონლაინსესხების გამცემ კომპანიასა და მას შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების ის პირობა, რომელიც შეეხებოდა მსესხებლის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ეწინააღმდეგებოდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.

სესხის ხელშეკრულების ხსენებული პუნქტის ფორმულირება იყო შემდეგი: ხელშეკრულებით, მომხმარებელი კომპანიას ანიჭებს უპირობო უფლებას, მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია (მათ შორის, პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია), მომხმარებელთან დამატებითი შეთანხმების გარეშე გადასცეს მესამე პირებს, მათ შორის: მომხმარებლის მიერ მითითებულ საკონტაქტო პირებს, ოჯახის წევრებსა და მომხმარებლის მისამართზე მცხოვრებ სხვა პირებს, პრობლემური სესხების ამოღებაზე მომუშავე კომპანიებს, თანხის გადარიცხვის სერვისის მომწოდებელ კომპანიებს და სხვა პირებს.

მესამე პირებისთვის პერსონალური მონაცემების გადაცემა შესაძლებელია წინამდებარე ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების რეალიზაციისა და არსებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, მათ შორის, მსესხებლის მიერ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისას მსესხებლის მოძიებისა და სესხის გადახდევინების მიზნით.

განცხადების განხილვის ფარგლებში ინსპექტორმა მიიჩნია, რომ სესხის ხელშეკრულების აღნიშნული პუნქტი იყო ზოგადი, ფართო; ცალკეულ შემთხვევებში განმცხადებელს არ აძლევდა ინფორმაციას მისი მონაცემების მესამე პირებისათვის, მათ შორის, ოჯახის წევრებისათვის გადაცემის შესაძლო მიზნების შესახებ. სახელშეკრულებო პირობა, კონკრეტული აუცილებლობისა და საჭიროების დასაბუთების გარეშე, ვერ მიიჩნეოდა განმცხადებლის ფინანსური დავალიანების შესახებ ინფორმაციის მესამე პირებისთვის გამჟღავნებაზე გაცხადებულ ნებაყოფლობით თანხმობად.

აღწერილ შემთხვევაში, ინსპექტორის გადაწყვეტილებით, დამმუშავებელს მიეცა მითითება, პერსონალური მონაცემების დამუშავების მარეგულირებელ სახელშეკრულებო პირობებში მკაფიოდ და კონკრეტულად ჩამოეყალიბებინა მონაცემთა დამუშავების მიზნები და რეალური საჭიროების მიხედვით განესაზღვრა დასამუშავებელი მონაცემების მოცულობა.

მნიშვნელოვანია, სესხების გამცემმა და პრობლემური სესხების ამომღებმა კომპანიებმა მონაცემთა დამუშავებისას:

  • მონაცემთა სუბიექტებს ნათლად მიაწოდონ ინფორმაცია მათი მონაცემების დამუშავების, მათ შორის, სავარაუდო გამჟღავნების შემთხვევების შესახებ (ვის შეიძლება გაუმჟღავნონ მონაცემები, როდის, რა შემთხვევაში და რა მოცულობით);
  • პირის დავალიანების შესახებ ინფორმაცია მესამე პირებს გაუმჟღავნონ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს იქნება აუცილებელი და უკიდურესი ზომა კომპანიის კანონიერი მიზნის მისაღწევად და მონაცემები გაამჟღავნონ მინიმალური მოცულობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი