ახალი ამბები

პარლამენტმა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისია დააკომპლექტა

1 მარტი, 2017 • 2266
პარლამენტმა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისია დააკომპლექტა

საქართველოს პარლამენტმა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა. შესაბამისი დადგენილება დეპუტატებმა 96 ხმით არც ერთის წინააღმდეგ დაამტკიცეს.

კომისია 2 წლის ვადით შეიქმნა და მისი თავმჯდომარე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე იქნება. უმრავლესობიდან კომისიის წევრები ასევე იქნებიან გია ვოლსკი, ირინე ფრუიძე, სვეტლანა კუდბა, გიორგი მოსიძე, ედიშერ თოლორაია და ლერი ხაბელოვი.

ოპოზიციიდან კომისიის წევრები იქნებიან სერგი კაპანაძე, თენგიზ გუნავა, ლელა ქებურია, ლაშა დამენია, რომან გოცირიძე, ადა მარშანია და დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი.

დროებითი კომისიის მოთხოვნით სახელმწიფო ორგანოები, თანამდებობის პირები, იურიდიული და ფიზიკური პირები ვალდებულნი არიან, განსაზღვრულ ვადაში, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, წარმოადგინონ კომისიის მუშაობისათვის აუცილებელი დასკვნები და სხვა საჭირო მასალები.

დროებით კომისიას უფლება აქვს, თავისი საქმიანობის საჭიროებიდან გამომდინარე, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით დასვას მის შემადგენლობაში შემავალი პარლამენტის წევრისათვის საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მინიჭების საკითხი.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად,  პარლამენტის თავმჯდომარე, კომიტეტი, ფრაქცია ან პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ ერთი მეოთხედი უფლებამოსილია, სათანადო წერილობითი დასაბუთების წარდგენით დააყენოს დროებითი კომისიის შექმნის საკითხი. პარლამენტი კენჭს უყრის აღნიშნული წინადადების მიზანშეწონილობას. თუ წინადადებას მხარს დაუჭერს დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სიითი შემადგენლობის ერთი მეხუთედისა, კენჭისყრაზე დგება დროებითი კომისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილების პროექტი.

გადაწყვეტილებას დროებითი კომისიის შექმნის შესახებ პარლამენტი იღებს დადგენილებით, რომელშიც უნდა მიეთითოს დროებითი კომისიის გამოსაკვლევი საკითხების წრე, დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადა, დროებითი კომისიის წევრთა რაოდენობა და წევრობის კანდიდატების წარდგენის ვადა. დროებითი კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციებში გაერთიანებული პარლამენტის წევრებისა და იმ პარლამენტის წევრების რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც არ შედიან არც ერთ ფრაქციაში.

დროებით კომისიაში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს კომისიის შექმნის შესახებ დადგენილების მიღებისთანავე განსაზღვრავს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი და ამტკიცებს პარლამენტის ბიურო. უმრავლესობის წარმომადგენლობა დროებით კომისიაში არ უნდა აღემატებოდეს დროებითი კომისიის წევრთა რაოდენობის ნახევარს. პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრული პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დაცვით ფრაქცია, უმრავლესობა, უმცირესობა და დამოუკიდებელ პარლამენტის წევრთა საკოორდინაციო საბჭო დროებითი კომისიის თავმჯდომარეს წარუდგენენ დროებითი კომისიის წევრობის კანდიდატებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი