ახალი ამბები

დღეს პარლამენტი “ფარულ თვალთვალზე” კანონპროექტს დაამტკიცებს

1 მარტი, 2017 • 1480
დღეს პარლამენტი “ფარულ თვალთვალზე”  კანონპროექტს დაამტკიცებს

დღეს, 1 მარტს პარლამენტი მესამე და საბოლოო მოსმენით განიხილავს და დაამტკიცებს ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს.

“ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძე ამბობს, რომ კანონპროექტი ხელისუფლებამ ჯიუტად გაიტანა და შენიშვნები არ გაითვალისწინა:

“ეს არის ანტიკონსტიტუციური კანონი და დიდი ალბათობით საკონსტიტუციო სასამართლო კვლავ დააბრუნებს ამ კანონს უკან. გამოვიყენებთ ყველა გზას, რომ ეს კანონი არ შევიდეს მოქმედებაში. გავასაჩივრებთ, მივმართავთ სახალხო დამცველს, მივმართავთ პრეზიდენტს, ყველა სამრთლებრივ ფორმას გამოვიყენებთ, მათ შორის ოცდაათი დეპუტატის ხელმოწერას შევაგროვებთ, რომ კვლვ გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამრათლოში და ამ კანონმა არ იხილოს დღის სინათლე,” – აღნიშნა გოცირიძემ.

გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ ანტიკონსტიტუციურობაზე საუბარი მიუღებელია:

“ამაზე საუბარი ჩემთვის მისაღები რომ იყოს, კანონპროექტს მხარს არ დავუჭერდი. წინა მოწვევის პარლამენტშიც არ მიმაჩნდა, რომ არაკონსტიტუციური კანონი მივიღეთ. ახლაც მიმაჩნია, რომ რაც იყო საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნა, შევასრულეთ. თუკი გასაჩივრდება და საკონსტიტუციო სასამართლო რაიმე განსხვავებულ პოზიციას დააფიქსირებს, ეს უკვე საკონსტიტუციო სასაამრთლოს პრეროგატივა იქნება”.

სხდომას პროტესტის ნიშნად არ ესწრება “ევროპული საქართველო” და პატრიოტთა ალიანსი.

“ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას პარლამენტის სხდომაში. პროექტის მეორე მოსმენით განხილვისას “ქართულმა ოცნებამ” უარი განაცხადა მუხლობრივ, დეტალურ მსჯელობაზე. მათ კარგად იციან, რომ ამ მსჯელობის შედეგად კიდევ უფრო კარგად გამოვლინდებოდა ამ პროექტის ანტიკონსტიტუციურობა,” – ამბობს ირაკლი აბესაძე, “ევროპული საქართველოს” ფრაქციის წევრი.

იმისათვის, რომ ფარული მოსმენისთვის საჭირო ე.წ. გასაღები სუს-ის ხელში არ იყოს, “ეს შენ გეხებას” წევრი ორგანიზაციები წინააღმდეგობის რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ. ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველოს” ადამიანის უფლებათა პროგრამის მენეჯერის, გიორგი ბურჯანაძის განცხადებით, “ეს შენ გეხება” განიხილავს, როგორც საერთაშორისო ბერკეტების გამოყენებას, ისე საკონსტიტუციო სასამართლოსა და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთვის მიმართვას.

24 თებერვალს პარლამენტმა მეორე მოსმენით განიხილა და 84  ხმით 5-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს.

ცვლილებების მიხედვით,  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომლის ხელშიც იქნება ფარული მიყურადებისთვის საჭირო ე.წ. გასაღები. პროექტით,  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – “საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს” ხელმძღვანელი საკუთარ მოადგილეებს თვითონ დანიშნავს, ხოლო სააგენტოს დებულებას პრემიერ-მინისტრი დაამტკიცებს.

სახალხო დამცველის განცხადებით, თუ პარლამენტი ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონპროექტში არსებულ ხარვეზებს  არ გაასწორებს, შესაძლოა, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმეორედ მიმართოს.

კამპანია “ეს შენ გეხებას” საკონსტიტუციო სარჩელი სასამართლომ 2016 წლის 14 აპრილს დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ ფარული მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციურია.

გადაწყვეტილებაში წერია, რომ ფარული მიყურადებით მონაცემები არ უნდა მოიპოვოს და შეინახოს ისეთმა უწყებამ, რომელიც დაინტერესებულია ამ ინფორმაციის გაცნობით.

“… მაიდენტიფიცირებელი მონაცემების (მეტადატის) კოპირება და შენახვა ისეთი უწყების მიერ, რომელსაც მინიჭებული აქვს გამოძიების ფუნქცია, ან არის პროფესიულად დაინტერესებული ამ ინფორმაციის გაცნობით, ქმნის პირად ცხოვრებაში ჩარევის მომეტებულ საფრთხეს,”- ვკითხულობთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.  სასამართლომ პარლამენტს კანონის შესაცვლელად ვადა 2017 წლის 31 მარტამდე მისცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი