მაია მიმინოშვილი 25.08.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია აბიტურიენტებს 31 მარტამდე შეეძლებათ

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 23 თებერვალს დაიწყო და  31 მარტს დასრულდება. შარშანდელის მსავსად, რეგისტრაციის პროცესი წელსაც სამ ეტაპად ხორციელდება. პირველ ეტაპზე, 31 მარტის ჩათვლით, აბიტურიენტებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია, შეარჩიონ ქალაქი, რომელშიც გამოცდებს ჩააბარებენ, აირჩიონ, სავალდებულო საგნის გარდა, რომელ გამოცდას ჩააბარებენ:

“31 მარტამდე მათ უნდა გაიარონ რეგისტრაცია. შემდეგ შეარჩიონ საგამოცდო ქალაქი, სადაც სურთ გამოცდების ჩაბარება. უნდა შეარჩიონ საგამოცდო საგანი ან საგნები – გარდა სავალდებულო გამოცდებისა. მოგეხსენებათ, სამი საგანი არის სავალდებულო. მეოთხე ან მეხუთე უკვე დამოკიდებულია იმაზე, რა მიმართულებით აპირებენ სწავლის გაგრძელებას. მათ უნდა შეარჩიონ საგამოცდო საგანი და გამოცდის ენა, მაგრამ 31 მარტის ჩათვლით მათ ექნებათ შესაძლებლობა, ყველა საკუთარი არჩევანი შეცვალონ” – ამბობს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი.

მისი თქმით, 31 მარტიდან 20 მაისამდე აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ, შეცვალონ ყველა გადაწყვეტილება – გარდა საგამოცდო ქალაქისა. 20 მაისის შემდეგ კი, მას შემდეგაც, რაც აბიტურიენტებს ეცოდინებათ საკუთარი შედეგები, შეძლებენ უმაღლესი სასწავლებლებისა და ფაკულტეტების რეიტინგულ ჩამონათვალში შეიტანონ ცვლილება.

მაია მიმინოშვილის თქმით, გამოცდები წელსაც ნახევრად ელექტრონული ფორმატით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ აპლიკანტები საგამოცდო დავალებებს ელექტრონულ ფორმატში მიიღებენ, თუმცა პასუხები შესაბამის ფურცელზე უნდა დააფიქსირონ. მაია მიმინოშვილი იმედვონებს, რომ მომავალ წელს გამოცდების ნაწილის სრულად ელექტრონულ ფორმატში ჩატარება იქნება შესაძლებელი:

“მე იმედი მაქვს, რომ უკვე გაისად შევძლებთ, ჩვენს აბიტურიენტებს შევთავაზოთ ნაწილი გამოცდებისა სრულად ელექტრონული ფორმატით. ანუ იქ, სადაც დახურულბოლოიანი დავალებებია და არა ე.წ. ღია დავალებები, დახურულბოლოიანი დავალებების ნაწილი მთლიანად ელექტრონულად შევავსებინოთ აბიტურიენტებს. ეს მომხიბლავი იქნება აბიტურიენტებისთვის იმიტომ, რომ მათ ექნებათ შესაძლებლობა, მაგალითად, ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები გმაოცდის დასრულებისთანავე შეიტყონ” – ამბობს მიმინოშვილი.

მისი თქმით, საგამოცდო პროცესი სავარაუდოდ წელსაც ივნისის ბოლოს ან ივლისის დასაწყისში დაიწყება. გამოცდები ამჯერადაც ხუთშაბათ დღეს დაიწყება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი