ახალი ამბები

ძალაშია თუ არა დვალი/აქიმიძესა და ხალვაშს შორის “3 პრინციპზე აგებული შეთანხმება” რ2-ზე

1 მარტი, 2017 • 3745
ძალაშია თუ არა დვალი/აქიმიძესა და ხალვაშს შორის “3 პრინციპზე აგებული შეთანხმება” რ2-ზე

რუსთავი 2-ის დამფუძნებლები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ტელეკომპანიის საქმეზე პრესკონფერენციის გამართვას აპირებენ, თუმცა დეტალების შესახებ წინასწარ არ საუბრობენ.

ნეტგაზეთმა დვალს დაუსვა კითხვა, კვლავაც არის თუ არა ძალაში მათი შეთანხმება ქიბარ ხალვაშთან, რომლის მიხედვითაც, თუ ბიზნესმენი ამჟამინდელ მფლობელებს სასამართლო დავას მოუგებს, ტელეკომპანიის წილის 50% სწორედ აქიმიძესა და დვალს უნდა გადასცეს. დვალი ამბობს, რომ ქიბარ ხალვაშს ბოლოს დაახლოებით 3 თვის წინ ესაუბრა:

“ქიბარს [მაშინ] ვეკონტაქტებით, როცა საქართველოში ჩამოდის. ჩვენი მხრიდან არაფერი შეცვლილა, დანარჩენზე, ალბათ, ხალვაშს უნდა ჰკითხოთ. ჩვენთვის უცნობია პოზიციის რაიმე ცვლილების შესახებ. ბევრჯერ ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, არ დამთავრედება რუსთავი 2-ის საქმე, სანამ ის დამფუძნებლებს არ დაუბრუნდება. დანარჩენი ყველა ვარიანტი – არსებული მფლობელების ხელში დატოვება ან ქიბარისთვის გადაცემით დასრულება, არ გადაწყვეტს მთავარ საკითხს, იმას, რომ ტელევიზია უკანონდ და ძალისმიერად იქნა მითვისებული 2004 წელს. სამართლიანობის აღდგენა მხოლოდ მისი დამფუძნებლებისთვის დაბრუნებას ნიშნავს”, – ამბობს დავით დვალი.

იგი აცხადებს, რომ ის და აქიმიძე, რომლებიც თავის დროზე ტელეკომპანიის 60%-ს ფლობდნენ, ხალვაშთან რუსთავი 2-ის საქმეზე რამდენიმე პირობით გარიგდნენ. შეთანხმების თანახმად, დვალს და აქიმიძეს უნდა მიეღოთ წილის 50%, ასევე, ტელეკომპანიის მართვა-მენეჯმენტის უფლება, სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაურევლობის გარანტიით:

“პლუს წინასწარი შეთანხმება ინვესტიციაზე და, რაც ყველაზე მთავარია – ის სამი ძირითადი პრინციპი, რის გარშემოც გახდა შესაძლებელი ეს შეთანხმება:

მთავარი ის არის, რომ ჩვენ ქიბარ ხალვაშთან შევთანხმდით ერთობლივი მუშაობის სამ ფუნდამენტურ პრინციპზე.

1: ტელევიზია ემიჯნება ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას. როგორც სახელისუფლოს, ისე ოპოზიციურს, და საკუთარ სარედაქციო საქმიანობას წარმართავს ზოგადსაკაცობრიო, დემოკრატიული ფასეულობების შესაბამისად, ჟურნალისტური ეთიკის პრინციპებზე დაყრდნობით.  

2: ტელევიზია არასოდეს გახდება მხარე პოლიტიკური პროცების განვითარებისას, იქნება ობიექტური და კრიტიკული პოზიციების გამომხატველი. ფართოდ იქნება წარმოდგენილი ანალიტიკური აზრი და ჟურნალისტური გამოძიება.

3: ტელეკომპანია არ დაფინასდება საბიუჯეტო სახსრებით ან პარტიების შემოწირულობებით და პოლიტიკური დაკვეთებით (ბუნებრივია, აქ არ იგულისხმება საარჩევნო პერიოდებში მოზიდული ფასიანი პოლიტიკური რეკლამა). ტელეკომპანია იარსებებს მხოლოდნ კომერციული შემოსავლებით და ეს იქნება სწორედ ტელევიზიის დამოუკიდებლობის და თავისუფლების გარანტი.

მე ვფიქრობ, ეს ის უმთავრესი სამი პრინციპია, რაც უზრუნველყოფს რუსთავი 2–ის სწორ განვითარებას და, დარწმუნებული ვარ, საზოგადოება ამაში გვეთანხმება”, – ამბობს დავით დვალი.

დავით დვალი © Geo-astro.ge

დავით დვალი © Geo-astro.ge

რაც შეეხება ინვესტიციას, დვალი განმარტავს, რომ შეთანხმების მიხედვით, ამაში ტექნიკური განახლება იგულისხმება, რომელიც მისი თქმით, ტელეკომპანიას სჭირდება. დვალი და აქიმიძე თავდაპირველად წილის 60%-ზე აცხადებდნენ პრეტენზიას. თუმცა, როგორც დვალი ამბობს, მას შემდეგ, რაც მიიღეს პირობა ხალვაშისაგან ტექნიკური გადაიარაღების პროცესის დაფინასნების თაობაზე, 50%-ს დათანხმდნენ.

არის თუ არა დვალთან და აქიმიძესთან შეთანხმება ისევ ძალაში? – ნეტგაზეთმა ამ კითხვით ქიბარ ხალვაშს მიმართა, თუმცა ჯერ პასუხი არ მიგვიღია. მისი ადვოკატი პაატა სალია კი ამბობს, რომ იგი სტატუსკვოს გადახედვის შესახებ საქმის კურსში არ არის, ყოველშემთხვევაში ხალვაშს მისთვის არაფერი უთქვამს.

დავით დვალი კი ამბობს, რომ თავის დროზე ხალვაშმა გამოთქვა მზადყოფნა ზემოხსენებული ზეპირი შეთანხმების წერილობითი დამოწმების შესახებ, თუმცა ასეთი რამ საბოლოო ჯამში არ გაუკეთებიათ. “ჯერ არ დამიკარგავს კაცობრიობისადმი ნდობა”. 

მასალების გადაბეჭდვის წესი