ახალი ამბები

მენაბდე: ადგილობრივი თვითმმართველობების გარანტიები უნდა გაიზარდოს

1 მარტი, 2017 • 1904
მენაბდე: ადგილობრივი თვითმმართველობების გარანტიები უნდა გაიზარდოს

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განიხილავენ შეთავაზებას, რომლის მიხედვითაც, გაიზრდება თვითმმართველობების გარანტიები.

ეს განცხადება ვახუშტი მენაბდემ საკონსტიტუციო კომისიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომის დაწყების წინ გააკეთა.

“შემოთავაზებული გვაქვს პროექტი, რომლის მიხედვითაც, იზრდება თვითმმართველობის გარანტიები. ემატება სხვადასხვა საკითხები, როგორიც არის ფინანსური, იურიდიული, კომპლექტაციის უფლებამოსილება, ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ადგილობრივი თვითმმართველობის, წარმომადგელობითი ორგანოების წევრებს უნდა მიენიჭოთ უფლება, მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს, თუ ისინი ჩათვლიან, რომ თვითმმართველობის გარანტიები იზღუდება,”- განაცხადა ვახუშტი მენაბდემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

დღეს, 1 მარტს, პარლამენტში ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა სამუშაო ჯგუფის მეორე რაუნდის სხდომა მიმდინარეობს. ჟურნალისტებისთვის სხდომა დახურულია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი