ახალი ამბები

2016 წელს პერსონალური მონაცემების დარღვევის 221 ფაქტი დაფიქსირდა

1 მარტი, 2017 • 4360
2016 წელს პერსონალური მონაცემების დარღვევის 221 ფაქტი დაფიქსირდა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი 2016 წლის ანგარიშს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, გასულ წელს სამართალდარღვევის 221 ფაქტი გამოვლინდა. 63 ორგანიზაციას დაეკისრა ჯარიმა, ხოლო 35-ს მიეცა გაფრთხილება.

ანგარიშის თანახმად, საჯარო და კერძო დაწესებულებებს დაევალათ მონაცემთა დაცვის უზრუნველსაყოფად სათანადო ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომების გატარება და ამ მიზნით გაიცა 202 მითითება და რეკომენდაცია; 47 შემთხვევაში, კანონმდებლობით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის გამო პასუხისმგებლობის დაკისრება ვერ მოხდა, ხოლო 6 შემთხვევაში, დანაშაულის ნიშნების არსებობიდან გამომდინარე, საქმე გადაეცა უფლებამოსილ სამართალდამცავ ორგანოს.

2015 წელთან შედარებით 2016-ში 3-ჯერ გაიზარდა მოქალაქეების, საჯარო და კერძო ორგანიზაციებისთვის გაწეული კონსულტაციების რაოდენობა. ასევე 2-ჯერ გაიზარდა ფიზიკური პირების განცხადებებისა და ინსპექტირების რიცხობრივი მაჩვენებელი.

ინსპექტორის ინფორმაციით, მათ მიერ განხილული 216 განცხადებიდან 121 მონაცემთა დამუშავების საფუძვლებისა და პრინციპების საკითხს უკავშირდებოდა. განცხადებების დიდი ნაწილი ეხებოდა მოქალაქეების ფინანსურ მონაცემებზე წვდომას და მათი სასესხო ვალდებულებების შესახებ ინფორმაციის მესამე პირებისთვის გამჟღავნებას, ასევე, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.

ფფ

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ცნობით, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე ზედამხედველობისას ინსპექტორმა ორეტაპიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით 47-ჯერ არ გასცა თანხმობა ფარული საგამოძიებო მოქმედებების დაწყებაზე – მონაცემთა დამუშავების საფუძვლის კანონიერების შემოწმების დროს გამოვლენილი ტექნიკური შეცდომის ან განჩინების სარეზოლუციო ნაწილში არსებული უზუსტობა/ბუნდოვანების გამო. 2015 წელთან შედარებით 28 ერთეულით გაიზარდა ინსპექტორის აპარატში შემოსული მოსამართლის განჩინებების რაოდენობა სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის შესახებ, ხოლო შუამდგომლობების რიცხვი ვადის გაგრძელების თაობაზე 6-ით არის შემცირებული.

პირდაპირი მარკეტინგის წესის დარღვევის შესწავლის მოთხოვნით ინსპექტორს 2016 წელს 48 მოქალაქემ მიმართა. აქედან გამოვლინდა დარღვევის 30 შემთხვევა, 27 შემთხვევაში დამრღვევ ორგანიზაციას დაეკისრა ჯარიმა, ხოლო 3 შემთხვევაში სანქციის შეფარდება ვერ მოხდა კანონმდებლობით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

მასალების გადაბეჭდვის წესი