ახალი ამბები

საკრებულოს დეპუტატები თბილისის მერიის სხდომაზე არ შეუშვეს

1 მარტი, 2017 • 2547
საკრებულოს დეპუტატები თბილისის მერიის სხდომაზე არ შეუშვეს

თბილისის მერიაში ქალაქის მთავრობის სხდომაზე დასასწრებად საკრებულოს ოპოზიციონერი და დამოუკიდებელი დეპუტატები მივიდნენ, თუმცა სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცეს. დაცვამ დეპუტატები შენობაში არ შეუშვა. მერიაში იმყოფება 6 დეპუტატი, რომლებიც აცხადებენ, რომ თბილისის მერთან შეკითხვები აქვთ ნაზღაიძის საქმესთან დაკავშირებით.

მოგვიანებით მომხდარს თბილისის მერია გამოეხმაურა. მერიაში აცხადებენ, რომ დეპუტატების მიერ გაკეთებული განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება – მათ მიეცათ სხდომაზე დასწრების უფლება, თუმცა ისინი თავად არ შევიდნენ სხდომაზე.

“გვინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ დეპუტატები ხელოვნურად ცდილობენ აჟიოტაჟის შექმნას. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ყველა დაინტერესებულ პირს აქვს უფლება დაესწროს დედაქალაქის მთავრობის სხდომას, თუ სხდომა წინასწარ არ არის გამოცხადებული დახურულად და, შესაბამისად, საკრებულოს წევრებსაც მიეცათ სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ დეპუტატებს თბილისის მერიისთვის სხდომაზე დასწრების მოთხოვნით წინასწარ არ მოუმართავთ, შესაბამისად, მას შემდეგ, რაც ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ საკრებულოს წევრებს სურვილი ჰქონდათ დასწრებოდნენ სხდომას, საკითხი შეთანხმდა მთავრობის წევრებთან და მათ ამის საშუალება მიეცათ.

მიუხედავად ამისა, დეპუტატები სხდომას არ დაესწრნენ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათი ქმედება მხოლოდ და მხოლოდ მედიისა და საზოგადოების წინაშე შოუს მოწყობას ემსახურებოდა.” – ნათქვამია ქალაქის მთავრობის განცხადებაში.

დავით ნარმანიას დეპუტატები ქალაქის საკრებულოშიც სთხოვდნენ მისვლას, თუმცა მერმა ამაზე უარი განაცხადა.

24 თებერვალს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მხარი არ დაუჭირა დადგენილების გაუქმებას, რომლის ძალითაც მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმას, ზვიად ნაზღაიძეს სანდრო ეულის ქუჩაზე მიწის ნაკვეთი და ასი ათასობით ლარი გადაეცა.

საკრებულოს 29 წევრმა მხარი არ დაუჭირა გადაწყვეტილების გაუქმებას, ხოლო 13- მა წევრმა მხარი დაუჭირა. ერთმა თავი შეიკავა.

დადგენილება, რომელიც საკრებულომ 2016 წლის 23 დეკებერს მიიღო, შეეხება ზვიად ნაზღაიძისთვის სანდრო ეულის ქუჩაზე 5001 კვადრატული მეტრის ფართობის მიწის ნაკვეთისა და 455 800 ლარის თანხის გადაცემას, რაც მთლიანობაში 971 260 ლარს აღწევს, ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე 1642 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ, რომელიც 2015 წლის ვერეს სტიქიის დროს დაზიანდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი