ახალი ამბები

“მოამბის” 13 ჟურნალისტიდან ხელშეკრულება მხოლოდ ლაშა მესხს არ გაუგრძელეს

28 თებერვალი, 2017 • 3728
“მოამბის” 13 ჟურნალისტიდან ხელშეკრულება მხოლოდ ლაშა მესხს არ გაუგრძელეს

“მოამბის” ჟურნალისტსა და მედიის პროფკავშირების ხელმძღვანელ ლაშა მესხს, რომელსაც საზოგადოებრივ მაუწყებელში კონტრაქტი ამოეწურა, ხელშეკრულება აღარ გაუგრძელეს. აღსანიშნავია, რომ ლაშა მესხს “მოამბის” 12 ჟურნალისტთან ერთად გასულ თვეს ერთთვიანი კონტრაქტი შესთავაზეს, თუმცა ახლა ხელშეკრულება მხოლოდ მას არ გაუგრძელდა:

“დღეს მოხდა ის, რასაც პრინციპში ველოდი. 13-1, ტელევიზიას ვტოვებ მხოლოდ მე, ყოველგვარი ობიექტური მიზეზის გარეშე”, – წერს ლაშა მესხი ფეისბუკზე.

საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი გვიმრაძე ნეტგაზეთთან საუბარში ადასტურებს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ კონტრაქტი მხოლოდ მესხს არ გაუგრძელეს:

 

“მე მასაც ვუთხარი და, ცხადია, ეს დასამალი არ არის. მე მას ვუთხარი, რომ მასთან თანამშრომლობის გაგრძელების შესაძლებლობას ვერ ვხედავ და ასევე ვურჩიე, რომ საქმიანობის სფერო შეიცვალოს იმიტომ, რომ როგორც ჟურნალისტს, ასევე ვერ ვხედავ. იდეაში შემიძლია საერთოდ განმარტების გარეშე დავტოვო ეს ყველაფერი იმიტომ, რომ კონტრაქტს ვადა გაუვიდა და შემიძლია საერთოდ არაფერი ვთქვა, მაგრამ ეს არის, რაც მას ვუთხარი”, – ამბობს გვიმრძე.

რას გულისხმობს ამაში და რატომ ვერ ხედავს თანამშრომლობის გაგრძელების საშუალებას? – გვიმრაძე ასე გვპასუხობს: “თვითონ თუ დაფიქრდება როდესმე, ალბათ, მიხვდება”.

 

“ეს არის იერიში არა მხოლოდ პირადად ჩემზე, არამედ მაუწყებლის დარგობრივ პროფკავშირზე, განსხვავებულ აზრზე და იმ პროტესტზე, რასაც წინა წლის მაისიდან ყველა ერთად ვახორციელებდით. მაუწყებელს ვტოვებ, მაგრამ ამ ბრძოლიდან გამარჯვებამდე არ გავალ”, – ახადებს ლაშა მესხი და ხვალ, 14 საათისათვის, ტელევიზიის შენობასთან პრესკონფერენციას აანონსებს:

“თუ ვინმეს სჯერა, რომ მე პროფკავშირული ნიშნით შემიძლია ვდევნიდე ლაშა მესხს, დაიჯეროს იმან, მაგრამ მე ნებისმიერ პროფკავშირთან მზად ვარ, ვითანამშრომლო, იქნება ეს ჩვენი შიდა თუ გარე, იმისათვის, რომ თანამშრომლები [უფლებები იყოს დაცული] იყვნენ კმაყოფილები”, – აცხადებს გიორგი გვიმრაძე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი