ახალი ამბები

პროკურატურის მოწმე: მეუფე პეტრე არც ერთ ფარულ ჩანაწერში არ ფიგურირებს

28 თებერვალი, 2017 • 1918
პროკურატურის მოწმე: მეუფე პეტრე არც ერთ ფარულ ჩანაწერში არ ფიგურირებს

“ციანიდის საქმის არც ერთ ფარულ ჩანაწერში მიტროპოლიტი პეტრე არ ფიგურირებს”, – ეს განცხადება ტელეკომპანია “პირველის” ეთერში ინგა გრიგოლიას საავტორო გადაცემაში “რეაქცია” პროკურატურის მოწმემ, ირაკლი მამალაძემ გააკეთა.

“შესაბამისად, მის წინააღმდეგ ვერავითარი საქმე ვერ შეიკერება”, – თქვა ირაკლი მამალაძემ.

მიტროპოლიტმა პეტრემ პროკურატურაში დაკითხვის დაწყებამდე რუსთავი 2–ს სატელეფონო მიმოწერის ფოტომასალა გადასცა, რომლის მიხედვითაც, უცნობი პირი პროცესებისგან გარიდებას ურჩევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიმოწერის მიხედვით, შესაძლოა ყველაფერი პეტრე ცაავას გადააბრალონ.

როგორც მიმოწერიდან ირკვევა, მიტროპოლიტ პეტრეს მოუწოდებენ, საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გაერიდოს და თავი შეიკავოს მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძის დაცვისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიმოწერის მიხედვით, ისე ააწყობენ საქმეს, რომ მიტროპოლიტს გაწირავენ და ყველაფერს გადააბრალებენ.

“აი, რა მომწერა კიდევ: არ ვიცი, თვითონ თუ შეთანხმდნენ ასე პატრიარქთან და დიმიტრისთან, მაშინ სხვა საქმეა, მაგრამ, მე ვფიქრობ, დიმიტრიც წირავს. ძალიან სერიოზული კვანძი მოხლართეს. ვერ მოგწერ დეტალებს. ყველაფერი უნდათ, პეტრეს შეახოცონ. ძალიან მძიმე მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს,” –  სწერს უცნობი პირი მიტროპოლიტ პეტრეს.

ჭყონდიდის მიტროპოლიტი მას პასუხობს, რომ არ აპირებს პროცესებისგან ჩამოშორებას, რადგან “ნეტარ არიან მართალნი და სიმართლისთვის დევნილნი.” პეტრე ცაავა მიმოწერის ბოლოს აღნიშნავს, რომ “ეკლესიას სჭირდება მართალი და პრინციპული ადამიანები და არა…”

მიტროპოლიტ პეტრეს პროკურატურაში დაბარების შესახებ ინფორმაცია დღეს გახდა ცნობილი. მღვდელმთავარი მთავარ პროკურატურაში 15:00 საათზე მივიდა. როგორც მიტროპოლიტმა განაცხადა, მამა გიორგის უდანაშაულობის პრეზუმფციის და სხვა უფლებების დარღვევიდან გამომდინარე, რასაც ხედავს, პროკურატურა ნდობას არ იმსახურებს. მღვდელმთავარი ასევე ამბობს, თუ პროკურატურა მას გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე სთხოვს ხელის მოწერას, არ დათანხმდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი