ახალი ამბები

მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ამბობს, რომ ემუქრებიან

28 თებერვალი, 2017 • 11096
მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ამბობს, რომ ემუქრებიან

მიტროპოლიტმა პეტრემ პროკურატურაში დაკითხვის დაწყებამდე რუსთავი 2–ს სატელეფონო მიმოწერის ფოტომასალა გადასცა, რომლის მიხედვითაც, უცნობი პირი პროცესებისგან გარიდებას ურჩევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიმოწერის მიხედვით, შესაძლოა ყველაფერი პეტრე ცაავას გადააბრალონ.

როგორც მიმოწერიდან ირკვევა, მიტროპოლიტ პეტრეს მოუწოდებენ, საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გაერიდოს და თავი შეიკავოს მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძის დაცვისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიმოწერის მიხედვით, ისე ააწყობენ საქმეს, რომ მიტროპოლიტს გაწირავენ და ყველაფერს გადააბრალებენ.

“აი, რა მომწერა კიდევ: არ ვიცი, თვითონ თუ შეთანხმდნენ ასე პატრიარქთან და დიმიტრისთან, მაშინ სხვა საქმეა, მაგრამ მე ვფიქრობ, დიმიტრიც წირავს. ძალიან სერიოზული კვანძი მოხლართეს. ვერ მოგწერ დეტალებს. ყველაფერი უნდათ, პეტრეს შეახოცონ. ძალიან მძიმე მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს,” –  სწერს უცნობი პირი მიტროპოლიტ პეტრეს.

ჭყონდიდის მიტროპოლიტი მას პასუხობს, რომ არ აპირებს პროცესებისგან ჩამოშორებას, რადგან “ნეტარ არიან მართალნი და სიმართლისთვის დევნილნი.” პეტრე ცაავა მიმოწერის ბოლოს აღნიშნავს, რომ “ეკლესიას სჭირდება მართალი და პრინციპული ადამიანები და არა…”

მიტროპოლიტ პეტრეს პროკურატურაში დაბარების შესახებ ინფორმაცია დღეს გახდა ცნობილი. მღვდელმთავარი მთავარ პროკურატურაში 15:00 საათზე მივიდა. როგორც მიტროპოლიტმა განაცხადა, მამა გიორგის უდანაშაულობის პრეზუმფციის და სხვა უფლებების დარღვევიდან გამომდინარე, რასაც ხედავს, პროკურატურა ნდობას არ იმსახურებს. მღვდელმთავარი ასევე ამბობს, რომ თუ პროკურატურა მას გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე სთხოვს ხელის მოწერას, არ დათანხმდება.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს მთავარმა პროკურატურამ დააკავა მკვლელობის მომზადების ბრალდებით. იგი ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება, თუმცა საქმის დეტალები და მტკიცებულებები პროკურატურას ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია. ადვოკატის ინფორმაციით, საბრალდებო დასკვნაში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზე. პროკურატურა იუწყება, რომ დეკანოზი აეროპორტში დააკავეს, როდესაც ბერლინში მიფრინავდა, სადაც პატრიარქი მის თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა და მის ბარგში მომწამლავი ნივთიერება ციანიდი აღმოაჩინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი