ახალი ამბები

ნაზღაიძის საქმეზე არასამთავრობოებს საკრებულოში ინფორმაცია მიაწოდეს

1 მარტი, 2017 • 1780
ნაზღაიძის საქმეზე არასამთავრობოებს საკრებულოში ინფორმაცია მიაწოდეს

28 თებერვალს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციები და დამოუკიდებელი დეპუტატები ნაზღაიძის საქმეზე არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდნენ.

საკრებულოს წევრებმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს უთხრეს, რომ მაშინ, როცა ივნისის სტიქიით დაზარალებული ოჯახების ნაწილს კვლავ პრობლემა აქვს ზიანის ანაზღაურების მიღებაზე, მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმას, ზვიად ნაზღაიძეს წესის დარღვევით მისცეს ანაზღაურება ნაკვეთზე, რომელიც სტიქიის დროს არც ეკუთვნოდა.

საკრებულოს წევრმა თამაზ შოშიაშვილმა განაცხადა, რომ არასამთავრობოებს უნდა მიაწოდონ ინფორმაცია, თუ როგორ ცუდად მუშაობს თბილისის მერია.

ეს შეხვედრები გაგრძელდება არასამთავრობო სექტორთან და სახელმწიფო უწყებებთან, ამბობს დეპუტატი.

შოშიაშვილის თქმით, არასამთავრობოებს მიაწვდიან ინფორმაციას იმ მილიონ ლართან დაკავშირებით, რომელიც უკანონოდ გაფლანგა თბილისის მერიამ.

,,თბილისის საკრებულოს სხდომამ ვერ მოგვცა შედეგი, იქ არ იყო დებატები, იყო აგრესია, მხოლოდ კენჭისყრა და ხელის გადაგრეხით საკითხის დამტკიცება,” – განაცხადა თამაზ შოშიაშვილმა.

საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის წერილი, რომელიც გამოქვეყნდა რამდენიმე ხნის წინ, იყო ნაჩქარევი.

,,ამ საკითხმა გაგვაერთიანა აბსოლუტურად განსხვავებული შეხედულებების მქონე ხალხი და ფრაქციები. ეს იმდენად მყვირალა და ხელის გულზე დადებული კორუფციული სქემაა, შეუძლებელია, პოლიტიკურ განსხვავებულობას მიექცეს ყურადღება. ამ სქემის ავტორი უნდა დაისაჯოს,” – ამბობს ალეკო ელისაშვილი.

დეპუტატის თქმით, მათ უნდათ არასამთავრობოებს აუხსნან, რატომ არის ეს კორუფციული სქემა.

ელისაშვილი დარწმუნებულია, რომ ამის შემდეგ არასამთავრობოები განცხადებებში მათ მიერ გადაცემულ ინფორმაციებს დაეყრდნობიან. დეპუტატის თქმით, არასამთავრობოების ნაწილის ეს განცხადება ეფუძნებოდა ზვიად ჩოხელის დოკუმენტებს და არ იყო იქ გათვალისწინებული საჯარო რეესტრის მონაცემები, რომლითაც ჩანს, რომ სტიქიის დროს ზვიად ნაზღაიძე სტიქიის ზონაში ნაკვეთს არ ფლობდა.

,,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” წარმომადგენელმა ოლიკო შერმადინმა განაცხადა, რომ აღნიშნული განცხადების მიზანი არ ყოფილა ის, რომ ემტკიცებინათ საკრებულოს დადგენილების კანონიერება, არამედ ის, რომ განეცხადებინათ, მოსამართლე არ გამხდარიყო დაუსაბუთებელი ბრალდებების მსხვერპლი.

,,ჩვენ მიერ შესწავლილი დოკუმენტაცია, მათ შორის ისიც, რაც გაჟღერდა საჯაროდ, დამატებითი დოკუმენტები რაც ჩვენ მოგვაწოდეს, არ იძლეოდა ამის მტკიცების საშუალებას. ჩვენი განცხადების მიზანი იყო, რომ დაგვეცვა სასამართლოს ინტერესი,” – განაცხადა ოლიკო შერმადინმა.

შერმადინმა აღნიშნა, რომ ამ განცხადებაში მიუღებლად მიიჩნიეს ის გარემოება, რომ მერია არ მიდიოდა საკრებულოში კითხვების საპასუხოდ.

,,თითქმის ყველა დოკუმენტი, რაც იყო წარმოდგენილი, ჩვენც გვქონდა შესწავლილი. თუ თქვენი სურვილი იქნება, გამოგვიგზავნეთ დამატებით, თუმცა ჩვენ მიგვაჩნია, რომ კითხვების ნაწილზე, რაც აქ გაჟღერდა, შესაძლოა არსებობდეს პასუხები. თუმცა ნაწილი არის ლეგიტიმური და ამ ეტაპზე ბუნდოვანია, გარკვეული ტრანზაქციები რატომ შესრულდა. ცალსახად არ დასტურდება აქ კორუფციული გარიგების არსებობა,” – უთხრა შერმადინმა საკრებულოს წევრებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის”, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს”, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მინიტორინგის ცენტრის”, „ღია საზოგადოება საქართველოს”, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“, „ადამიანის უფლებათა ცენტრის” წარმომადგენლები.

განცხადება, რომელზეც იყო საუბარი, გაავრცელეს ზეზოთ ჩამოთვლილმა ორგანიზაციებმა, გარდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა. განცხადებას ასევე ხელს აწერდნენ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR), „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, „სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) და „სამოქალაქო განვითარების სააგენტო“.

განცხადებაში ეწერა, რომ „წარმოდგენილი დოკუმენტაცია ობიექტურ დამკვირვებელს არ მისცემს საფუძველს, მტკიცებით ფორმაში დაასკვნას, რომ ნატა ნაზღაიძის ოჯახის მიერ სტიქიის შედეგად დაზარალებული ნაკვეთის საკომპენსაციოდ ერთ მილიონ ლარამდე თანხა ქრთამის სახით იქნა მიღებული“.

მასალების გადაბეჭდვის წესი