ახალი ამბები

ბურჯანაძე: პარლამენტს კიდევ ერთხელ მოუწევს ფარულ მოსმენებზე კანონპროექტის მომზადება

28 თებერვალი, 2017 • 2966
ბურჯანაძე: პარლამენტს კიდევ ერთხელ მოუწევს ფარულ მოსმენებზე კანონპროექტის მომზადება

იმისათვის, რომ ფარული მოსმენისთვის საჭირო ე.წ. გასაღები სუს-ის ხელში არ იყოს, “ეს შენ გეხებას” წევრი ორგანიზაციები წინააღმდეგობის რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ.

ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველოს” ადამიანის უფლებათა პროგრამის მენეჯერის, გიორგი ბურჯანაძის განცხადებით, “ეს შენ გეხება” განიხილავს, როგორც საერთაშორისო ბერკეტების გამოყენებას, ისე საკონსტიტუციო სასამართლოსა და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთვის მიმართვას.

“თუ სტრასბურგის სასამართლო ქონებრივ დავას განიხილავს, მაშინ საჭიროა ზიანის მიყენების დადასტურება, მაგრამ როცა საკითხი პირადი ცხოვრების თავისუფლების ჭრილში ფარულ მოსმენას ეხება, სასამართლო არ აფასებს იმას, თუ რამდენად მოგვადგა ზიანი. აქ ამოსავალი წერტილი ის არის, რომ შეიძლება ფარულად გვისმენდნენ და ჩვენ ამის შესახებ არ ვიცოდეთ. ასე რომ, აქ ზიანის დადასტურებას არ გვთხოვს,” – აღნიშნავს ბურჯანაძე.

მისივე განმარტებით, თუ ევროსასამართლო დაადგენს, რომ დარღვევა მოხდა, შემდეგ მინისტრთა კომიტეტი ჩაერთვება გადაწყვეტილების აღსრულებაში და ზედამხედველობას გაუწევს გადაწყვეტილების შესრულებას.

“ეს შენ გეხება” საერთაშორისო ბერკეტების გამოყენებასაც გეგმავს.

“პირველ ეტაპზე შეიძლება, საერთაშორისო ორგანიზაციებთან გავმართოთ კონსულტაციები და სხვა გზებით ვცადოთ ხელისუფლებაზე კანონიერი ზეწოლის მოხდენა. ერთ-ერთი ბერკეტი არის საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა, რაც ჩვენ გამოვიყენეთ და რის ალტერნატივასაც განვიხილავთ,” – ამბობს ბურჯანაძე.

ბურჯანაძის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობას კიდევ ერთხელ მოუწევს კანონპროექტის მომზადება:

“საპარლამენტო უმრავლესობას კიდევ ერთხელ მოუწევს კანონპროექტის მომზადება. არსებული პროექტი არ არის საბოლოო. პროექტი არის ხარვეზიანი, ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტს ვერ პასუხობს და შეცვლა მოუწევთ. არსებული პროექტი ისეთივე კანონია, როგორიც დღეს გვაქვს და არასკონტიტუციურად არის ცნობილი. გარანტიების თვალსაზრისით უარესიც კი არის. ”

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, 1 მარტს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება. სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.  განკარგულების მიხედვით, სხდომაზე მხოლოდ ერთ საკითხს, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონპროექტს განიხილავენ და მესამე მოსმენით უყრიან კენჭს.

24 თებერვალს პარლამენტმა მეორე მოსმენით განიხილა და 84  ხმით 5-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს.

ცვლილებების მიხედვით,  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომლის ხელშიც იქნება ფარული მიყურადებისთვის საჭირო ე.წ. გასაღები. პროექტით,  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – “საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს” ხელმძღვანელი საკუთარ მოადგილეებს თვითონ დანიშნავს, ხოლო სააგენტოს დებულებას პრემიერ-მინისტრი დაამტკიცებს.

სახალხო დამცველის განცხადებით, თუ პარლამენტი ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონპროექტში არსებულ ხარვეზებს  არ გაასწორებს, შესაძლოა, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმეორედ მიმართოს.

კამპანია “ეს შენ გეხებას” საკონსტიტუციო სარჩელი სასამართლომ 2016 წლის 14 აპრილს დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ ფარული მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციურია.

გადაწყვეტილებაში წერია, რომ ფარული მიყურადებით მონაცემები არ უნდა მოიპოვოს და შეინახოს ისეთმა უწყებამ, რომელიც დაინტერესებულია ამ ინფორმაციის გაცნობით.

“… მაიდენტიფიცირებელი მონაცემების (მეტადატის) კოპირება და შენახვა ისეთი უწყების მიერ, რომელსაც მინიჭებული აქვს გამოძიების ფუნქცია, ან არის პროფესიულად დაინტერესებული ამ ინფორმაციის გაცნობით, ქმნის პირად ცხოვრებაში ჩარევის მომეტებულ საფრთხეს,”- ვკითხულობთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.  სასამართლომ პარლამენტს კანონის შესაცვლელად ვადა 2017 წლის 31 მარტამდე მისცა.

„ეს შენ გეხებას“ წევრები თვლიან, რომ თუკი უმრავლესობა მხარს დაუჭერს იურიდიული კომიტეტის მიერ წარმოდგენილ მოდელს, ხელისუფლება შეუსრულებელს დატოვებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. კანონის დამტკიცების შემთხვევაში ისინი  სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი