ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ნორა კვიციანი გაამართლა

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, 28 თებერვალს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ნორა არღვლიანის (კვიციანი) მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.

პროკურატურის ცნობით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილების შემდეგ, ამავე კოდექსის 310-ე მუხლის “ზ1” ქვეპუნქტის საფუძველზე, 2016 წლის 17 ნოემბერს ახალმა დეპარტამენტმა მსჯავრდებულ ნორა არღვლიანის მიმართ განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე აღნიშნულ საქმეებზე ჩატარდა ხელახალ გამოძიება, რის შედეგადაც სრულად გამოირიცხა მისი მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

“კერძოდ, გამოძიებით დადგინდა, რომ ნორა არღვლიანს სამართალდამცავებმა თავისუფლება აღუკვეთეს უკანონოდ და მას ბრალდება წარუდგინეს ყალბი მტკიცებულებების საფუძველზე.” – აცხადებენ პროკურატურაში.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 2006 წლის 25 ივლისს, კოდორში განვითარებული მოვლენების დროს, ბატალიონ „მონადირის“ ხელმძღვანელის, ემზარ კვიციანის და მისი თანამებრძოლების დაკავების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული დანაყოფები შევიდნენ კოდორის ხეობაში, სადაც ნათესავებთან ერთად იმყოფებოდა ემზარ კვიციანის და ნორა არღვლიანი, რომელსაც არანაირი წინააღმდეგობა სამართალდამცავებისთვის არ გაუწევია. მიუხედავად ამისა, ნორა არღვლიანის, ადგილობრივი მოსახლეობის და კოდორისგან ჩამოცილების და გაქცეულ ემზარ კვიციანზე ზემოქმედების მოხდენის მიზნით, სამართალდამცავებმა გადაწყვიტეს ნორა არღვლიანის დაკავება.

“კოდორის ხეობის დაკავებიდან მეორე დღეს, 27 ივლისს, შს სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს ნორა არღვლიანს და ყოველგვარი დაკავების ოქმის შევსების და სამართლებრივი პროცედურების დაცვის გარეშე, მისი უფლებების უხეში დარღვევით, იგი გადაიყვანეს თბილისში მოდულის შენობაში და მხოლოდ 29 ივლისს, მისი შეპყრობიდან 2 დღის შემდეგ, დაიწყეს ყალბი მტკიცებულებების შექმნით პროცესების სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევა.

კერძოდ, სამართალდამცავების ოფიციალური ვერსიით, ნორა არღვლიანის დაკავება თითქოს მოხდა 29 ივლისს, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ამოღების შემდეგ. მაშინ, როდესაც ახალი გამოძიებით დადგინდა, რომ ნორა არღვლიანის საცხოვრებელ ბინაში არანაირი ჩხრეკა არ ჩატარებულა, ჩხრეკაში მონაწილე სამართალდამცავები კოდორის ხეობაში საერთოდ არ ყოფილან და კოდორის ხეობაში მათი შესვლისას მისი საცხოვრებელი სახლი ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან სიტუაციის მართვის შტაბად გამოიყენებოდა, ნორა არღვლიანი კი უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილი მოდულის შენობაში ჰყავდათ გადაყვანილი.

ნორა არღვლიანის ბრალდების დამძიმების და მისთვის მძიმე სასჯელის დაკისრების მიზნით, მას ასევე წარუდგინეს მითვისების ცრუ ბრალდება, თითქოს 2005 წელს მან ჰუმანიტარული საქონელი, ნაცვლად სოფელ ჩხალთის მოსახლეობისთვის დარიგებისა, თავად მიითვისა, ასევე, თითქოს იგი მოუწოდებდა ბატალიონ ,,მონადირის“ წევრებს, არ დამორჩილებოდნენ ცენტრალურ ხელისუფლებას. აღნიშნული ბრალდებები სრულად იქნა გამორიცხული ახალი გამოძიებით და დადასტურდა ნორა არღვლიანის უდანაშაულობა წარდგენილ ბრალდებებში. ცრუ ბრალდების საფუძველზე ნორა არღვლიანმა საპატიმრო დაწესებულებაში 6 წელი გაატარა და მისი გათავისუფლება მხოლოდ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2012 წლის ნოემბერში მოხერხდა.”- აცხადებენ პროკურატურაში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებული სამივე ეპიზოდში გაამართლა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი