ახალი ამბები

ბესელია: მცირემიწიანი ქვეყანა ვართ და ეროვნული ინტერესების შესაბამისი რეგულაციები გვჭირდება

28 თებერვალი, 2017 • 2515
ბესელია: მცირემიწიანი ქვეყანა ვართ და ეროვნული ინტერესების შესაბამისი რეგულაციები გვჭირდება

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, უმრავლესობა ფიქრობს ისეთი რეგულაციების შემოღებაზე, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისებას დაარეგულირებს.

ამის შესახებ განცხადება ეკა ბესელიამ საკონსტიტუციო კომისიის ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომის დაწყების წინ გააკეთა.

ამავე სხდომის დაწყების წინ ლეიბორისტმა გიორგი გუგავამ განაცხადა, რომ კონსტიტუციით უნდა აიკრძალოს უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისება. მის განცხადებით, ეს საკითხი უკვე დაყენებულია საკონსტიტუციო კომისიის წინაშე.

ბესელიას კონკრეტულად არ უსაუბრია, რა ტიპის რეგულაციების შემოღება იგეგმება.

“საბოლოოდ ჩვენ ამ საკითხზეც შევჯერდებით იმიტომ, რომ შიდა დისკუსია დაწყებული გვაქვს, ასევე გვაქვს სამუშაო პროცესი ამ კანონთან დაკავშირებით. გარკვეული გადახედვა არსებული მოდელის მოგვიწევს, იმიტომ, რომ ეს საკითხი უკავშირდება უსაფრთხოების თემას, საქართველო არ არის უხვმიწიანი ქვეყანა, ჩვენ მცირემიწიანი ქვეყანა ვართ და გვჭირდება ისეთი რეგულაციების შემოღება, რომელიც ჩვენს ეროვნულ, სახელმწიფოებრივ ინტერესებს შეესაბამება. ამ მხრივ გარკვეული გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევს,”- განაცხდა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ამ ინიციატივასთან დაკავშირებით “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” საპარლამენტო მდივანმა, ლიკა საჯაიამ განაცხადა, რომ საინტერესო იქნება, მოისმინონ არგუმენტები, რატომ არ შეიძლება უცხოელს სასოფლო-სამეურნეო მიწის ყიდვის უფლება ჰქონდეს:

“თუკი არგუმენტები იქნება დაუსაბუთებელი და მხოლოდ და მხოლოდ იმ არგუმენტს მივიღებთ, რომ ქართული მიწა არის ქართველების, ეს, რა თქმა უნდა, ვერ იქნება მისაღები იმიტომ, რომ ეს მიწა რჩება საქართელოში. ბიზნესმენი, რომელიც ამ მიწას დაამუშავებს, გაკონტროლდება საქართელოს კანონმდებლობით, ამიტომ ვერანაირი რისკებს ვერ ვხედავთ იმაში, რომ უცხოელი ფლობდეს სასოფლო-სამეურნეო მიწას,”- განაცხადა ლიკა საჯაიამ.

დღეს, 28 თებერვალს, პარლამენტში საკონსტიტუციო კომისიის ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფის მეორე რაუნდის სხდომა მიმდინარეობს. ეკა ბესელიას თქმით, დღეს უნდა შეჯერდნენ და დაინახონ, რამდენი ვერსია იქნება წარმოდგენილი კონსტიტუციის კონკრეტულ მუხლებთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი