ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

გაეროს გენერალური მდივანი ყარაბაღის საკითხზე მხარეებს მოლაპარაკებების აღდგენისკენ მოუწოდებს

28 თებერვალი, 2017 • 1964
გაეროს გენერალური მდივანი ყარაბაღის საკითხზე მხარეებს მოლაპარაკებების აღდგენისკენ მოუწოდებს

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სიტუაციის გამწვავებას ეხმაურება და დაპირისპირებულ მხარეებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დაცვასა და საგნობრივი მოალაპარაკებების აღდგენისკენ მოუწოდებს.

ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სიტუაცია განსაკუთრებით გამწვავდა 2017 წლის 25 თებერვლის ღამეს. აზერბაიჯანის მხარე აცხადებს, რომ სომეხი სამხედროების თავდასხმა თავიანთ ტერიტორიაზე მოიგერიეს. შედეგად, აზერბაიჯანის მხრიდან ხუთი ჯარისკაცი დაიღუპა. სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის მხარეების ვერსიით კი, დივერსიის მოწყობას აზერბაიჯანული მხარე ცდილობდა.

ეუთოს [OSCE – ეუთოს მინსკის ჯგუფი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაზე 1992 წლიდან მუშაობს] ინფორმაციით, დაღუპული სამხედროების ცხედრები ნეიტრალურ ტერიტორიაზე აღმოაჩინეს და არა აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებად პოზიციებზე. ცხედრების გადასვენება აზერბაიჯანში საერთაშორისო შუამავლების მონაწილეობით განხორციელდა.

სომხურ მხარეს დაღუპულთა შესახებ ოფიციალური ცნობა არ გაუვრცელებია.

კონფლიქტის ზონაში მოწინაღმდეგე პოზიციებიდან სროლა ყოველდღიურ ხასიათს ატარებს. ამის მიუხედავად,  მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სიტუაცია 2016 წლის აპრილის შემდეგ [2016 წლის აპრილში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო დაპირისპირება 4 დღით გამწვავდა, რა დროსაც ათეულობით სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა] ამ დრომდე არ გამწვავებულა, თუმცა პროგნოზირება, თუ რამდენად შეიძლება სიტუაცია კიდევ უფრო გართულდეს და ომის სახე მიიღოს, რთულია.

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი