ახალი ამბები

რა უშლის ხელს “ენერგეტიკულ გაერთიანებაში” წევრობაზე ოქმის რატიფიკაციას

28 თებერვალი, 2017 • 3845
რა უშლის ხელს “ენერგეტიკულ გაერთიანებაში” წევრობაზე ოქმის რატიფიკაციას

თითქმის ხუთი თვის წინ საქართველომ ხელი მოაწერა შეთანხმებას “ენერგეტიკულ გაერთიანებაში” გაწევრიანების შესახებ, თუმცა, დარგის სპეციალისტების არაერთი თხოვნის მიუხედავად, პარლამენტის მიერ აღნიშნული დოკუმენტის რატიფიკაცია დღემდე არ/ვერ მოხერხდა.

27 თებერვალს ანალიტიკური ცენტრის “მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” (WEG) ორგანიზებით, გაიმართა კონფერენცია, სადაც “ენერგეტიკული გაერთიანების” მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოში ენერგეტიკული რეფორმების ხელშეწყობის შესახებ იმსჯელეს. ღონისძიებას, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების სპეციალისტების გარდა, ესწრებოდნენ ენერგეტიკისა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები, ასევე, სემეკის თავმჯდომარე და სხვა ოფიციალური პირები.

კონფერენციის მიზანი იყო საქართველოს ენერგეტიკული სექტორის მზაობის შეფასება “ენერგეტიკულ გაერთიანებაში” წევრობისა და რეფორმირების კუთხით. საქართველომ ხელი მოაწერა შეთანხმებას “ენერგეტიკულ გაერთიანებაში” გაწევრიანების შესახებ და აღნიშნული დოკუმენტი პარლამენტის მხრიდან რატიფიკაციას ელის.

მესამე სექტორის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ უახლოეს პერიოდში პარლამენტი აღნიშნული დოკუმენტის რატიფიკაცის მოახდენს. პროცესში ჩართული დაინტერესებული მხარეები შეთანხმდნენ კოორდინირებულ მუშაობაზე და მომავალი თანამშრომლობის გეგმები დასახეს.

ევროინტეგრაციის და საერთაშორისო კანონმდებლობის საკითხებში WEG-ის სპეციალისტის, თამარ წურწუმიას თქმით, მიზეზი, თუ რატომ არ დაწყებულა აქამდე ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ევროკავშირის კანონმდებლობის იმპლემენტაცია, არის ის, რომ საქართველო არის განსაკუთრებული შემთხვევა “ენერგეტიკული გაერთიანების” სამართლებრივი სივრცის ფარგლებში:

“ვინაიდან ის ფიზიკურად არ არის დაკავშირებული თვითონ ბაზართან. ანუ ენერგორესურსებით ვაჭრობა, განსხვავებით სხვა სფეროებისგან, მოითხოვს ფიქსირებულ ინფრასტრუქტურას და ამ ინფრასტრუქტურის მეშვეობით ხდება პრაქტიკულად ენერგორესურსებით ვაჭრობა. შესაბამისად, ის წარმოადგენს იზოლირებულ ბაზარს და სწორედ ეს პერიოდი დასჭირდა იმას, რომ ჩვენ რაღაც განსხვავებული მიდგომები გამოგვენახა, თუ როგორ შეიძლებოდა საქართველოს ბაზარზე ევროსტანდარტების იმპლემენტაცია. ანუ, პირობებზე მიმდინარეობდა მოლაპარაკებები.”

როგორც წურწუმია ამბობს, პირველ რიგში, საქართველოს პარლამენტმა უნდა მოახდინოს გაწერილი ოქმის რატიფიკაცია და დაიწყოს მთელი რიგი ძირეული რეფორმების განხორციელება.

“ეს მოითხოვს სამთავრობო, არასამთავრობო სექტორების წარმომადგენლებისა და მთელ რიგ დაინტერესებულ მხარეებს შორის კოორდინაციას: სამოქმედო გეგმების, სტრატეგიების ჩამოყალიბება–განვითარებას… მოკლედ, ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი,” – ამბობს თამარ წურწუმია.

WEG-ის დამფუძნებელი, მურმან მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ გაერთიანების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად საქართველოს ენერგეტიკას ესაჭიროება რიგი რეფორმებისა, რომელიც შეეხება ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ბაზარს, ენერგოეფექტურობას, განახლებად ენერგიას, ენერგოუსაფრთხოებას და ინფორმაციის გამჭვირვალობას. მისი თქმით, საბოლოო ჯამში, ეს უზრუნველყოფს სტაბილურ და გამჭვირვალე საინვესტიციო გარემოს, მომხმარებელთა დაცვის მაღალ სტანდარტებს და ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების მაღალ დონეს.

ნეტგაზეთის კითხვაზე, თუ რატომ ვერ მოხერხდა აქამდე დოკუმენტის იმპლემენტაცია და რა არის რეფორმის მთავარი დაბრკოლება, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი პასუხობს, რომ რეფორმები საკმაოდ მტკივნეული და კომპლექსური პროცესია. მისი თქმით, ყველას არ მოსწონს რეფორმა იმიტომ, რომ რეფორმის მთავარი ამოცანაა, დაინტერესებული მხარეების ინტერესების დაბალანსება მოხერხდეს.

“ზოგ შემთხვევაში ერთი მხარის ინტერესი შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს მეორე მხარის ინტერესებს; სწორი ენერგეტიკული პოლიტიკის განხორციელების ამოცანა სწორედ ამ ინტერესების დაბალანსებაში მდგომარეობს. სწორედ იმ გადაწყვეტილებით, რომ “ენერგეტიკულ გაერთანებაში” საქართველო გაწევრიანდეს, გვაძლევს საშუალებას, ის გამოცდილება და პრაქტიკა, რომლებმაც გარკვეულწილად აქცია ეს მოდელი წარმატებულად, ჩვენთანაც დიდი შეცდომების გარეშე გადმოვიტანოთ და განვახორციელოთ. ვფიქრობ, რომ შედეგი ყველასთვის მისაღები იქნება,” – ამბობს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე.

მარიამ ვალიშვილის თქმით, ენერგეტიკის სამინისტრო პარლამენტში უახლოეს მომავალში სამართლებრივ–იურიდიული პაკეტის შეტანას გეგმავს, რომელზეც შემდგომ უნდა დაიწყოს განხილვები საკომიტეტო და პერიოდულ სხდომებზე:

“ალბათ, დაჩქარებული წესით მოხდება ამის განხორციელება იმიტომ, რომ საკმაოდ დიდი ხანია დოკუმენტზე ვმუშაობთ; ჯერ კიდევ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერიდან მოყოლებული მიდის იმის მიზანშეწონილობაზე საუბრები, თუ რა სარგებლიანობა მოაქვს “ენერგეტიკულ გაერთიანებაში” გაწევრიანებას. ვფიქრობ, პარლამენტიც საკმაოდ მომზადებულია იმისთვის, რომ ევროინტეგრაციის მიმართულებით, სექტორულ ნაწილშიც ეს ნაბიჯი გადაიდგას და პოლიტიკური ნებაც ძალიან მაღალია. ჩემი აზრით, პარლამენტი უმოკლეს ვადებში ეფექტურად მოახდენს დოკუმენტის რატიფიკაციას. შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ, პარლამენტში სხვადასხვა დაინტერესებულ უწყებებთან მსჯელობაში ჩავერთოთ – შესაბამისად, კითხვებზე პასუხი იქნება თუ დისკუსია, მივიღოთ მონაწილეობა.”

კონფერენცია: ენერგეტიკული რეფორმების ხელშეწყობა საქართველოში – ენერგეტიკული გაერთიანების მოთხოვნების შესაბამისად

ენერგეტიკული რეფორმების ხელშეწყობა საქართველოში – ენერგეტიკული გაერთიანების მოთხოვნების შესაბამისად. 27.02.2017. ფოტო: ლონდა ბერია

კონფერენციის ფარგლებში განიხილეს ენერგეტიკაში არსებული მდგომარეობა და რეფორმირების ძირითადი დაბრკოლებები, ასევე მიმდინარე ღონისძიებები და ენერგეტიკული გაერთიანების წევრი ქვეყნების გამოცდილება ენერგეტიკულ რეფორმებში. ასევე, ისაუბრეს დაინტერესებული მხარეთა და განსაკუთრებით სამოქალაქო საზოგადოების როლის შესახებ რეფორმების მხარდაჭერაში.

კონფერენციის დასასრულს გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ასევე, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის მონაწილე მხარეებმა.

ანალიტიკური ცენტრი WEG მიიჩნევს, რომ ენერგეტიკის სექტორი ერთადერთია, რომელსაც არ დაუწყია „ასოცირების შესახებ შეთანხმებით“ გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება საქართველოში, ვინაიდან 2014 წლიდან მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ევროკომისიასთან „ენერგეტიკულ გაერთიანების“ ფარგლებში ამ ვალდებულებების შესრულების ვადებთან დაკავშირებით.

2016 წლის 14 ოქტომბერს ქალაქ სარაევოში ხელი მოეწერა ოქმს ენერგეტიკულ გაერთიანებასთან საქართველოს შეერთების შესახებ, თუმცა ამჟამად დღის წესრიგში პარლამენტის მიერ ამ ოქმის რატიფიკაციის საკითხი დგას. გაწევრიანების პროტოკოლის მიხედვით, საქართველო ვალდებულებას იღებს, დანერგოს 16 დირექტივა და 3 რეგულაცია ბუნებრივი გაზის, ელექტროენერგიის, კონკურენციის, განახლებადი ენერგიის, ენერგოეფექტურობის, გარემოს დაცვისა და სტატისტიკის სფეროებში.

“საერთაშორისო გამოცდილება საქართველოსთვის” ინფორმაციით, ზოგიერთი მნიშვნელოვანი დირექტივა 2018 წლისთვის უკვე დანერგილი უნდა იყოს, რისთვისაც შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება და ორგანიზაციული პირობების შექმნაა საჭირო. WEG-ის ცნობით, ჯერჯერობით არ არსებობს სამოქმედო გეგმა რითაც სექტორის ორგანიზაციებმა უნდა იხელმძღვანელონ რეფორმის პროცესში. ამიტომ, როგორც ანალიტიკურ ცენტრში ამბობენ, აუცილებელია, გაწევრიანების ფორმალური პროცედურა დასრულდეს უახლოეს ვადაში  და დაიწყოს სამუშაო პროცესი.

WEG-ის შეფასებით, ენერგეტიკის დარგში დღეს არსებული ვითარება უხარისხო კანონმდებლობით, გაუმჭვირვალე, ცენტრალიზებული მართვით და კონტროლის მექანიზმების ნაკლებობით აფერხებს ევროინტეგრაციის პროცესს:

“არ არსებობს მდგრადი, რაციონალური და გრძელვადიან შედეგზე ორიენტირებული სტრატეგია, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაზრდა, მოქალაქეთა გრძელვადიანი ინტერესების დაცვა. გრძელვადიანი დაგეგმვის და სახელმძღვანელო სტრატეგიული დოკუმენტების არარსებობის გამო გადაწყვეტილების მიღების პროცესი ნაკლებად ხარისხიანია; ვერ ხორციელდება საპარლამენტო და საზოგადოებრივი კონტროლი. მოუმზადებლები და დაუცველები ვართ სხვა ქვეყნებთან თუ კერძო ინვესტორებთან მოლაპარაკებებში.”

ანალიტიკური ცენტრის განცხადებით, საზოგადოების ნაკლები გაცნობიერება და ჩართულობა ხელს უწყობს პოპულისტურ პოლიტიკას, რაც მოკლევადიანი შიდაპოლიტიკური სარგებლის მისაღწევად ვნებს გრძელვადიან ინტერესებს.

WEG-ის დამფუძნებლის, მურმან მარგველაშვილის თქმით, აუცილებელია საზოგადოების და პოლიტიკოსთა კვალიფიციური და აქტიური თანამონაწილეობა რეფორმების პროცესში: “ასევე, ევროკავშირის ენერგეტიკული კანონმდებლობის სიღრმისეული შესწავლა, რათა ხელი შეეწყოს ქვეყნის სპეციფიკის გათვალისწინებით, სექტორის მდგრადი განვითარებისათვის აუცილებელი გრძელვადიანი სტრატეგიის  შემუშავებას.”

კონფერენციაში მონაწილე მხარეები შეთანხმდნენ, რომ რეფორმების პროცესში კანონმდებლობის დახვეწა/შემუშავებაში მონაწილეობა უნდა მიიღოს ყველა დაინტერესებულმა მხარემ, რომელთაც შეეძლებათ იმსჯელონ სხვადასხვა მიდგომაზე და იპოვონ საუკეთესო ბალანსი მომხმარებლებისა და ბაზრის მოთამაშეების ინტერესებს შორის. ამისათვის კი აუცილებელია შესაბამისი ცოდნა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, გამჭირვალე გარემო.

ამავდროულად, როგორც კონფერენციის მონაწილეები მიიჩნევენ, რეფორმების შეფასების მიზნით, აუცილებელია ძლიერი მონიტორინგისა და კონტროლის მექანიზმის არსებობა, რაც მოითხოვს სპეციალისტების, ენერგეტიკის სექტორში მომუშავე ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოებისა და  ჟურნალისტების ერთიან ძალისხმევას.

მასალების გადაბეჭდვის წესი