ახალი ამბები

ადვოკატი: დეკანოზ მამალაძის დაკითხვა, სავარაუდოდ, დღეს დასრულდება

27 თებერვალი, 2017 • 4181
ადვოკატი: დეკანოზ მამალაძის დაკითხვა, სავარაუდოდ, დღეს დასრულდება

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების თქმით, დაკითხვის პროცესი, სავარაუდოდ, დღეს დასრულდება. ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, დაკითხვა “ძალიან სამართლიან და ნორმალურ მდგომარეობაში” მიმდინარეობს. მამალაძის დაკითხვა დაახლოებით 4 საათი გრძელდებოდა და ადვოკატის თქმით, ერთსაათიანი შესვენების შემდეგ ისევ განახლდება.

“იმედია, დღეს უკვე დასრულდება. დაკითხვა მიმდინარეობს ძალიან სამართლიან და ნორმალურ მდგომარეობაში. მამა გიორგი აბსოლუტურად ყველაფერზე, რაც დაიწყო, სრულყოფილად იძლევა ჩვენებას და აბსოლუტურად ყველა კოთხვაზე არის პასუხი. წინ კიდევ მთელ რიგ კითხვებზეა პასუხი გასაცემი. იმედია, დღეს უნდა დავამთავროთ. მერწმუნეთ, პროკურატურაც ბევრ კითხვებს სვამს და არანაირი შეზღუდვები არ მიმდინარეობს ამ თემაზე,” – ამბობს რამიშვილი.

მეორე ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას განცხადებით, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ჩვენების მიცემისას რამდენიმე სახელი და გვარი დაასახელა.

დღეს, 27 თებერვალს, მატროსოვის ციხეში პროკურორი დაკავებულ დეკანოზს, გიორგი მამალაძეს დაკითხავს. პროკურორი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 11:00 საათზე მივიდა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს მთავარმა პროკურატურამ დააკავა მკვლელობის მომზადების ბრალდებით. იგი ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება, თუმცა საქმის დეტალები და მტკიცებულებები პროკურატურას ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია. ადვოკატის ინფორმაციით, საბრალდებო დასკვნაში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზე. პროკურატურა იუწყება, რომ დეკანოზი აეროპორტში დააკავეს, როდესაც ბერლინში მიფრინავდა, სადაც პატრიარქი მის თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა და მის ბარგში მომწამლავი ნივთიერება ციანიდი აღმოაჩინეს.

დეკანოზი თავდაპირველად დუმილის უფლებით სარგებლობდა, თუმცა 21 თებერვალს განაცხადა, რომ მზადაა მისცეს ჩვენება. პროკურატურა მასთან დღეს, 27 თებერვალს მივიდა დასაკითხად.

მასალების გადაბეჭდვის წესი