ახალი ამბები

გიორგი გოგაძე: შესაძლებელია, სოსო ოხანაშვილის დაკითხვა კიდევ გახდეს საჭირო

27 თებერვალი, 2017 • 7270
გიორგი გოგაძე: შესაძლებელია, სოსო ოხანაშვილის დაკითხვა კიდევ გახდეს საჭირო

საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის, გიორგი გოგაძის განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმეზე პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის დაკითხვა, შესაძლოა, კიდევ გახდეს საჭირო.

“გამოძიების ფარგლებში სოსო ოხანაშვილი მოწმის სტატუსით ერთხელ უკვე დაიკითხა. შესაძლებელია, კიდევ გახდეს მისი დაკითხვა საჭირო, თუ ჩვენთვის საინტერესო კონკრეტული გარემოებები, საკითხები გამოიკვეთება, ყველა ამ საკითხზე შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ და შევისწავლით,” – აღნიშნა გოგაძემ.

მისივე თქმით, გამოძიების პროცესში არავის დაკავებაა გამორიცხული:

“ზოგადად, ვლაპარაკობ, არ ვგულისხმობ ბატონ სოსო ოხანაშვილს. გამოძიების პროცესში ვერავის დაკავებას გამორიცხავ. გამოძიება ისეთი პროცესია, რომ წინასწარ ვერაფერს იტყვი ვინმეს გამორიცხვაზე. თუ კონკრეტული მტკიცებულებები იქნება ვინმეს მიმართ, რომ ბრალი მიუძღვის კონკრეტული დანაშაულის ჩადენაში, მის მიმართ გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

26 თებერვალს სოსო ოხანაშვილმა “რუსთავი 2”-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ახლაც არის მცდელობები, რამენაირად მოხდეს მისი ამ საქმესთან დაკავშირება. ოხანაშვილი მის დაკავებას არ გამორიცხავს:

“დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ეს გეგმა იმდენად მძიმე შეიძლება იყოს, რომ მე არაფერს გამოვრიცხავ.
ხელი მაქვს მოწერილი გაუთქმელობაზე. დავიკითხე და მითხრეს, რომ თუ საჭირო გახდა, კიდევ დაგიძახებთო. მე ვთქვი, რა თქმა უნდა, რამდენჯერაც საჭირო გახდება. ჩემი და ყველას ვალია, დავეხმაროთ გამოძიებას, რომ ამ დილემიდან, ჩიხიდან გამოვიდეს და ნათელი მოეჰფინოს ყველაფერს”.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს მთავარმა პროკურატურამ დააკავა მკვლელობის მომზადების ბრალდებით. იგი ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება, თუმცა საქმის დეტალები და მტკიცებულებები პროკურატურას ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია. ადვოკატის ინფორმაციით, საბრალდებო დასკვნაში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაზე. პროკურატურა იუწყება, რომ დეკანოზი აეროპორტში დააკავეს, როდესაც ბერლინში მიფრინავდა, სადაც პატრიარქი მის თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა და მის ბარგში მომწამლავი ნივთიერება ციანიდი აღმოაჩინეს.

დეკანოზი თავდაპირველად დუმილის უფლებით სარგებლობდა, თუმცა 21 თებერვალს განაცხადა, რომ მზადაა მისცეს ჩვენება, მაგრამ ამის შემდეგ მისი დაკითხვისთვის პროკურატურას აღარ მიუმართავს ბრალდებულის ადვოკატისთვის. დეკანოზი დღეს, 27 თებერვალს დაიკითხება.

მასალების გადაბეჭდვის წესი