ახალი ამბები

ციხელაშვილი: რუსეთ-საქართველო-სომხეთის რკინიგზის აღდგენის საკითხი არ განიხილება

27 თებერვალი, 2017 • 3442
ციხელაშვილი: რუსეთ-საქართველო-სომხეთის რკინიგზის აღდგენის საკითხი არ განიხილება

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთი ციხელაშვილი ამბობს, რომ აფხაზეთზე გამავალი რუსეთ–საქართველო–სომხეთის სარკინიგზო მაგისტრალის გახსნის საკითხი არ განიხილება.

“ეს საკითხი არ განიხილება, არ დგას დღის წესრიგში. ამ დღეებში ძალიან ბევრი ინტერპრეტაცია მიეცა, გაუგებარი მიზეზებით. ვფიქრობ, ძალიან ცალსახა განცხადებები გაკეთდა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც განიხილებოდა რკინიგზის საკითხზე, ასეთი  მოლაპარაკებები არ ყოფილა და არც მიმდინარეობს”, – განაცხადა ქეთი ციხელაშვილმა.

დღეს, 2017 წლის 27 თებერვალს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა ნიკა რურუამ განაცხადა, რომ საქართველოში სომხეთის პრემიერის ვიზიტის შემდეგ, “საფუძვლიანი ეჭვი გაჩნდა, რომ მან და კვირიკაშვილმა აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზე ისაუბრეს. ეჭვს საფუძვლიანს ხდის აღნიშნულთან დაკავშირებით  კარაპეტიანის მკაფიო განცხადებაც, რაც შემდგომ სომხურმა და რუსულმა მედიამაც დაადასტურა და აღნიშნა, რომ ლარსის ალტერნატიული ეკონომიკური გზა გაიხსნება”.

ენმ-ში მიიჩნევენ, რომ “აფხაზეთის რკინიგზის გახსნა ეროვნული ინტერესების ღია ღალატია და დაუშვებელია, როგორც მტრული ნაბიჯი, რომელიც მხოლოდ რუსებს, სეპარატისტებს ახეირებს. ამასთან, გაგვიფუჭებს ეკონომიკურ მდგომარეობას, რადგან დაასუსტებს ტვირთბრუნვას ფოთის პორტში და გაგვიფუჭებს ურთიერთობას აზერბაიჯანთან”.

ამავე საკითხზე განცხადება გააკეთა დღეს ,,მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს’’ წევრმა სერგი კაპანაძემ:

,,ჩვენ, ბოლო წლებია ძალიან აქტიურად ვადევნებთ თვალ-ყურს. როგორც წესი, ინფორმაცია ე.წ აფხაზურ რკინიგზაზე ვრცელდება ხოლმე რუსულ და სომხურ პრესაში და იქ არის ხოლმე იმაზე საუბარი, რომ გარკვეული მოლაპარაკებები მიმდინარეობს ქართულ მხარესთან. ქართული მხარე კი როგორც წესი, ამაზე უარს ამბობს და არ აღიარებს, რომ მსგავსი მოლაპარაკებები მიმდინარეობს. პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ არ გვაქვს მექანიზმები, რომ ეს გადავამოწმოთ და ხშირად ის ინფორმაცია, რომელიც მოდის სხვადასხვა წყაროებიდან არის ხოლმე ძალიან საგანგაშო. გვინდა, რომ პასუხი გაგვცეს ხელისუფლებამ”.

2013 წლის აპრილში საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ რუსეთ–საქართველო–სომხეთის სარკინიგზო მაგისტრალი, რომელიც აფხაზეთზეც გადის, პერსპექტივაში აუცილებლად გაიხსნება. როგორც პრემიერმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ნებისმიერი ახალი გზა ურთიერთობების განახლების თვალსაზრისით დამატებით საშუალებებს ქმნის.

ზემოხსენებული სარკინიგზო ხაზის აღდგენის შესაძლებლობაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა. აღნიშნული რკინიგზის განახლებას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეწინააღმდეგებოდა და მას კრემლის პროექტად მიიჩნევდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი