ახალი ამბები

პოლიტპატიმრების საკითხის განხილვა პარლამენტში გადაიდო

21 ნოემბერი, 2012 • • 1343
პოლიტპატიმრების საკითხის განხილვა პარლამენტში გადაიდო

დადგენილების პროექტი და სია პარლამენტს ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ წარუდგინა. 

 

ეკა ბესელიას განცხადებით, აღნიშნულ სიაზე არასამთავრობო ორგანიზაციათა ჯგუფმა 2 კვირის განმავლობაში იმუშავა და შედეგად გადაწყდა, რომ 185 პირს მიენიჭოს პოლიტპატიმრის, ხოლო 22–ს პოლიტიკური დევნილის სტატუსი. ბესელიას თქმით, კომისიაში გაცილებით ბევრი პატიმრის საქმე იყო განსახილველად წარმოდგენილი, თუმცა სხვადასხვა დოკუმენტების მოუძიებლობის გამო მათი შესწავლა ბოლომდე ვერ მოხერხდა. იმის გამო, რომ უფრო სრულყოფილი გახდეს პოლიტპატიმართა სია, ბესელია საკითხის განხილვის გადადების წინადადებით გამოვიდა, რასაც პარლამენტართა უმრავლესობა დაეთანხმა.

 

ეკა ბესელიას თქმით, აღნიშნული სიის დამტკიცების შემდეგ მიმართავს პარლამენტს, რათა მიღებული იქნას კანონი  აღნიშნულ პირთა ამნისტიის შესახებ, ეს კი მათი პატიმრობიდან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი გახდება.  

“ჩვენ მივიღეთ სამართლიანი გადაწყვეტილება და სამუშაო ჯგუფს მიეცეს დამატებითი ვადა სამუშაოდ იმ საქმეებისთვის, რომლებიც ნაწილობრივ არის შესწავლილი და საჭიროა დამატებითი დრო. ეს სია ვერ იქნება ამომწურავი. ამიტომ არ ვამბობთ, რომ პოლიტპატიმრები ზუსტად ამ რაოდენობის არიან”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ და ამჟამად საპარლამენტო უმცირესობის წევრმა დავით საყვარელიძემ ეკა ბესელიას სთხოვა იმ კონკრეტული ორგანიზაციების დასახელება, რომლებიც კონკრეტული პატიმრების გათავისუფლებას ლობირებენ. პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა საყვარელიძეს განუმარტა, რომ ბესელიას არც ერთი პროცედურა არ ავალდებულებს ამის გაკეთებას და თუ თავად დეპუტატი ფლობს რაიმე ინფორმაციას, ამის წარმოდგენა თავისუფლად შეუძლია.

 

სამუშაო ჯგუფში, რომელიც პოლიტპატიმართა სიაზე მუშაობდა, თავდაპირველად “საია” და “კონსტიტუციის 42–ე მუხლიც” შედიოდნენ, თუმცა მათ ეს ჯგუფი დატოვეს. მათი განცხადებით: “სამუშაო ფორმატი და ვადები არ იძლევა საკითხის საფუძვლიანად შესწავლის შესაძლებლობას”. 

 

კითხვები ასევე გააჩინა იმ საკთხმა, თუ რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით მიიჩნიეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ადამიანის უფლებათა კომიტეტმა პოლიტპატიმრად 185 და პოლიტდევნილად 22 პატიმარი.

 

 თბილისის ჰელსინკის ჯგუფის სახელით სამუშაო ჯგუფს პოლიტპატიმართა სია გადასცა ნანა კაკაბაძემ. მისი განცხადებით,  პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭებისას სამუშაო ჯგუფი დაეყრდნო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2012 წლის 3 ოქტომბრის რეზოლუცია #1900–ს, რომელიც განსაზღვრავს პოლიტიკურ პატიმრად პირის მიჩნევის კრიტერიუმებს.

 

აღნიშნული რეზოლუციის მიხედვით, პირი შეიძლება მიჩნეულ იქნას პატიმრად(ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის” მიერ შესრულებული  არაოფიციალური თარგმანი):

 

“ა. თუ დაკავება მოხდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციასა და მისი ოქმებში მოყვანილი ფუნდამენტური გარანტიების დარღვევით, კერძოდ, აზრის, სინდისის და რელიგიის თავისუფლება; გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლება; და შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება.

 

ბ. თუ დაკავება მოხდა წმიდა პოლიტიკურ მიზნების გამო და არ იყო დაკავშირებული რაიმე დარღვევასთან;

 

გ. თუ პოლიტიკური მოტივით დაკავების ხანგრძლივობა და მისი პირობები იმ დანაშაულის აშკარად არაპროპორციულია, რომლის ჩადენაში პიროვნება ბრალდებულ იქნა ან ეჭვმიტანილია;

დ. თუ პოლიტიკური მოტივით განხორციელებული დაკავება დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებს სხვა პირებთან შედარებით;  

ე. თუ დაკავება აშკარად სამართლიანობას მოკლებული სასამართლოს განხილვის შედეგია და დაკავშირებულია ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივებთან”.

 

ამავე რეზოლუციის მეოთხე პუნქტში წერია: “ტერიტორისტული დანაშაულისათვის თავისუფლებააღკვეთილი პირები არ უნდა განიხილებოდნენ პოლიტიკურ პატიმრებად, თუ ისინი გასამართლებული და პატიმრობამისჯილ იქნენ ამგვარი დანაშაულებისათვის, რომლებსაც ითვალისწინებს ეროვნული კანონმდებლობა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია (ETS No. 5)”.

 

მიუხედავად ამისა, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პოლიტპატიმრად მიჩნეულთა სიაში შედის ტერორიზმის ბრალდებით გასამართლებული რამდენიმე პირის საქმე(ე.წ. კოჭოიას საქმე): დავით კეკუტია, გოჩა ხურცილავა, გოდერძი არქანია, მამუკა შონია, მერაბ ყოლბაია, ლაშა არქანია, მალხაზ არქანია

 

ნანა კაკაბაძის მოსაზრებით, აღნიშნული პირები არ არიან გასამართლებული სამართლიანი სასამართლოს მიერ და, შესაბამისად, ისინი სრულად აკმაყოფილებენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის #1900 რეზოლუციის კრიტერიუმებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი