ახალი ამბები

პროტოპრესვიტერი: პატრიარქის ბეჭედი და ფაქსიმილე არ დაკარგულა

27 თებერვალი, 2017 • 10070
პროტოპრესვიტერი: პატრიარქის ბეჭედი და ფაქსიმილე არ დაკარგულა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე აცხადებს, რომ პატრიარქის არც ბეჭედი დაკარგულა და არც ფაქსიმილე.

“პატრიარქს აქვს ბეჭედი, რომელიც უშუალოდ მას აქვს და არავის აქვს უფლება ამ ბეჭედზე, და ამ ბეჭედს პატრიარქი იყენებს ქონებრივი საკითხების გადსაწყვეტად, ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებით პატრიარქი იყენებს ამ ბეჭედს, რომელზეც ხელი არავის მიუწვდება.

რაც შეეხება ფაქსიმილეს, როდესაც პატრიარქი მიემგზავრება ვიზიტებში, იმყოფება სხვადასხვა ქვეყანაში, იქნება ეს ოფიციალური ვიზიტი თუ მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ვიზიტები, ასეთ შემთხვევაში ფაქსიმილე არის საპატრიარქოში. ვერავინ შეძლებს გამოიყენოს პატრიარქის ფაქსიმილე პატრიარქის ლოცვა-კურთხევის გარეშე. ხშირად გარდაუვალი აუცილებლობა იჩენს თავს, რომ პატრიარქი იმყოფება გერმანიაში, აქ გადაწყვეტილების მიღება არის საჭირო. აუცილებელია, პატრიარქის ხელმოწერა და მხოლოდ და მხოლოდ პატრიარქთან შეთანხმებით, მისი ლოცვა-კურთხევით შეიძლება, რომელიმე პირს მიეცეს უფლება, რომ მან გამოიყენოს პატრიარქის ფაქსიმილე. არც ფაქსიმილე და არც პატრიარქის ბეჭედი დაკარგული არ არის”, – განაცხადა პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ ტელეკომპანია “იმედთან” საუბარში.

უფრო ადრე კი “იმედმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ პატრიარქის ბეჭედი და ფაქსიმილე დაიკარგა იმ დროს, როდესაც ილია მეორე ბერლინში სამკურნალოდ იმყოფებოდა. “იმედის” ცნობით, სწორედ ამ პერიოდში, 9 თებერვალს, ილია მეორის ფაქსიმილეთი დამოწმდა ზუგდიდის და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს (შარაშენიძის) გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის მღვდელმთავრად დანიშვნა. პროტოპრესვიტერის ცნობით, ეს დანიშვნა შეთანხმებული იყო პატრიარქთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი