ახალი ამბები

შსს-ში არ ადასტურებენ, რომ ოხანაშვილმა პატრიარქის დაცვის უფროსის პოსტი დატოვა

27 თებერვალი, 2017 • 2323
შსს-ში არ ადასტურებენ, რომ ოხანაშვილმა პატრიარქის დაცვის უფროსის პოსტი დატოვა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ამ დრომდე საქართველოს საპატრიარქოს უსაფრთხოებისა და ქონების დაცვის სამმართველოს უფროსის პოსტს სოსო ოხანაშვილი იკავებს. ეს სამმართველო შსს-ს სსიპ-ის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შემადგენლობაშია.

“ოხანაშვილი ოფიციალურად ისევ რჩება ამ პოზიციაზე და ისე, ზეპირსიტყვიერად რას ამბობენ, ამაზე ვერაფერს ვიტყვით,” – განუცხადეს ნეტგაზეთს შსს-ში.

სამინისტროს პრესსამსახურში განმარტავენ, რომ თანამდებობიდან გათავისუფლებისთვის აუცილებელია, სოსო ოხანაშვილმა პატაკით მიმართოს მის ზემდგომს, სამინისტროში კი ამბობენ, რომ ოხანაშვილს ასეთი პატაკი ამ დრომდე არ დაუწერია.

შეგახსენებთ, რომ სოსო ოხანაშვილმა გუშინ, 26 თებერვალს “რუსთავი 2”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ უკვე ესაუბრა პატრიარქს და აღარ იკავებს უსაფრთხოების სამსახურის პოსტს. გუშინვე რუსთავი 2-მა განაცხადა, რომ ოხანაშვილი ამ პოსტზე მისმა მოადგილემ, ზურაბ ბუჩუკურმა შეცვალა. თუმცა, შსს-ს ცნობით, ამ დრომდე კვლავ ოხანაშვილი ხელმძღვანელობს პატრიარქის დაცვის სამსახურს.

მასალების გადაბეჭდვის წესი