ახალი ამბები

საკუთარი ქონება მხოლოდ ორმა მინისტრმა გაასაჯაროვა

21 ნოემბერი, 2012 • 1225
საკუთარი ქონება მხოლოდ ორმა მინისტრმა გაასაჯაროვა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, დეკლარაციის მიხედვით, საცხოვრებელ ბინას (110 კვ.მ) ფლობს თბილისში, გლდანის მე-2 მიკრორაიონში, ასევე, მსუბუქ ავტომანქანას – Nissan Tiida (2008 წ.). მიწის ნაკვეთი (2000 კვ.მ) გორის მუნიციპალიტეტში კი  მამამისის სახელზეა.

 

დეკლარაციის მიხედვით, რომელიც გასული წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, ხადურის ოჯახში, რომელიც 7 წევრისგან შედგება, მხოლოდ ამჟამინდელი ფინანსთა მინისტრი იყო დასაქმებული, ხოლო მისი მშობლები კი პენსიონერები არიან. ამ პერიოდში ხადურს ანაზღაურების სახით, ჯამში, 52 ათასი ლარი აქვს მიღებული. აქედან 42 ათასი, როგორც თსუ-ს სრულ პროფესორს და 10 ათასი, როგორც “ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრის” მკვლევარს.

 

ნოდარ ხადური საკუთარ დეკლარაციაში მიუთითებს, რომ მის საბანკო ანგარიშებზე 5 300 ლარია, ნაშთის სახით, ასევე ფლობს ფულად თანხას – 20 ათასი აშშ დოლარის ოდენობით.

 

იმ შემთხვევაში, თუკი ფინანსთა მინისტრი აღნიშნული სამუშაოს შესრულებისთვის მხოლოდ ხელფასს მიიღებს და უარს იტყვის წინა მთავრობის მიერ დანერგილ პრაქტიკაზე, როდესაც ყოველთვიურად გაიცემოდა თანამდებობის პირების უმრავლესობაზე პრემიები, ნოდარ ხადურის წლიური შემოსავალი მხოლოდ 42 480 ლარი იქნება, რადგან მინისტრის თვიური ანაზღაურება განსაზღვრულია 3540 ლარით. თუმცა ხადურის წინამორბედმა დიმიტრი გვინდაძემ, როგორც მისი დეკლარაციიდან ირკვევა, გასულ წელს მხოლოდ 6 თვეში გამოიმუშავა  52 778 ლარი ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე გაწეული სამუშაოსთვის (გვინდაძე ფინანსთა მინისტრად გასული წლის ივნისში დაინიშნა).

 

კიდევ ერთი მინისტრი, რომელმაც უკვე მოახდინა საკუთარი ქონების დეკლარირება დავით ნარმანიაა – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი. დეკლარაციის მიხედვით, ნარმანიას საკუთრებაშია საცხოვრებელი ბინა (97 კვ.მ) თბილისში, ბერბუთის ქუჩაზე და მიწის ნაკვეთი (5000 კვ.მ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში. იგი ასევე ფლობს მსუბუქ ავტომანქანას – Mercedes Benz, C 180 (2002 წ.).

 

დეკლარაციის მიხედვით, გასული წლის მანძილზე მან შემოსავლის სახით, ჯამში, მიიღო 75 944 ლარი. აქედან 22 238 ლარი, როგორც თსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა, 16 477 ლარი – როგორც კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა, 13 940 ლარი – როგორც საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში მიწვეულმა პროფესორმა და 22 287 ლარი – როგორც კონსულტანტმა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტებში.

 

ნარმანიას დეკლარაციაში სხვა შემოსავალიც აქვს მითითებული, კერძოდ – 5 520 ევრო სტიპენდიის სახით და 4 000 ევრო – სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციიდან.

 

დეკლარაციაში მინისტრი მიუთითებს, რომ საბანკო ანგარიშებზე ნაშთის სახით ფლობს 2 960 ლარს და 1 500 ევროს, ასევე, ფულად თანხას – 12 ათასი აშშ დოლარის ოდენობით. დავით ნარმანიას დეკლარაციიდან ირკვევა, რომ გასულ წელს მისმა გასავალმა შეადგინა 24 ათასი აშშ დოლარი ბინათმშენებლობის ხელშეკრულების ფარგლებში, კერძოდ, ბინის აშენების მიზნით, რომლის მთლიან ღირებულებად მითითებული აქვს 84 450 აშშ დოლარი.

 

ნარმანიას წინამორბედმა მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა, რომელიც ამჟამად საპარლამენტო უმცირესობის წევრია, გასულ წელს მინისტრის თანამდებობაზე საქმიანობისთვის შემოსავლის სახით მიიღო 109 740 ლარი მაშინ, როცა პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულის მიხედვით, საქართველოს მინისტრის თანამდებობრივი სარგო განსაზღვრულია 3540 ლარით, ანუ წელიწადში 42 480 ლარით.

მასალების გადაბეჭდვის წესი