ახალი ამბები

ომბუდსმენი მოსმენების შესახებ კანონის სასამართლოში გასაჩივრებას არ გამორიცხავს

27 თებერვალი, 2017 • 1706
ომბუდსმენი მოსმენების შესახებ კანონის  სასამართლოში გასაჩივრებას არ გამორიცხავს

სახალხო დამცველის განცხადებით, თუ პარლამენტი ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონპროექტში არსებულ ხარვეზებს  არ გაასწორებს, შესაძლოა, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმეორედ მიმართოს.

უჩა ნანუაშვილის თქმით, პროექტში მთელი რიგი ხარვეზებია და რჩება რისკი, რომ  სამართალდამცავმა ორგანოებმა მოქალაქეების უკანონო მოსმენა გააგრძელონ:

“ჩვენ კონსულტაციებს გავაგრძელებთ, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებთან. გასულ წელსაც ჩვენ ვიყავით საკონსტიტუციო სარჩელის ინიციატორები. არ გამოვრიცხავ, რომ ამ გზით სვლა გაგრძელდეს და შესაძლებელია, საკონსტიტუციო სასამართლოს კიდევ მივმართოთ. გამორიცხული არაა, რომ მეორე წრეზე წავიდეთ, რადგან სხვა შესაძლებლობას ეს გადაწყვეტილება არ იძლევა.”

24 თებერვალს პარლამენტმა მეორე მოსმენით განიხილა და 84  ხმით 5-ის წინააღმდეგ  მხარი დაუჭირა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს.

ცვლილებების მიხედვით,  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომლის ხელშიც იქნება ფარული მიყურადებისთვის საჭირო ე.წ. გასაღები. პროექტით,  საჯარო სამართლის იურიდიული პირის – “საქართვლოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს” ხელმძღვანელი საკუთარ მოადგილეებს თვითონ დანიშნავს, ხოლო სააგენტოს დებულებას პრემიერ-მინისტრი დაამტკიცებს.

კამპანია “ეს შენ გეხებას” საკონსტიტუციო სარჩელი სასამართლომ 2016 წლის 14 აპრილს დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ ფარული მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციურია.

გადაწყვეტილებაში წერია, რომ ფარული მიყურადებით მონაცემები არ უნდა მოიპოვოს და შეინახოს ისეთმა უწყებამ, რომელიც დაინტერესებულია ამ ინფორმაციის გაცნობით.

“… მაიდენტიფიცირებელი მონაცემების (მეტადატის) კოპირება და შენახვა ისეთი უწყების მიერ, რომელსაც მინიჭებული აქვს გამოძიების ფუნქცია, ან არის პროფესიულად დაინტერესებული ამ ინფორმაციის გაცნობით, ქმნის პირად ცხოვრებაში ჩარევის მომეტებულ საფრთხეს,”- ვკითხულობთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

სასამართლომ პარლამენტს კანონის შესაცვლელად ვადა 2017 წლის 31 მარტამდე მისცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი