მიტროპოლიტი პეტრე

მიტროპოლიტი პეტრე: ბასილ კობახიძე უსამართლობის მსხვერპლი აღმოჩნდა

ჭყონდიდის ეპისკოპოსმა მეუფე პეტრემ, რომელიც ბოლო პერიოდში მწვავედ აკრიტიკებს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის მდივანს, შორენა თეთრუაშვილს, ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე კიდევ ერთხელ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ისაუბრა.

მან დღეს საზოგადოებას ე.წ. ციანიდის საქმის შესახებ განსხვავებული სურათი მიაწოდა და თეთრუაშვილის კრიტიკასთან ერთად საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე   გიორგი ანდრიაძე გააკრიტიკა.

გადაცემა “იმედის დროს” წამყვანის კითხვაზე, “როგორ აპირებთ მუშაობას სინოდში მარტო”, მიტროპოლიტმა უპასუხა:

“გამონაკლისები მსოფლიო ეკლესიის ისტორიაში ხშირად ყოფილა, მთავარია მართალი სიტყვა.  მე მჯერა, რომ მეუფეები, რომლებიც არ არიან გარკვეული სიმართლეში, გაერკვევიან და დაიჭერენ სიმართლის მხარეს”. ამის შემდეგ მან თეთრუაშვილსა და ანდრიაძეზე ისაუბრა და ბასილ კობაიძეც ახსენა, როგორც “მსხვერპლი”.

“უწია ფაქტობრუვად მათ [საპატრიარქოს]  ცოდვამ, რომ ერთი მართალი, განათლებული, პრინციპული ადამიანი, დეკანოზ ბასილ კობახიძის სახით, ასეთი უსამართლობის მსხვერპლი აღმოჩნდა. დაბრკოლდა, განიმოსა და შეწყვიტა ღვთისმსახურება”.

მიტროპოლიტ პეტრეს თქმით, იგივე მოწოდება ისმის მის მიმართაც, რაც იყო ბასილ კობახიძის მიმართ:

“რა თქმა უნდა, არ გამოვა. მე ვუპასუხებდი, რომ დღეს, როგორც არასდროს, როგორც პეტრე, ისე ყველა, უნდა დავდგეთ ფეხზე, რომ დამთავრდეს საპატრიარქოში ასეთი ინტრიგნული, ქაოსური მმართველობა”.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ მოუწევს  წმინდა სინოდის დატოვება, მეუფე პეტრემ უპასუხა:

“მე ვარ სინოდის წევრი, წმინდა სინოდი უნდა შეიკრიბოს და მომხრე ვარ და არაერთხელ მითქვამს, სინოდალური საეკლესიო სასამართლო აღსდგეს და ამ სინოდზე იქნეს ჩემი საკითხი განხილული. ამის გარდა, ჩვენ გვაქვს საეკლესიო, დიდი გაერთიანებული კრება, რომელიც აუცილებლად უნდა იქნეს მოწვეული, და, რა თქმა უნდა, მე მზად ვარ, თამარისეული პრინციპით მივუდგეთ, რომ მხილება დაიწყოს, ჩემით დაიწყოს”, – ამბობს მიტროპოლიტი და დასძენს: – “ვიქნები ბედნიერი, თუკი საქართველოში ჯანსაღი პროცესები დაიწყება, გამოსწორების პროცესები დაიწყება და მე ვიქნები პირველი მსხვერპლი”.

ბასილ კობახიძეზე,  ყოფილ მართლმადიდებელ მღვდელზე, რომელსაც მიტროპოლიტი პეტრე ახლა ახსენებს,   მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი ისე მსჯელობდა, რომ დეკანოზ კობახიძეს არც იწვევდნენ დასაწრებად.  “იმედის” ჟურნალისტს არ უკითხავს მეუფე პეტრესთვის, ესწრებოდა თუ არა ამ სხდომებს ეპისკოპოსის რანგში და როგორი იყო მაშინ მისი პოზიცია.

ბასილ კობახიძე, რომელსაც  ბოლო წლებში  ღვთისმახურების შესაძლებლობასაც კი არ აძლევდნენ,  2006 წელს იძულებული გახდა დაეტოვებინა მღვდლობა. “მესიზმრება კიდეც, რომ ვმსახურობ. ძალიან ცუდ დღეში ვარ ფსიქოლოგიურად იმიტომ, რომ ეკლესიაში როცა მივედი, 18 წლის ვიყავი და ამის მეტი არაფერი არ ვიცი.” – ეუბნება ის რადიო “თავისუფლებას” 2003 წელს მიცემულ ინტერვიუში.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი